weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

პრემიერის გადადგომის გამო მთავრობის ყველა წევრს უფლებამოსილება შეუწყდა

19:00 ოთხშაბათი, 13 ივნისი 2018

საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით, პრემიერ-მინისტრის გადადგომა იწვევს მთავრობის ყველა სხვა წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

მთავრობის ახალი შემადგენლობის შერჩევა და დამტკიცება ხორციელდება შემდეგი წესით:

7 დღის ვადაში საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტს წარუდგენს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, რომელსაც პრეზიდენტი დასამტკიცებლად წარუდგენს პარლამენტს, ხოლო მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე არსებულ შემადგენლობას აკისრებს მოვალეობის შესრულებას.

ამის შემდეგ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი 7 დღის ვადაში შეარჩევს მინისტრთა კანდიდატურებს და პარლამენტს წარუდგენს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს სამთავრობო პროგრამა.

პარლამენტი, მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან 7 დღის ვადაში, განიხილავს და კენჭს უყრის მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის - ანუ სულ ცოტა 76 დეპუტატის მხარდაჭერა.

თუ პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა მთავრობის ახალ შემადგენლობას, პრეზიდენტი 2 დღის ვადაში ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი ასევე 2 დღის ვადაში დანიშნავს მთავრობის სხვა წევრებს. თუ პრეზიდენტი აღნიშნულ ვადაში არ გამოსცემს სამართლებრივ აქტს პრემიერ-მინისტრის დანიშვნის თაობაზე, მაშინ პრემიერ-მინისტრი ავტომატურად ჩაითვლება დანიშნულად.

თუ მთავრობის შემადგენლობამ ნდობა ვერ მიიღო, მთავრობის შემადგენლობის პარლამენტში წარდგენიდან 30 დღის ვადაში განმეორებით ეყრება კენჭი მთავრობის თავდაპირველად წარდგენილი ან განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

თუ პარლამენტი ისევ ვერ გამოუცხადებს მთავრობის შემადგენლობას, პრეზიდენტი 7 დღის ვადაში პრემიერ-მინისტრად წამოაყენებს პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ 2/5-ის მიერ წარდგენილ კანდიდატურას.

თუ პარლამენტის წევრთა სხვადასხვა შემადგენლობა 2 კანდიდატურას წარადგენს, მაშინ პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წამოაყენებს იმ კანდიდატურას, რომელიც უფრო მეტმა პარლამენტის წევრმა წარადგინა, ხოლო წარმდგენთა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში – ერთ-ერთ კანდიდატურას თავისი შეხედულებისამებრ.

ამ შემთხვევაში მთავრობის წევრთა შერჩევა და მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება ხდება 7 დღის ვადაში, სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერით (მინიმუმ 76 ხმა).

თუ პარლამენტი ამჯერადაც ვერ გამოუცხადებს ნდობას მთავრობის შემადგენლობას, პრეზიდენტი 3 დღის ვადაში დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]