weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

პრემიერი მაჩალიკაშვილს – არ მინდა, გქონდეთ შეგრძნება, რომ სახელმწიფომ გაგრიყათ

10:09 სამშაბათი, 05 ივნისი 2018
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია

„მე არ მინდა, გქონდეთ შეგრძნება, რომ თქვენ სახელმწიფომ გაგრიყათ და უარს ამბობს კომუნიკაციაზე. პირადად თქვენგან არ ყოფილა ჩემთან შეხვედრის მოთხოვნა, თორემ ეს შეხვედრა აქამდეც შედგებოდა, ამ აქციების გარეშე. მინდა, თქვენ, თქვენს ოჯახს და მთლიანად პანკისელებს კიდევ ერთხელ სამძიმარი გამოგიცხადოთ“, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამასთან, მალხაზ მაჩალიკაშვილთან შეხვედრაზე.

გიორგი კვირიკაშვილი მალხაზ მაჩალიკაშვილს მის ადვოკატებთან და სახალხო დამცველთან ერთად შეხვდა. შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი შალვა თადუმაძეც ესწრებოდნენ.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერმა მოისმინა ის კითხვები, რომლებიც მაჩალიკაშვილების ოჯახს პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით აწუხებს. გიორგი კვირიკაშვილი ასევე გაეცნო ოჯახის ადვოკატების მოსაზრებებს გამოძიების პროცესსა და საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მათი მხრიდან გაჟღერებული საკითხებით დაინტერესდება და მაქსიმალურად შეეცდება, ამ საქმეზე უსამართლობის განცდა არ არსებობდეს. შეხვედრაზე მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატებისთვის საქმის მეტი დეტალის გაცნობის შესაძლებლობაც განიხილეს.

მალხაზ მაჩალიკაშვილი 31 მაისიდან თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაში „ნუ მომკლავ“ მონაწილეობდა და მისი შვილის მკვლელობაში დამნაშავეების დასჯას, ასევე მთავრობის გადადგომას ითხოვდა. 

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სპეცრაზმმა თავში სასიკვდილოდ დაჭრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თემირლან მაჩალიკაშვილს და პანკისის ხეობაში მცხოვრებ კიდევ რამდენიმე პირს საერთაშორისო ტერორისტად აღიარებული ახმედ ჩატაევის და მისი ჯგუფის დახმარებაში ადანაშაულებდა, თუმცა, მაჩალიკაშვილისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები ირწმუნებიან, რომ სპეცოპერაციის დროს შემთხვევის ადგილზე მყოფი პირებიდან სუს-ის უფროსის პირველი მოადგილე სოსო გოგაშვილი ამოიცნეს. სუს-ის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა ეს ინფორმაცია უარყო. მაჩალიკაშვილის მშობლებმა, სუს-ის მიერ სხვადასხვა დროს გაკეთებული საჯარო განცხადებებით თემირლანის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის გამო, სასამართლოს მიმართეს.

პროკურატურა თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით აწარმოებს, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს. გამოძიების შედეგები ამ დრომდე არ არის ცნობილი.

 

ამ თემაზე:

პრემიერი დაგვპირდა, რომ მაჩალიკაშვილის საქმეს პირად კონტროლს გაუწევს - ადვოკატი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]