weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ჩემპიონთა ლიგაზე მეორე ტური დასრულდა

11:11 ხუთშაბათი, 28 სექტემბერი 2017

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე მე-2 ტურის დარჩენილი 8 მატჩი ოთხ ქვეჯგუფში გაიმართა. უხვგოლიანი სათამაშო დღის ორივე ცენტრალურმა დაპირისპირებამ მოლოდინი გაამართლა: „პარი სენ-ჟერმენის“ შეჩერება გერმანულმა „რეკორდმაისტერმაც“ ვერ შეძლო, ანტონიო კონტემ კი დიეგო სიმეონე დაჯაბნა.

A ჯგუფში მოსკოვის „ც.ს.კ.ა.“-სთან იოლი გასეირნება გამოუვიდა „მანჩესტერ იუნაიტედს“. ჟოზე მოურინიოს გუნდმა ოთხი გოლი გაიტანა და მასპინძელი „არმიელებისგან“ უკანასკნელ წუთზე პრესტიჟის გოლი მიიღო. სამაგიეროდ მოულოდნელად განვითარდა მოვლენები ამავე ქვეჯგუფის პარალელურად მიმდინარე მეორე მატჩში: ქვეჯგუფში განთესილი ლისაბონის „ბენფიკა“ შვეიცარიაში ჩავიდა, სადაც ადგილობრივმა „ბაზელმა“ კუდით ქვა ასროლინა პორტუგალიის ჩემპიონს: რაფაელ ვიკის გუნდმა „ზანკტ იაკობ პარკზე“ ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა ლუზიტანიურ ფეხბურთის ფლაგმანს და უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო.

მოსკოვის ც.ს.კ.ა. - მანჩესტერ იუნაიტედი 1:4

0:1 ლუკაკუ (4) 0:2 მარსიალი (19 პ.) 0:3 ლუკაკუ (27) 0:4 მხითარიანი (57) 1:4 კუჩაევი (90).

ბაზელი - ბენფიკა 5:0

ლანგი (2), ობერლინი (20), ვან ვოლფსვინკელი (60 პ.), ობერლინი (69), ბ. რივეროსი (76).

კიდევ ერთი მცირე სიურპრიზი B ჯგუფში მოხდა, სადაც გლაზგოს „სელტიკმა“ პირველ ტურში საკუთარ მოედანზე გამანადგურებელი მარცხი სწრაფად დაივიწყა და სტუმრად „ანდერლეხტი“ უშანსოდ დაამარცხა. თანაბარ წყვილში მცირე უპირატესობა თითქოს ბელგიის ჩემპიონს უნდა ჰქონოდა, თუმცა ბრიუსელელებმა ბრენდან როჯერსის გაწვრთნილ გლაზგოელ „კათოლიკეებთან“ ვერაფერი გააწყვეს და შეხვედრა პირწმინდად წააგეს. ტურის ცენტრალური დაპირისპირება კი როგორც უკვე დავწერეთ, პარიზის „პარკ დე პრენსზე“ შედგა, სადაც ბრწყინვალედ ათამაშებულმა „პარი სენ-ჟერმენმა“ სახელოვანი მიუნხენის „ბაიერნიც“ არ დაინდო, კარლო ანჩელოტის მარცხი ყოფილ გუნდთან კი ბავარიელთა საკადრო პრობლემების ფონზეც არ მართლდება. პარიზულმა ნაქებმა ტრიომ „ბაიერნთანაც“ გაილაღა: ჯერ ნეიმარი შეიჭრა მე-2 წუთზე ფლანგიდან მიუნხენელთა საჯარიმოში და თანამემამულე დანი ალვესს სწრაფი გოლი გაატანინა, შემდეგ კილიან მბაპე გაისარჯა კარგად და ედინსონ კავანის დაუგორა, რომელმაც მოჭრილი დარტყმით დიდებული გოლი გაუტანა სვენ ულრაიხს, მეორე ტაიმში კი კვლავაც მბაპეს შესანიშნავი აქტიურობის შემდეგ საკუთარი გოლი ნეიმარმაც გაიტანა და ფავორიტთა ჯახში სოლიდური ანგარიში დააფიქსირა.

ანდერლეხტი - სელტიკი 0:3

ლ. გრიფითსი (38), პ. რობერტსი (50), ს. სინკლერი (90+3).

პარი სენ-ჟერმენი - ბაიერნი 3:0

დანი ალვესი (2), კავანი (31), ნეიმარი (63).

C ჯგუფის ერთი შეხვედრა ბაქოში გაიმართა და სხვებზე ადრე დაიწყო. აზერბაიჯანის ჩემპიონი „ყარაბაღი“ შეეცადა ისტორია დაეწერა და უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირში პირველი ქულა აეღო, თუმცა არ გაუმართლა და „რომასთან“ შეხვედრა ბრძოლაში დათმო. ამავე ქვეჯგუფის პრინციპულ მატჩში თანამედროვეობის ორი ყველაზე ემოციური ახალგაზრდა მწვრთნელის დაპირისპირება შედგა, სადაც გამარჯვება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ანტონიო კონტეს გუნდს დარჩა. მადრიდის „ატლეტიკო“ ახალ სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ეგიდით პირველ შეხვედრას მართავდა და ცხადია, გამარჯვება ძალიან სურდა, ანგარიშიც გახსნა (სხვათა შორის, ანტუან გრიზმანი გახდა ერთადერთი „ატლეტიკოელი“ ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გუნდის ძველ სტადიონზე უკანასკნელი, ხოლო ახალ სტადიონზე პირველი გოლი გაიტანა), თუმცა შეხვედრაში, რომელშიც თითქოს ყველაფერი ისე მიმდინარეობდა, რომ გუნდები ყაიმზე უნდა შეთანხმებულიყვნენ, სტუმარმა „ჩელსიმ“ უკანასკნელ წამებზე გაიტანა და დიეგო სიმეონეს გუნდიც „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ შერცხვა.

ყარაბაღი - რომა 1:2

0:1 მანოლასი (7) 0:2 ჯეკო (15) 1:2 პედრო ენრიკე (28).

მადრიდის ატლეტიკო - ჩელსი 1:2

1:0 გრიზმანი (40 პ.) 1:1 მორატა (60) 1:2 ბაჩუაი (90+4).

D ჯგუფში ორივე გამოკვეთილმა ფავორიტმა მოიგო: „ბარსელონა“ ლისაბონში ჩავიდა და „სპორტინგის“ ურუგვაელი მცველის ავტოგოლის წყალობით მასპინძელი გუნდი მინიმალური სხვაობით დაამარცხა, ტურინის „იუვენტუსმა“ კი პირეოსის „ოლიმპიაკოსი“ დიდი უპირატესობის მიუხედავად მხოლოდ მეორე ტაიმში გატეხა - შეცვლაზე შესულმა გონსალო იგუაინმა ჯერ თავად გაიტანა, შემდეგ კი საგოლე კომბინაცია წამოიწყო და მასიმილიანო ალეგრის გუნდმაც საბერძნეთის ჩემპიონთან გამარჯვება გაიფორმა.

ლისაბონის სპორტინგი - ბარსელონა 0:1

კოატესი (49 ს.კ.).

იუვენტუსი - ოლიმპიაკოსი 2:0

იგუაინი (69), მანჯუკიჩი (80).

ჩემპიონთა ლიგის მომდევნო, მე-3 ტურის შეხვედრები 17-18 ოქტომბერს გაიმართება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]