weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტური უხვგოლიანად დაიწყო

11:24 ოთხშაბათი, 18 ოქტომბერი 2017

2017-2018 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი სამი კვირის თავზე, სანაკრებო ბატალიების შემდეგ განახლდა და რვა გამართულ მატჩში 31 გოლი გავიდა. მე-3 ტური რამდენიმე გუნდისთვის გადამწყვეტიც გამოდგა.

E ჯგუფის ფავორიტი „ლივერპული“ საწყის ორ ტურში ნათამაშები ფრეების შემდეგ სლოვენიაში ჩავიდა და ქვეყნის ჩემპიონ „მარიბორისგან“ ქვა-ქვაზე არ დატოვა. მერსისაიდელებმა მასპინძელ გუნდს შვიდი უპასუხო გოლი გაიტანეს და ამით ტურნირის რეკორდიც დაამყარეს - აქამდე შვიდბურთიანი სხვაობით არცერთი შეხვედრა არ დასრულებულა. ბრწყინვალედ იასპარეზა ჩინებულ ფორმაში მყოფმა მოჰამედ სალაჰმა, რომელმაც დუბლითა და საგოლე პასებით გამოირჩა, დუბლი გაიფორმა რობერტო ფირმინომაც, თითო გოლი კი მარიბორელებს ფილიპე კოუტინიომ, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა და ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა გაუტანეს. მოულოდნელი შედეგით დასრულდა პარალელურად მიმდინარე მატჩი მოსკოვში, რომელშიც მასპინძელი „სპარტაკი“ ქვინსი პრომესის თავური დარტყმით დაწინაურდა, საპასუხო გოლი კი „სევილიის“ დანიელმა მცველმა სიმონ კიაერმა გაიტანა. ამის შემდეგ სევილიელებმა მოსკოველთა კართან შტურმი მოაწყეს და რამდენიმე სეივი მეკარე ალექსანდრ სელიხოვმა განახორციელა, საპასუხოდ კონტრშეტევისას კი მასპინძელი გუნდი დაწინაურდა. ალოგიკურმა გოლმა ესპანური კლუბი დააბნია და შემდეგ სულ მოშალა, „სპარტაკმა“ კი გაილაღა და რამდენჯერაც მეტოქის საჯარიმოს შეუტია, იმდენი გოლი გაიტანა. ქვინსი პრომესმა სერხიო რიკოს კარში დუბლი შეასრულა, ამასთანავე ჰოლანდიელმა ფორვარდმა ორი საგოლე პასიც გააკეთა. რაც შეეხება ჯანო ანანიძეს, იგი ტრავმის გამო „სპარტაკის“ განაცხადშიც არ ყოფილა.

მარიბორი - სევილია 0:7

რ. ფირმინო (4), ფ. კოუტინიო (13), სალაჰი (19), სალაჰი (40), რ. ფირმინო (54), ოქსლეიდ-ჩემბერლენი (86), ალექსანდერ-არნოლდი (90).

მოსკოვის სპარტაკი - სევილია 5:1

1:0 პრომესი (18) 1:1 კიაერი (30) 2:1 მელგარეხო (58) 3:1 გლუშაკოვი (67) 4:1 ლუის ადრიანო (74) 5:1 პრომესი (90).

დღის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა მანჩესტერში შედგა, სადაც „,მანჩესტერ სიტიმ“ იტალიურ „ნაპოლის“ უმასპინძლა. მიმდინარე სეზონში თავიანთი შიდა ჩემპიონატის ლიდერების, შესანიშნავ ფორმაში მყოფი ორი გუნდის დაპირისპირება მასპინძელთა უდიდესი უპირატესობით დაიწყო და პეპ გვარდიოლას შეგირდებიც უმალ ორი ბურთით დაწინაურდნენ. სანამ ნეაპოლიტანელები გონს მოეგებოდნენ, მანჩესტერელები საგოლე მომენტს მომენტზე ქმნიდნენ და კიდევ არაერთი გოლის გატანა მართებდათ, თუმცა მოულოდნელად კონტრშეტევისას მათ საჯარიმოში ესპანელმა არბიტრმა პენალტი დანიშნა. სხვაობის შემცირება დრის მერტენსმა ითავა, თუმცა მისი თერთმეტმეტრიანი დარტყმული მეკარე ედერსონმა უკუაგდო. სანახაობრივ და მაღალტემპიან მატჩში „ნაპოლიმ“ მაინც შეძლო გოლის გატანა - მაურიციო სარის გუნდმა მეორე ნახევარში კიდევ მოიპოვა პენალტის დარტყმის უფლება და ამჯერად 20 წლის გვინეელი ამადუ დიავარას შესრულება ზუსტი გამოდგა. გადამწყვეტი აღმოჩნდა როტერდამის „დე კუიპზე“ გამართული F ჯგუფის მეორე მატჩი, რომელიც მასპინძელმა „ფეიენოორდმა“ კარგად დაიწყო და „შახტართან“ ზედიზედ ორი სახიფათო მომენტის შემდეგ დაწინაურდა კიდეც - ტონი ვილენას უძლიერესი დარტყმული დონეცკელთა გოლკიპერმა ანდრეი პიატოვმა გაჭირვებით მოიგერია და იქვე მყოფმა სტივენ ბერგჰუისმა თავით ანგარიში გახსნა. სიხარულისგან გადარეულმა როტერდამელებმა საპასუხო გოლი პირველივე ტაიმში მიიღეს - ბრაზილიელი ბერნარდი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, მოატყუა და ანგარიში გაქვითა, მეორე ნახევრის სტარტზე კი დუბლი გაიფორმა და ჰოლანდიის მოქმედ ჩემპიონს შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი პრაქტიკულად მოუსპო. აღსანიშნავია, რომ საქართველო ნაკრების წევრი დავით ხოჭოლავა თამაშში 77-ე წუთზე ჩაერთო, მას შემდეგ, რაც დონეცკელთა ცენტრალური მცველი ივან რაკიცკი გააძევეს. „შახტარმა” უმცირესობაში დარჩენის მიუხედავად, ანგარიში შეინარჩუნა და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა. ქართველმა მცველმა კი კარგი გარჯისთვის მთავარ მწვრთნელ პაულო ფონსეკასგან და თანაგუნდელებისგან შექება დაიმსახურა.

