weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

უნდა გადაამოწმოთ არის თუ არა აფგან მუხთარლი ჟურნალისტი - ჯეჯელავა

14:53 ოთხშაბათი, 31 მაისი 2017

„ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის ჟურნალისტი იყო, უნდა გადაამოწმოთ. არის ვერსია, რომ ის რადიო „თავისუფლების“ დაცვის თანამშრომელია. გამოძიება დაადგენს რეალობას, სად და რა პირობებში დააკავეს“,- ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

ჯეჯელავა მიიჩნევს, რომ აფგან მუხთარლის საქმიანობასთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ინფორმაცია უნდა გადაამოწმონ.

„სამწუხაროდ, შევეჩვიეთ, რომ არასამთავრობოები თავის თავზე საგამოძიებო ორგანოს ფუნქციასაც იღებენ და თვლიან, რომ სამ საათში შეუძლიათ გახსნან საქმე და ჭეშმარიტება დაადგინონ. მე მგონია, რომ ეს უბრალოდ არაკომპეტენტურობის ინდიკაციაა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, გუშინვე დაიწყეს მათ მოკვლევა. მათ შორის აზერბაიჯანელი კოლეგებისგან აქვთ ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი უკანონოდ კვეთდა საზღვარს. ისიც, რომ ჟურნალისტი იყო, ალბათ თქვენც უნდა გადაამოწმოთ, რადგან არის ინფორმაცია რომ ის იყო „რადიო თავისუფლების“ დაცვის თანამშრომელი, ანუ ჟურნალისტიკასთან რაღაც კავშირი აქვს, მაგრამ უშუალოდ ჟურნალისტი არ არის. მე ვფიქრობ, გამოძიება აუცილებლად დაადგენს რეალობას, სად და რა პირობებში დააკავეს იგი. პრაქტიკულად გამოვრიცხავ იმ ვერსიას, რომელიც არასამთავრობოებმა პირდაპირ ფაქტად წარმოგვიდგინეს, რომ ეს მოხდა თბილისში და მოხდა ძალადობა. თუმცა გამოძიება დაწყებულია სწორედ იმ ბრალდების საფუძველზე, რაც გაჟღერდა. რამდენიმე დღეში ზუსტი ინფორაცია გვექნება“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ​აფგან მუხთარლი თბილისში 29 მაისს, საღამოს გაუჩინარდა. მოგვიანებით, გაირკვა, რომ ის ბაქოში, სახელმწიფო საზღვრის სამსახურის საგამოძიებო განყოფილებაში იმყოფებოდა.​ მუხტარლის ბრალი აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე (საზღვრის უკანონო კვეთა) და 206-ე (დეკლარაციის გარეშე დიდი ოდენობით თანხის გადატანა) მუხლებით აქვს წარდგენილი.

აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, მუხთარლი აზერბაიჯანის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის დროს დააკავეს და დიდი ოდენობის ფული აღმოუჩინეს. მუხთარლის ადვოკატის ინფორმაციით კი, აფგან მუხთარლი ორშაბათს საღამოს, თბილისში, საკუთარ სახლთან დააკავეს და ძალით ჩასვეს მანქანაში.

კლიენტზე დაყრდნობით ადვოკატი აცხადებს, რომ დამკავებლებს თავი არ წარუდგენიათ, მაგრამ, მუხთარლის აზრით, ისინი საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ​აფგან მუხტარლის გაუჩინარებასთან დაკავშირებით გამოძიება ​აფგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

აფგან მუხთარლი, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით არის ცნობილი, საქართველოში 2015 წლიდან ცხოვრობს. მისი მეგობრის დაშგინ აღალარლის განცხადებით, მუხთარლი საქართველოში მუშაობდა საგამოძიებო მასალაზე, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ქონებას ეხებოდა, როგორც საქართველოში, ასევე ოფშორულ ზონებში.

დღეს, ჟურნალისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა აფგან მუხთარლის სოლიდარობის აქცია გამართეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]