weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ევროპაში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები გაიმართა

11:27 პარასკევი, 01 სექტემბერი 2017

რუსეთში გაისად გასამართი მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მე-7 ტურის მატჩები ევროპის სამ შესარჩევ ქვეჯგუფში გაიმართა და რამდენიმე შეხვედრაში საინტერესო შედეგი დაფიქსირდა.

A ჯგუფში საფრანგეთის ნაკრებმა ჰოლანდიის ეროვნული გუნდი უშანსოდ გაანადგურა. ნიდერლანდელთა რბევა ანტუან გრიზმანმა მე-14 წუთზე დაიწყო, შემდეგ „მონაკოელმა“ ტომა ლემარმა შეასრულა დუბლი, მეოთხე გოლი კი მატჩის დასასრულისკენ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შეცვლაზე შესულმა კილიან მბაპემ ბრწყინვალე თამაშის შემდეგ გაიტანა, რაც მისთვის ეროვნულ ნაკრებში სადებიუტი იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ დიდიე დეშანის შეგირდებს უსუსურად მოთამაშე ჰოლანდიელთა კარში მინიმუმ ერთი ამდენის გატანა კიდევ მართებდათ. ახლა უკვე მუნდიალზე გასვლაზე მეოცნებე ჰოლანდიელები უკან ბულგარეთის ეროვნულმა ნაკრებმაც მოიტოვა, რომელმაც სოფიაში დიდი ბრძოლა გადაიტანა ქვეჯგუფის მეორეადგილოსან შვედეთთან - მასპინძლები დაწინაურდნენ, მალევე ბულგარელმა მეკარემ პენალტი მოიგერია, შემდეგ შვედეთმა მაინც გაათანაბრა, წინ კვლავ ბულგარეთი გავიდა, შვედეთმა ტაიმის მიწურულს მეორედ გააყაიმა, თუმცა გამარჯვება მაინც ბულგარელებს დარჩათ. რაც შეეხება მესამე შეხვედრას, ბოლოადგილოსანმა ლუქსემბურგის ნაკრებმა მინი-სენსაცია მოახდინა და შინ მინიმალური სხვაობით შეძლო ბელარუსის დამარცხება. ამ მომენტისთვის ლიდერ საფრანგეთს 16 ქულა აქვს, მეორეზე შვედეთია 13 ქულით, მას ერთი ქულით ჩამორჩება ბულგარეთი, ჰოლანდიის ნაკრები კი 10 ქულით მეოთხე პოზიციაზეა.

თითქმის არაფერი შეცვლილა B ჯგუფში, სადაც ლიდერებმა - შვეიცარიამ და პორტუგალიამ თავიანთი შეხვედრები მოიგეს. მეორეადგილოსანმა პორტუგალიელებმა ფარერის კუნძულების ნაკრებს პორტოში უმასპინძლეს და მეტოქე 5:1 დაამარცხეს. ევროპის ჩემპიონი გუნდის რიგებიდან კაპიტანმა კრისტიანო რონალდომ ჰეთ-თრიქი შეასრულა და ეროვნულ ნაკრებში თავისი ქვეყნისთვის რეკორდული გოლების მაჩვენებელი 78-მდე გაზარდა, მიმდინარე შესარჩევ ციკლში კი 14 გოლი დაუგროვდა. ქვეჯგუფის ლიდერმა შვეიცარიამ 7 ტურში ამდენივე მატჩი მოიგო, ამჯერად - შინ ანდორასთან: „ბენფიკას“ ფორვარდმა ჰარის სეფეროვიჩმა ნაწვიმ მინდორზე დუბლი თავით შეასრულა, მესამე გოლი კი ჯუჯა სახელმწიფოს ნაკრებს „იუვენტუსელმა“ შტეფან ლიხტშტაინერმა ასევე თავით გაუტანა. ამავე ქვეჯგუფში მესამეადგილოსანმა უნგრეთმა ბუდაპეშტში ლატვიის ნაკრები იოლად დაამარცხა.

საინტერესოდ წარიმართა მოვლენები H ჯგუფში, სადაც ლიდერმა ბელგიის ნაკრებმა უსუსტეს გიბრალტარის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და 9 (!) უპასუხო გოლი გაუტანა. რობერტო მარტინესის გუნდიდან ჰეთ-თრიქები „პარი სენ-ჟერმენის“ გარემარბმა ტომა მენიემ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ცენტრფორვარდმა რომელუ ლუკაკუმ შეასრულეს, თითო გოლი კი დრის მერტენსის, აქსელ ვიტსელისა და ედენ აზარის ანგარიშზეა. აღსანიშნავია ისიც, რომ მატჩის არბიტრმა ორივე გუნდიდან თითო ფეხბურთელი გააძევა: 40-ე წუთზე ვიტსელი, ხოლო 82-ე წუთზე გიბრალტარელი ერინ ბარნეტი. ქვეჯგუფის მეორეადგილოსანმა საბერძნეთის ეროვნულმა გუნდმა საკუთარ მოედანზე აუტსაიდერ ესტონეთის ნაკრებს ვერაფერი მოუხერხა და უგოლო ფრე ითამაშა. რაც შეეხება ბერძენთა კონკურენტ ბოსნიელებს, კვიპროსზე ჩასულებმა პირველ ტაიმში 2:0 სძლიეს მასპინძლებს, მაგრამ კუნძულელებმა მეორე ნახევრის 12-წუთიან მონაკვეთში ე.წ. Comeback შეასრულეს და ნიქოზიიდან სტუმრები დამარცხებულები გაუშვეს, რითაც რუსეთში ასპარეზობის იმედები გაიჩინეს.

მატჩების ანგარიშები:

A ჯგუფი:

საფრანგეთი 4:0 ჰოლანდია

ბულგარეთი 3:2 შვედეთი

ლუქსემბურგი 1:0 ბელარუსი

B ჯგუფი

პორტუგალია 5:1 ფარერის კუნძულები

შვეიცარია 3:0 ანდორა

უნგრეთი 3:1 ლატვია

H ჯგუფი

ბელგია 9:0 გიბრალტარი

საბერძნეთი 0:0 ესტონეთი

კვიპროსი 3:2 ბოსნია & ჰერცეგოვინა

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]