weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

ჩემპიონთა ლიგაზე მესამე ტური დასრულდა

11:29 ხუთშაბათი, 19 ოქტომბერი 2017

მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მესამე ტური დასრულდა. ფავორიტმა გუნდებმა დაგეგმილი გამარჯვებების მოპოვება შეძლეს, ტურის ცენტრალურმა შეხვედრამ კი მოლოდინები სრულად გაამართლა.

A ჯგუფის ლიდერი „მანჩესტერ იუნაიტედი“ ლისაბონს ესტუმრა და ადგილობრივ „ბენფიკას“ ძალების ზედმეტი დახარჯვის გარეშე სძლია. პორტუგალიის ჩემპიონმა მესამე მატჩი წააგო და პრაქტიკულად გამოეთიშა სატურნირო ბრძოლას. შეხვედრის ერთადერთი გოლი სტანდარტული სიტუაციიდან გავიდა, როდესაც მარკუს რეშფორდის ჩაწოდებისას „ბენფიკას“ 18 წლის ბელგიელი გოლკიპერი მილე სვილარი ბურთიანად შევიდა კარში. საინტერესო ბრძოლა იყო პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში, სადაც მოსკოვის არმიელთა კლუბი „ბაზელს“ მასპინძლობდა. შვეიცარიის ჩემპიონმა კლუბმა წინა ტურის მსგავსად დაამტკიცა, რომ ხელწამოსაკრავი გუნდი არაა. პირველ ტაიმში ალბანელმა ტაულანტ ჯაკამ საჯარიმოს გარედან ლამაზი დარტყმით დააწინაურა სტუმრები. „ბაზელი“ მწყობრად უტევდა, „ც.ს.კ.ა.“ გათანაბრებას ცდილობდა, თუმცა მატჩის უკანასკნელ წუთზე აქეთ მიიღო მეორე გოლი - შეცვლაზე შესულმა 20 წლის დიმიტრი ობერლინმა კონტრშეტევა შედეგიანად დაასრულა ჩემპიონთა ლიგის სამ მატჩში მესამე გოლი მიითვალა.

ბენფიკა - მანჩესტერ იუნაიტედი 0:1

რეშფორდი (64).

მოსკოვის ც.ს.კ.ა. - ბაზელი 0:2

ტ. ჯაკა (29), ობერლინი (90).

B ჯგუფში იოლად იმარჯვეს ორივე ფავორიტმა. „პარი სენ-ჟერმენმა“ კვლავაც ნაქები ტრიოს შესანიშნავი თამაშის წყალობით მოიგო სტუმრად დიდი ანგარიშით, „ბაიერნმა“ კი იუპ ჰაინკესს გუნდში დაბრუნება საშინაო გაამრჯვებით მიულოცა. ბრიუსელში პარიზელები სწრაფი გოლით დაწინაურდნენ: კილიან მბაპემ მახვილი კუთხიდან დაარტყა - 0:1, „ანდერლეხტის“ უშედეგო გაბრძოლების შემდეგ მეორე ბურთი ედინსონ კავანიმ მბაპეს თავური პასით თავით გაიტანა, მეორე ტაიმში ნეიმარმა ჭკვიანურად და ზუსტად შეასრულა საჯარიმო დარტყმა, ხოლო წერტილი მატჩში შეცვლაზე შესულმა ანხელ დი მარიამ დასვა. ბავარიელებმა „ალიანც არენაზე“ გლაზგოს „სელტიკი“ არ დაინდეს და სამი გატანილი გოლით დასაჯეს შოტლანდიის ჩემპიონი გუნდი.

ანდერლეხტი - პარი სენ-ჟერმენი 0:4

მბაპე (3), კავანი (44), ნეიმარი (66), დი მარია (88).

ბაიერნი - სელტიკი 3:0

თ. მიულერი (17), კიმიხი (29), ჰუმელსი (51).

