weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

20 ივლისს პანკისში საპროტესტო აქცია გაიმართება

16:45 ხუთშაბათი, 19 ივლისი 2018
არქივის ფოტო არქივის ფოტო

20 ივლისს, პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში საპროტესტო აქცია გაიმართება. ადგილობრივი მცხოვრებლები ხეობაში ჰესების მშენებლობას გააპროტესტებენ. აქციის ორგანიზატორების განმარტებით, თითქმის ორი კვირაა ჰესების აშენების აქტიურ მოწინააღმდეგეებს პოლიციაში იბარებენ, აშინებენ და გადაბირებას ცდილობენ.

„29 ივნისს, მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა ბირკიანში ჰესის სამშენებლო სამუშაოები შევაჩერეთ, პოლიციაში გვიბარებენ. გვეუბნებიან, რომ ჰესის მშენებლობა სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, საკითხი გადაწყვეტილია, ინვესტორს ყველა დოკუმენტი აქვს და მშენებლობაში ხელი არ უნდა შევუშალოთ. პოლიციის ხელმძღვანელებმა მიგვანიშნეს, რომ წინააღმდეგ შემთთხვევაში პრობლემები შეგვექმნება“, - უთხრეს აქციის ორგანიზატორებმა პანკისის სათემო რადიოს.

აქციის მონაწილეების კიდევ ერთი მოთხოვნა თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობაში დამნაშავე პირების დასჯაა.

პანკისში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით ხალხმრავალი საპროტესტო აქცია 29 ივნისს გაიმართა, რა დროსაც მოსახლეობამ ჰესის  სამშენებლო სამუშაოები შეაჩერა.

პანკისის ხეობაში მესამე ჰესს კომპანია „ალაზანი ენერჯი“ აშენებს. ჰესისთვის წყლის მიწოდება „ხადორი 2“-ის გამყვანი არხიდან მოხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბირკიანს ზემოთ ხადორამდე, დაახლოებით 4.5 კილომეტრზე, მდინარე ალაზანს მილსადენში მოაქცევენ.

მდინარის კალაპოტში ალაზნის წყალი თითქმის აღარ დარჩება და ხადორის ხეობა ხოროჯოსწყლის, ბაწარას, ქვაჩადალას და რამდენიმე მცირე შენაკადის იმედზე რჩება. „ხადორი 3“ - ის მშენებლობის დასრულება 2019 წლის დეკემბრამდეა დაგეგმილი.

პანკისის მცხოვრებლებმა „ხადორი 3“-ის მშენებლობის წინააღმდეგ ხეობაში საპროტესტო აქცია რამდენჯერმე გამართეს. ადგილობრივებსა და ჰესის მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელებს შორის, შს მინისტრის მოადგილის, ეკონომიკის მინისტრის და სხვა მაღალჩინოსნების მონაწილეობით ახმეტასა და თბილისში რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. პანკისის მცხოვრებლებს დაპირდნენ, რომ ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 100-მდე ადამიანს დაასაქმებენ ჰესის სამშენებლო სამუშაობზე, ჰესის ამუშავების შემდეგ კი 40 ადამიანს სამსახური შეუნარჩუნდება. ასევე, ინვესტორმა ადგილობრივებს რამდენიმე სოფელში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება, მდინარის კალაპოტში კარიერების შეძენა და მოსახლეობისთვის გადაცემა შესთავაზა, რომ სახლების ან სხვა ნაგებობების სამშენებლოდ ინერტული მასალა უფასოდ მოიპოვონ, თუმცა მოსახლეობის ნაწილი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]