weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

პირველად ისტორიაში ისლანდია მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს

11:32 სამშაბათი, 10 ოქტომბერი 2017

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე კიდევ სამ ევროპულ შესარჩევ ქვეჯგუფში გაიმართა ბოლო ტურის შეხვედრები, რომლებშიც საინტერესო შედეგები დაფიქსირდა, მათ შორის კი აღსანიშნავია მთავარი მოვლენა - არსებობის ისტორიაში პირველად, ისლანდიის საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.

D ჯგუფში სერბეთი-საქართველოს პარალელურად ორი შეხვედრა გაიმართა. მოლდოვა-ავსტრია არაფერს წყვეტდა, მთავარი ინტრიგა კი უელსისა და ირლანდიის კარდიფულ დაპირისპირებაში არსებობდა: შეხვედრაში გამარჯვებული გუნდი სერბეთის შემდეგ ქვეჯგუფში მე-2 ადგილს იკავებდა და პლეი-ოფში განაგრძობდა მუნდიალზე მოსახვედრად ბრძოლას. პრინციპული დაპირისპირება მარტინ ო’ნილის გუნდმა მოიგო - მატჩის ერთადერთი გოლი ირლანდიელმა ჯეიმს მაკკლინმა 57-ე წუთზე გაუტანა მასპინძელ „დრაკონებს“. ქრის კოულმენის გუნდი შესარჩევ ეტაპზე პირველად დამარცხდა, თანაც საკუთარ მოედანზე და ბოლო ტურში, რაც გარეთ ბეილსა და კომპანიას მუნდიალის საგზურის დაკარგვად დაუჯდა.

D ჯგუფის მატჩების ანგარიშები:

სერბეთი 1:0 საქართველო

მოლდოვა 0:1 ავსტრია

უელსი 0:1 ირლანდია

D ჯგუფის სატურნირო ცხრილი:

  1. სერბეთი - ქულა 21, ბურთები 20:10
  2. ირლანდია - ქულა 19, ბურთები 12:6
  3. უელსი - ქულა 17, ბურთები 13:6
  4. ავსტრია - ქულა 15, ბურთები 14:12
  5. საქართველო - ქულა 5, ბურთები 8:14
  6. მოლდოვა - ქულა 2, ბურთები 4:23

არაფერი შეცვლილა G ჯგუფის ბოლო ტურში. ესპანეთმა და იტალიამ საკუთარი შეხვედრები სტუმრად გამართეს და მინიმალური ანგარიშებით მოიგეს, შესაბამისად, ასიერ ილარამენდისა და ანტონიო კანდრევას გოლებით. მაკედონიამ კი თავისზე სუსტ ლიხტენშტაინს მოუგო და ჯუჯა ქვეყნის ნაკრებს მეათე მატჩში მეათე მარცხი აგემა. ესპანეთმა საგზური წინა ტურში მოიპოვა, იტალია კი რუსეთში მოსახვედრად გადათამაშებაში იბრძოლებს.

G ჯგუფის მატჩების ანგარიშები:

ისრაელი 0:1 ესპანეთი

ალბანეთი 0:1 იტალია

მაკედონია 4:0 ლიხტენშტაინი

G ჯგუფის სატურნირო ცხრილი:

  1. ესპანეთი - ქულა 28, ბურთები 36:3
  2. იტალია - ქულა 23, ბურთები 21:8
  3. ალბანეთი - ქულა 13, ბურთები 10:13
  4. ისრაელი - ქულა 12, ბურთები 10:15
  5. მაკედონია - ქულა 11, ბურთები 15:15
  6. ლიხტენშტაინი - ქულა 0, ბურთები 1:39

სათამაშო დღის კიდევ ერთი პრინციპული მატჩი I ჯგუფში, კიევის ოლიმპიურ სტადიონზე  შედგა. ანდრეი შევჩენკოს გაწვრთნილ უკრაინის ნაკრებს მე-2 პოზიციაზე გასასვლელად და პლეი-ოფში მოსახვედრად ბოლო ხანს არასტაბილურ ხორვატიის ეროვნული გუნდის დამარცხება მართებდა. თავის მხრივ მწვრთნელგამოცვლილი ხორვატებიც მოგებაზე ფიქრობდნენ, რადგან ყაიმის შემთხვევაში მე-2 ადგილზე კი რჩებოდნენ, მაგრამ სხვა მეორეადგილოსნებთან შედარებით ცუდი სტატისტიკის გამო პლეი-ოფში ვერ გადავიდოდნენ, ამიტომაც ორივე გუნდი გამარჯვებას ესწრაფვოდა, რომელიც საბოლოოდ უფრო გამოცდილ, უფრო მაღალი კლასისა და უკეთეს ხორვატიის ნაკრებს დარჩა - ახალ მთავარ მწვრთნელს, ზლატკო დალიჩს სადებიუტო შეხვედრა გამარჯვებით მიულოცა „ჰოფენჰაიმის“ ფორვარდმა ანდრეი კრამარიჩმა, რომელმაც უკრაინელებს დუბლი 62-ე და 70-ე წუთებზე შეუსრულა. ამავე ჯგუფის პირველადგილოსანმა ისლანდიამ კი საკუთარი საფეხბურთო ისტორია დაწერა - რეიკიავიკში ბოლოადგილოსან კოსოვოს ნაკრებს თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანა და მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად იასპარეზებს.

I ჯგუფის მატჩების ანგარიშები:

უკრაინა 0:2 ხორვატია

ისლანდია 2:0 კოსოვო

ფინეთი 2:2 თურქეთი

I ჯგუფის სატურნირო ცხრილი:

  1. ისლანდია - ქულა 22, ბურთები 16:7
  2. ხორვატია - ქულა 20, ბურთები 15:4
  3. უკრაინა - ქულა 17, ბურთები 13:9
  4. თურქეთი - ქულა 15, ბურთები 14:13
  5. ფინეთი - ქულა 9, ბურთები 9:13
  6. კოსოვო - ქულა 1, ბურთები 3:24
პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]