C ჯგუფში პირველი შეხვედრა სხვებზე ადრე შედგა. ბაქოში გამართული მატჩი „ყარაბაღსა“ და მადრიდის „ატლეტიკოს“ შორის უგოლო ფრით დასრულდა. კაცნაკლულმა აზერბაიჯანულმა კლუბმა ისტორიული ქულა მოიპოვა, დიეგო სიმეონეს გუნდმა კი უდიდესი უპირატესობის მიუხედავად, გამარჯვება ვერ მოახერხა და ქვეჯგუფში სიტუაცია გაირთულა. მოგვიანებით გამართული სათამაშო დღის ცენტრალური შეხვედრა კი უაღრესად საინტერესო, შედეგიანი, დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. ლონდონის „ჩელსიმ“ „რომას“ უმასპინძლა და მაღალტემპიან შეხვედრაში ორი ბურთით დაწინაურდა. ჯერ დავიდ ლუისმა გაიტანა მოჭრილი დარტყმით, შემდეგ კი ედენ აზარმა სხვაობა გაზარდა, თუმცა სამ წუთში რომაელთა მხრიდან პირველივე ხეირიანი იერიში გოლით დასრულდა - ალექსანდარ კოლაროვმა ცაციით ჩვეულ სტილში ყუმბარისებურად დაარტყა და ხუთ წუთშიც გუნდები შესვენებაზე გავიდნენ. მეორე ტაიმის ექვსწუთიან მონაკვეთში „რომას“ ცენტრფორვარდმა ედინ ჯეკომ ჯერ ცაციით, შემდეგ კი სტანდარტულიდან თავურით, დუბლი შეასრულა და ჩამორჩენილი გუნდი წინ გაიყვანა. განსაკუთრებით ლამაზი გამოდგა მისი პირველი გოლი, როდესაც თანაგუნდელის გადაცემული ბურთი ძირსდაუშვებელი დარტყმით მოათავსა ტიბო კურტუას კარში. მასპინძელი „არისტოკრატები“ ისევ აზარმა იხსნა, რომელმაც ხუთ წუთში თავით გაათანაბრა და დარჩენილ დროში ორმხრივი ბრძოლის მიუხედავად ანგარიში აღარ შეცვლილა.

ყარაბაღი - მადრიდის ატლეტიკო 0:0

ჩელსი - რომა 3:3

1:0 დ. ლუისი (11) 2:0 ე. აზარი (37) 2:1 კოლაროვი (40) 2:2 ჯეკო (64) 2:3 ჯეკო (70) 3:3 ე. აზარი (75).

D ჯგუფში ორივე გამოკვეთილმა ფავორიტმა გუნდმა მოიგო საკუთარი შეხვედრები, „ბარსელონამ“ იოლად, „იუვენტუსმა“ კი - გაჭირვებით. კატალონიელები „ოლიმპიაკოსთან“ ავტოგოლით დაწინაურდნენ, როდესაც ჟერარ დეულოფეუს გამჭოლი გადაცემა 19 წლის მცველმა დიმიტრის ნიკოლაუმ საკუთარ კარში ჩაჭრა. ტაიმის მიწურულს ორი ყვითელი ბარათის გამო „კამპ ნოუ“ ნაადრევად ჟერარ პიკემ დატოვა, თუმცა დანაკლისი „ბარსას“ არც დასტყობია. მეორე ტაიმში ლიონელ მესიმ საჯარიმო დარტყმით სხვაობა გაზარდა, თავად კი საკლუბო ევროტურნირებზე საიუბილეო მე-100 გოლი გაიტანა. სამ წუთში განხორციელებული შეტევისას კატალონიელთა ფრანგმა მარცხენა მცველმა ლუკა დინმა ცაციიდან ზუსტად დაარტყა, საბერძნეთის ჩემპიონმა კლუბმა კი უკანასკნელ წუთზე პრესტიჟის გოლის გატანა შეძლო - კუთხურიდან თავური გოლით ნიკოლაუმ ავტოგოლი გამოისყიდა. ანგარიში ტურინშიც ავტოგოლით გაიხსნა: მეკარესთან პირისპირ გასულ „სპორტინგელ“ ჟელსონ მარტინსს დარტყმა ჯანლუიჯი ბუფონმა აუღო, თუმცა უკუგდებული ბურთი იქვე ალექს სანდროს მოხვდა და კარში შეგორდა. 29-ე წუთზე გოლის გემო მირალემ პიანიჩმა გაიხსენა და უზადო საჯარიმო დარტყმით ანგარიში გაქვითა. მასიმილიანო ალეგრის გუნდს გამარჯვება ძალიან სურდა და საწადელს მსაჯის საფინალო სასტვენამდე ექვსი წუთით ადრე მიაღწია: სამი ქულის მომტანი გოლი მარიო მანჯუკიჩმა ურთულესი თავურით გაიტანა და კონკურენტი ლისაბონელები „იუვენტუს სტედიუმიდან“ უქულოდ გააბრუნა.

ბარსელონა - ოლიმპიაკოსი 3:1

1:0 ნიკოლაუ (18 ს.კ.) 2:0 მესი (61) 3:0 დინი (64) 3:1 ნიკოლაუ (90).

იუვენტუსი - ლისაბონის სპორტინგი 2:1

0:1 ალექს სანდრო (11 ს.კ.) 1:1 პიანიჩი (29) 2:1 მანჯუკიჩი (84).

ჩემპიონთა ლიგის მომდევნო, მე-4 ტურის შეხვედრები 31 ოქტომბერსა 1-ელ ნოემბერს გაიმართება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]