weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატზე ლიონელ მესის ჰეთ-თრიქმა გაიყვანა

12:32 ოთხშაბათი, 11 ოქტომბერი 2017

რუსეთში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის ხანგრძლივი საკვალიფიკაციო ციკლი სამხრეთ ამერიკის ზონაშიც დასრულდა. უკანასკნელი ტური გადამწყვეტი, საკმაოდ საინტერესო და დრამატული გამოდგა. ხუთ მატჩს შორის მთავარი მოვლენა, რა თქმა უნდა, კრიზისში მყოფი არგენტინის ნაკრების მუნდიალზე გასვლაა - ეროვნულ გუნდს მხსნელად ისევ და ისევ ლიონელ მესი მოევლინა.

მსოფლიო პირველობაზე დიდი ხნის წინ გასულმა ბრაზილიამ სან პაულოში ჩილეს უმასპინძლა და სამი გოლით დასაჯა მეტოქე: ანგარიში „ბარსელონელმა“ პაულინიომ დანი ალვესის შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ გახსნა, „მანჩესტერ სიტის“ ახალგაზრდა ფორვარდმა გაბრიელ ჟეზუსმა კი დუბლი შეასრულა და „სელესაოს“ მაისურით პირადი მონაგარი 11 მატჩში გატანილ 7 გოლამდე გაზარდა. 20 წლის ფორვარდის მსგავსად, ტიტეს გუნდიდან შესარჩევი ეტაპი ექვს-ექვსი გოლით დაასრულეს ხსენებულმა პაულინიომ და ნეიმარმა. რაც შეეხება ჩილეს ნაკრებს, „კოპა ამერიკის“ ბოლო ორი გათამაშების გამარჯვებულმა გუნდმა აღნიშნული საკვალიფიკაციო ციკლი საკმაოდ არადამაჯერებლად და არასტაბილურად განვლო და ბოლო ტურში მისი მუნდიალის მიღმა დარჩენაც, რაც პარალელურად მიმდინარე სხვა გუნდების მატჩებმაც განაპირობა, საკმაოდ კანონზომიერია.

ყველაფერი კეთილად დასრულდა არგენტინის ეროვნული ნაკრებისთვის. უდიდესი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მყოფ „ალბისელესტეს“ სტუმრად ეკვადორის ნაკრებთან მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა, რადგან ფრის ან წაგების შემთხვევაში მსოფლიო თასის მიღმა რჩებოდა. არგენტინის ნაკრებს ეკვადორელებთან სარევანშოდაც ჰქონდა საქმე პირველ ტურში ბუენოს აირესში განცდილი მარცხისთვის (0:2). შეხვედრა ხორხე სამპაოლის გუნდისთვის კოშმარად დაიწყო - მასპინძლებმა პირველივე წუთზე იხეირეს და არგენტინელები დაშოკეს, თუმცა ამის შემდეგ ყველაფერი საკუთარ თავზე ლიონელ მესიმ აიღო - სუპერვარსკვლავმა კაპიტანმა პირველივე ტაიმში, მე-11 და მე-18 წუთებზე დუბლი გაიფორმა, მეორე ნახევრის 62-ე წუთზე კი ჰეთ-თრიქი შეასრულა და უდიდესი საფეხბურთო წარსულის მქონე ქვეყნის ეროვნულ გუნდს მუნდიალის საგზური მოუპოვა.

მოულოდნელი გამოდგა პარაგვაელთა საშინაო მარცხი ბოლოადგილოსან ვენესუელასთან. ასუნსიონში გამართული მატჩის მოგების შემთხვევაში მასპინძლები პირდაპირ ხვდებოდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე, თუმცა პარაგვაის ნაკრებმა ბოლო ტურამდე უდიდესი გაჭირვებით მიყვანილი საქმე თავადვე გააფუჭა.

უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გაიმართა ლიმას „ესტადიო ნასიონალზე“, სადაც პერუ და კოლუმბია პარალელურად მოთამაშე სხვა გუნდების შედეგებზე ფიქრში ებრძოდნენ ერთმანეთს, რადგან არსებობდა რამდენიმე ვარიანტი, რომლითაც ორივე გუნდი კარგავდა გასვლის შანს, საბოლოოდ შეხვედრა ფრედ მორჩა: „კაფეტერები“ 56-ე წუთზე ხამეს როდრიგესმა დააწინაურა, საპასუხო გოლი კი 74-ე წუთზე ე.წ. სტანდარტული სიტუაციიდან პერუელთა გუნდის კაპიტანმა და ლიდერმა, გამოცდილმა ფორვარდმა ხოსე პაულო გერერომ გაიტანა. აღნიშნული შედეგით კოლუმბია პირდაპირ მოხვდა მუნდიალზე, პერუ კი - გადათამაშებაში, სადაც ნოემბერში ახალი ზელანდიის ნაკრებს შეხვდება რუსეთში გასამგზავრებელი საგზურის მოსაპოვებლად.

მონტევიდეოში ბოლივიასთან იოლად იმარჯვა ურუგვაის ნაკრებმა და ცხრილში მე-2 ადგილი შეინარჩუნა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში ექვსივე გოლი ურუგვაელებმა გაიტანეს: ოთხი მეტოქის, ორი კი საკუთარ კარში. ლუის სუარესმა დუბლი გაიფორმა, მარტინ კასერესმა და ედინსონ კავანიმ კი თითო გოლი გაუტანეს ბოლივიელებს. „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა შესარჩევი ციკლი ყველაზე მეტი, 10 გატანილი გოლით დაასრულა.

მე-18 ტურის მატჩების ანგარიშები:

ბრაზილია 3:0 ჩილე

ეკვადორი 1:3 არგენტინა

პარაგვაი 0:1 ვენესუელა

პერუ 1:1 კოლუმბია

ურუგვაი 4:2 ბოლივია

სატურნირო ცხრილი:

  1. ბრაზილია - 41 ქულა, ბურთები 41:11
  2. ურუგვაი - 31 ქულა, ბურთები 32:20
  3. არგენტინა - 28 ქულა, ბურთები 19:16
  4. კოლუმბია - 27 ქულა, ბურთები 21:19
  5. პერუ - 26 ქულა, ბურთები 27:26
  6. ჩილე - 26 ქულა, ბურთები 26:27
  7. პარაგვაი - 24 ქულა, ბურთები 19:25
  8. ეკვადორი - 20 ქულა, ბურთები 26:29
  9. ბოლივია - 14 ქულა, ბურთები 16:38
  10. ვენესუელა - 12 ქულა, ბურთები 19:35
პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]