weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

ქართველი ფეხბურთელები ევროპა ლიგაზე

10:30 პარასკევი, 15 სექტემბერი 2017

ჩემპიონთა ლიგის მსგავსად, სტარტი აიღო UEFA-ს რანგით მეორე საკლუბო ტურნირის, ეევროპა ლიგის ახალმა გათამაშებამ, სადაც მონაწილეობას ის ოთხი საფეხბურთო კლუბიც იღებს, რომელთა ღირსებასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები იცავენ.

სოლომონ კვერკველიას გუნდს წილისყრაში საკმაოდ გაუმართლა და სხვებთან შედარებით ყველაზე იოლ ქვეჯგუფში მოხვდა. F ჯგუფში მოსკოვის „ლოკომოტივმა“ პირველი ტურის შეხვედრა სტუმრად „კოპენჰაგენთან“ გამართა და 0:0 დაასრულა შეხვედრა. ქართველმა მცველმა დანიის დედაქალაქში 90 წუთი ითამაშა. იგივე შედეგით დასრულდა ამავე ქვეჯგუფის მეორე მატჩი ჩეხეთში, ზლინის „ფასტავსა“ და ტირასპოლის „შერიფს“ შორის.

ვალერიან გვილიას „ბ.ა.ტ.ე.“-ს მძიმე ბრძოლები ელის. ბორისოვოელებმა პირველი შეხვედრა H ჯგუფში ბელგრადის „ცრვენა ზვეზდასთან“ სტუმრად გამართეს და 1:1 ითამაშეს. გვილია მატჩის განაცხადში არ ყოფილა. ამავე ქვეჯგუფში კი ლონდონის „არსენალმა“ შინ 3:1 დაამარცხა „კიოლნი“.

ურთულეს K ჯგუფში მოხვდა გურამ კაშიას გუნდიც, რაც პირველმა ტურმა დაამტკიცა - ევროტურნირის დებიუტანტი არნემის „ვიტესი“ შინ დრამატულად დამარცხდა რომის „ლაციოსთან“: „ვიტესი“ ორჯერ იგებდა, თუმცა საბოლოოდ 2:3 წააგო. კაპიტანმა კაშიამ 90 წუთი იასპარეზა. ამავე ქვეჯგუფში „ნიცამ“ ბელგიური „ზულტე-ვარეგემი“ სტუმრად 5:1 გაანადგურა.

რაც შეეხება სკოპიეს „ვარდარს“, რომელსაც ევროპა ლიგაზე გასვლაში ჯამბულ ჯიღაური „ფენერბაჰჩესთან“ გატანილი უმნიშვნელოვანესი გოლით დაეხმარა, მაკედონიურმა კლუბმა პირველ ტურში საკუთარ მოედანზე სანკტ-პეტერბურგის „ზენიტთან“ ფარ-ხმალი დაყარა - 0:5. ჯიღაურმა შეხვედრაში სრულად ითამაშა და 57-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. ასევე სოლიდური და მშრალი ანგარიში დაფიქსირდა L ჯგუფის მეორე მატჩში: ესპანეთის „რეალ სოსიედადმა“ შინ ტრონჰეიმის „რუსენბორგი“ 4:0 დაამარცხა.

ევროპა ლიგის მე-2 ტურის მატჩები 28 სექტემბერს გაიმართება. ქართველი ფეხბურთელების კლუბების შეხვედრები კი ასეთია:

მოსკოვის ლოკომოტივი – ზლინის ფასტავი

ნიცა – ვიტესი

ბ.ა.ტ.ე. – არსენალი

რუსენბორგი – ვარდარი

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]