weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

სექტემბრის სუპერტურნირი მონღოლი იოკოზუნას გამარჯვებით დასრულდა

13:34 სამშაბათი, 26 სექტემბერი 2017

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მდებარე სუმოს დარბაზ „რიოგოკუ კოკუგიკანში“ დასრულებული სექტემბრის ტურნირ აკი ბაშოს გამარჯვებული მონღოლი იოკოზუნა ჰარუმაფუჯი გახდა, რომელიც „იმპერატორის თასს“ დრამატულ ბრძოლაში დაეუფლა.

„მზიური ცხენი“ ჰარუმაფუჯი ფაქტობრივად მთელი სექტემბრის სუპერტურნირის განმავლობაში მდევრის როლში გახლდათ, თუმცა საჭირო დროს თავისი მაღალი კლასი მაინც წარმოაჩინა: ბაშოს დასკვნით დღეზე - სენსურაკეზე ჰარუმაფუჯიმ ოძეკი გოეიდოს ორჯერ აჯობა. აკი ბაშოს 15 დღის თავზე ლიდერებს 11-11 გამარჯვება აღმოაჩნდათ და შედეგად, სუპერფინალური შერკინება ანუ კეტეი-სენი დაინიშნა, სადაც გოეიდოსთან 33 წლის მონღოლი გოლიათი მაგრად დადგა და „იმპერატორის თასი“ კარიერაში მეცხრედ შემართა.

როგორც უკვე ვწერდით, სექტემბრის სუპერტურნირი წარუმატებელი გამოდგა ქართველი სუმოისტებისთვის. ტოჩინოშინის სახელით ცნობილმა ლევან გორგაძემ აკი ბაშოზე მუხლის ტრავმით იასპარეზა და საბოლოოდ, 15-დან მხოლოდ ოთხ შერკინებაში იმარჯვა, ამიტომაც იგი აღმოსავლეთის პირველი მაეგაშირას წოდებას დაკარგავს და დაქვეითდება. უკუსვლას ვერ გადაურჩა თეიმურაზ ჯუღელი იგივე გაგამარუც, რომელიც რანგით დაბალ დივიზიონ ძურიოში აღმოსავლეთის მე-7 ნომრის წოდებით ირჯებოდა და 10 მარცხის წილ 5 გამარჯვება იზეიმა.

2017 წლის უკანასკნელი სუპერტურნირი ფუკუოკას საერთაშორისო ცენტრში 12-26 ნოემბერს ჩატარდება, 30 ოქტომბერს კი იაპონიის პროფესიული სუმოს ასოციაცია განახლებულ რეიტინგს (ბანძუკე) გამოაქვეყნებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]