weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

გორში სტუდენტები მერის თანაშემწის გადადგომას ითხოვენ

11:35 ხუთშაბათი, 07 ივნისი 2018
ფოტო: რადიო მოზაიკა ფოტო: რადიო მოზაიკა

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ითხოვენ, ხორავას ქუჩაზე მოკლული ბავშვის, დავით სარალიძის და მისი მამის, ზაზა სარალიძის შეურაცხყოფის გამო, მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწე კახა ბლიაძე თანამდებობიდან გადადგეს. ამ მოთხოვნით სტუდენტებმა გორში საპროტესტო მსვლელობა მოაწყეს და ხელმოწერებს აგროვებენ.

გორის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწემ 2 ივნისს სოციალურ ქსელში დაწერა: „მაგ საქმეს მიხედავენ, მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს. პირველი - ვინ ყიყინებს და გვერდით ვინ უდგას. მეორე - არც თვითონ მყავს ეგ კაცი ანგელოზი და არც ის ცხონებული იყო ანგელოზი. ნუ დაგვავიწყდება ეგ კონფლიქტი საიდან და რისთვის დაიწყო, რომელიც მკვლელობით დამთავრდა. არ ღირს მაგ საქმის შედარება იმ მკვლელობებზე, რომლებსაც ის ხალხი ახორციელებდა ვინც ეს აქციები წამოიწყო. ეგ ხალხი, ჩემო ძმაო, ყველა დასაპეპლია“.

ახალგაზრდების პროტესტის შემდეგ მერის თანაშემწემ კომენტარი წაშალა და განმარტა, რომ ის აღელვების ნიადაგზე დაწერა.

„ვალერიანის წვეთები მივუტანეთ, რადგან, როგორც ჩანს, მერიაში ემოციებს ვერ აკონტროლებენ. თანამდებობაზე არ უნდა იყოს ისეთი პიროვნება, რომელიც მსგავს განცხადებებს ავრცელებს. მივმართავთ გორის მერს, თუ არ გადადგება, გაუშვას თანამდებობიდან ეს პიროვნება. ეს იყო შეურაცხყოფა და ამისთვის მერიამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს“, - ციტირებს სათემო რადიო „მოზაიკა“ აქციის მონაწილეების კომენტარს.

გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა განაცხადა, რომ კახა ბლიაძის სამსახურიდან გათავისუფლებას არ აპირებს: „იმის გამო, რომ თავისი აზრი დაწერა, ვერ გავათავისუფლებთ“. მისივე თქმით, ის ემიჯნება თანაშემწის პოზიციას.

გორის მუნიციპალიტეტის მერს 4 თანაშემწე ჰყავს. კახა ბლიაძე ამ პოზიციაზე 2017 წლის დეკემბრიდან მუშაობს და მისი ანაზღაურება 1000 ლარია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]