weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

საქართველოდან ადამიანის გაქრობა ქვეყნისთვის სერიოზული გამოწვევაა - პრეზიდენტი

15:51 ოთხშაბათი, 31 მაისი 2017

ქვეყნიდან „ადამიანის გაქრობა“ სახელმწიფოებრიობისთვის და სუვერენიტეტისთვის სერიოზული გამოწვევაა,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის დაკავებას. გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველოს როგორც ჟურნალისტიკის, ისე ზოგადად ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით რეგიონში ლიდერის როლი აქვს.

„ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ადვოკატის განცხადება ძალიან მძიმეა რამდენიმე თვალსაზრისით. პირველ რიგში, ჩვენ ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ საქართველოს აქვს როგორც ჟურნალისტიკის, ისევე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ლიდერის როლი რეგიონში. ეს არის ჩვენი სიამაყეც, მაგრამ ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის სუვერენიტეტის შემადგენელი ნაწილი. ამ თვალსაზრისით, ამ სტანდარტის დაცვა ჩვენი სახელმწიფოებრიობის დაცვის საკითხია. ის განცხადებები, რომელიც გაკეთდა ადვოკატის მიერ, აუცილებლად ბოლომდე გასააზრებელია და გასაანალიზებელია, რადგან საქართველოს ტერიტორიიდან, იქნება ეს ზღვით, ჰაერით, ხმელეთით, საქართველოს დედაქალაქიდან თუ საზღვრიდან - ადამიანის გაქრობა არის კიდევ ერთხელ ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის და სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტისთვის სერიოზული გამოწვევა, რომლის კონტექსტშიც ბუნებრივია, სახელმწიფომ უნდა დაიცვას თავისი პრესტიჟიც და მოქალაქეების დაცულობაც. ეს ორივე ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. ის სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ის ბაქოში გადაიყვანეს. 

მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ს 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი „მწვანე საზღვარზე“ დააკავეს, სადაც პასპორტი არ სჭირდებოდა.

 

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]