მანჩესტერ სიტი - ნაპოლი 2:1

1:0 სტერლინგი (9) 2:0 გაბრიელ ჟეზუსი (13) 2:1 ა. დიავარა (73 პ.).

ფეიენოორდი - დონეცკის შახტარი 1:2

1:0 ბერგჰუისი (8) 1:1 ბერნარდი (24) 1:2 ბერნარდი (54).

მოულოდნელი შედეგით დასრულდა თანაბარი გუნდებით დაკომპლექტებული G ჯგუფის შეხვედრა, სადაც „მონაკომ“ სტამბოლის „ბეშიქთაშს“ უმასპინძლა და მეორედ დამარცხდა საკუთარ კედლებში. საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონები გუნდის ლიდერმა რადამელ ფალკაომ დააწინაურა, თუმცა ოთხ წუთში თურქმა ფორვარდმა ჯენქ თოსუნმა წონასწორობა აღადგინა, მეორე ნახევრის დასაწყისში კი დუბლი შეასრულა და თურქეთის ჩემპიონ გუნდს უაღრესად მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა. პარალელურად საინტერესო და უხვგოლიანი შეხვედრა შედგა ლაიპციგშიც, რომელშიც ყველა გოლი პირველივე ტაიმში გავიდა და გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ: რალფ ჰაზენჰიუტლის შეგირდებმა კარგი შეხვედრა ჩაატარეს და სახელოვანი „პორტო“ დამსახურებულად დაამარცხეს.

მონაკო - ბეშიქთაში 1:2

1:0 რ. ფალკაო (30) 1:1 ჯენქ თოსუნი (34) 1:2 ჯენქ თოსუნი (54).

ლაიპციგი - პორტო 3:2

1:0 ორბანი (8) 1:1 აბუბაკარი (18) 2:1 ფორსბერგი (38) 3:1 ოგიუსტენი (41) 3:2 მარკანო (44).

პრინციპული მატჩი შედგა მადრიდის „სანტიაგო ბერნაბეუზე“ - ზინედინ ზიდანის გუნდმა „ტოტენჰემ ჰოტსპურს“ უმასპინძლა და დიდი ბრძოლის მიუხედავად მხოლოდ ქულა მოიპოვა. შეხვედრაში ორივე გუნდის მხრიდან ბევრი საგოლე მომენტი შეიქმნა, განსაკუთრებით რეალური შანსები კი ორჯერ კარიმ ბენზემას მიეცა, თუმცა ფრანგ ფორვარდს მიზანმა და ფორტუნამ უმტყუნეს. საბოლოოდ გუნდებმა ქულები გაიყვეს და H ქვეჯგუფში ფავორიტებად დარჩნენ, რადგან პარალელურად კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაშიც „ა.პ.ო.ე.ლ.“-მა და „ბორუსიამ“ ფრედ ითამაშეს - დორტმუნდელებმა კვიპროსის ჩემპიონის დამარცხება ვერაფრით მოახერხეს და ქვეჯგუფიდან გასვლის შანსი ფაქტობრივად დაკარგეს.

მადრიდის რეალი - ტოტენჰემ ჰოტსპური 1:1

0:1 ვარანი (28 ს.კ.) 1:1 კ. რონალდო (43 პ.).

ა.პ.ო.ე.ლ. - დორტმუნდის ბორუსია

1:0 პოტე (62) 1:1 პაპასტათოპულოსი (67).

დღეს ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ოთხ ქვეჯგუფში გაიმართება მესამე ტურის დარჩენილი რვა შეხვედრა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]