weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ბრაზილიამ კიდევ მოიგო, ურუგვაი და არგენტინა უგოლოდ გაიყარნენ

12:13 პარასკევი, 01 სექტემბერი 2017

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩები სამხრეთ ამერიკის ზონაშიც გაიმართა, სადაც რუსეთში გასამგზავრებელი საგზურებისთვის ბრძოლა ათ გუნდს შორის მიმდინარეობს. მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე გასულმა ბრაზილიის ნაკრებმა მორიგი შეხვედრა მოიგო, ტურის ცენტრალური მატჩი კი ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში შედგა.

ხუთი შეხვედრიდან ყველაზე ადრე ვენესუელა-კოლუმბია დაიწყო, რომელიც უგოლო ფრით დასრულდა.

მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა ჩილე-პარაგვაის მატჩში. ფავორიტმა მასპინძლებმა არასტაბილური პარაგვაის ნაკრებისგან სამი უპასუხო გოლი გაუშვეს და შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე სამი ტურით ადრე საქმე გაირთულეს, პარაგვაის კი თავის მხრივ რუსეთში სათამაშო შანსები გაუჩნდა.

საშინაო შეხვედრა იოლად მოიგო შესანიშნავ ფორმაში მყოფმა ბრაზილიის ნაკრებმა. ტიტეს გაწვრთნილი „სელესაო“ პორტო ალეგრიში ეკვადორელებთან კოლოსალურ უპირატესობას ფლობდა, თუმცა ორი გოლი მხოლოდ მეორე ტაიმში გაიტანა: ანგარიში 69-ე წუთზე „ბარსელონაში“ გადასულმა პაულინიომ გახსნა და ნაკრების მაისურით ბოლო ხუთ მატჩში ამდენივე გოლი დაუგროვდა, მეორე გოლი კი 76-ე წუთზე „ლივერპულიდან“ ათვალწუნებულმა ფილიპე კოუტინიომ შეაგდო. აღსანიშნავია, რომ ტიტემ ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელის ამპლუაში შესარჩევ ეტაპზე ზედიზედ მე-9 მატჩი მოიგო, რაც რეკორდული მაჩვენებელია. რაც შეეხება ეკვადორის ნაკრებს, გუნდმა მიმდინარე შესარჩევი ციკლი კარგად დაიწყო და საწყის ტურებში სატურნირო ცხრილსაც ედგა სათავეში, თუმცა ამჟამად მე-8 ადგილამდე დაქვეითდა და დარჩენილ ტურებში სასწაულის იმედად დარჩა.

არგენტინის ნაკრებმა ახალი მთავარი მწვრთნელის, ხორხე სამპაოლის თავკაცობით პირველი ოფიციალური შეხვედრა პრინციპულ მეტოქე ურუგვაისთან სტუმრად გამართა. ორმხრივ იერიშებით მიმდინარე შეხვედრაში გოლი არ გავიდა და „სელესტამაც“ და „ალბისელესტემაც“ მუნდიალის საგზურისთვის ბრძოლა კიდევ უფრო დაძაბეს.

რაც შეეხება პერუ-ბოლივიის მატჩს, მასპინძლებმა ლიმაში მინიმალური სხვაობით იმარჯვეს და რუსეთში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის ოცნება შეინარჩუნეს.

მე-15 ტურის მატჩების ანგარიშები:

ვენესუელა 0:0 კოლუმბია

ჩილე 0:3 პარაგვაი

ურუგვაი 0:0 არგენტინა

ბრაზილია 2:0 ეკვადორი

პერუ 2:1 ბოლივია

სატურნირო ცხრილი:

  1. ბრაზილია - 36 ქულა, ბურთები 37:10
  2. კოლუმბია - 25 ქულა, ბურთები 18:15
  3. ურუგვაი - 24 ქულა, ბურთები 26:17
  4. ჩილე - 23 ქულა, ბურთები 24:22
  5. არგენტინა - 23 ქულა, ბურთები 15:14
  6. პერუ - 21 ქულა, ბურთები 24:24
  7. პარაგვაი - 21 ქულა, ბურთები 16:21
  8. ეკვადორი - 20 ქულა, ბურთები 23:22
  9. ბოლივია - 10 ქულა, ბურთები 13:34
  10. ვენესუელა - 7 ქულა, ბურთები 17:34

სამხრეთ ამერიკაში შესარჩევი ციკლის მომდევნო მე-16 ტურის შეხვედრები 5 სექტემბერს გაიმართება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]