weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

საქართველო-ბელარუსის ამხანაგური შეხვედრა ფრედ დასრულდა

23:48 ორშაბათი, 13 ნოემბერი 2017

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ფრედ, 2:2 ითამაშა ბელარუსთან. კვიპროსთან მოგების შემდეგ, ვლადიმირ ვაისმა ძირითად შემადგენლობაში შვიდი ფეხბურთელი შეცვალა.

წინა მატჩის თერთმეტეულისგან განსხვავებით, ამჯერად სასტარტოში მხოლოდ გურამ კაშია, დავით ხოჭოლავა, ჯაბა კანკავა და გიორგი პაპუნაშვილი იყვნენ. საწყის 15 წუთში თანაბარი თამაში ვიხილეთ, შემდეგ კი ქართველებმა ცენტრში უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა გოლი აქეთ გაუშვეს – კარგი კონტრშეტევის შემდეგ ბელარუსთა კაპიტანმა იგორ სტასევიჩმა მეკარე როინ კვასხვაძეს კუთხეში დაურტყა, „ტორპედოს“ მეკარე გადახტა, მაგრამ ბურთს ვერ მისწვდა.

ამის შემდეგ ქართველებმა შეტევები გაამწვავეს, რამაც შტურმის სახეც მიიღო. კარგი იყო გიორგი აბურჯანია, შეტევაში ბევრს მოძრაობდა და მონდომებული იყო თბილისის „ლოკომოტივის“ თავდამსხმელი ირაკლი სიხარულიძე, ყველაზე აქტიური კი გიორგი პაპუნაშვილი გახლდათ. შანსები ჰქონდათ სიხარულიძეს, ჯაბა ჯიღაურსა და პაპუნაშვილს, რის შემდეგაც სიხარულიძემ გაათანაბრა: კუთხურის შემდეგ ცოტა უხერხულ პოზიციაში მიუვიდა ბურთი, მაგრამ მახვილი კუთხიდან ზუსტად დაარტყა – 1:1.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირ სიხარულიძეს ცოტა დააკლდა მეორე გოლამდე: დასწრებაზე დაარტყა და მეკარემ მოიგერია კუთხურზე, თუმცა ამ კუთხურს გოლი მოჰყვა – ლაშა შერგელაშვილმა ჩააწოდა, ლაშა დვალმა კი ვარდნაში თავურით წინ გაიყვანა თავისიანები. ეს დვალის პირველი გოლია ეროვნულ ნაკრებში. დვალის გოლიდან რამდენიმე წუთში ჯაბა კანკავას შეეძლო დაესრულებინა ინტრიგა, თუმცა პაპუნაშვილ-ჯიღაურის კომბინაციისას კაპიტანმა ხელსაყრელი პოზიციიდან სუსტად დაარტყა. გურამ კაშიას შეცვლის შემდეგ კი დაცვის ცენტრში პრობლემები გაჩნდა, ბელარუსებმა მარტივი კონტრშეტევა გაახორციელეს და მარცხნიდან ჩაწოდებულ ბურთს პაველ ნეხაიჩიკმა თავური შეაგება ისე, რომ ხელს არავინ უშლიდა – 2:2.

ამის შემდეგ ქართველებს უფრო ჰქონდათ შანსები, ოღონდ ბოლო ფაზაში მოიკოჭლებდნენ. გიორგი ქვილითაიას შეეძლო საჯარიმოში უკეთ თამაში, აქტიური იყო გიროგი მერებაშვილი და მასაც ბოლოს აკლდებოდა სიზუსტე. ნაკრები უტევდა და ალბათ მოგებამდეც მივიდოდა საქმე, „ჯვაროსნების“ შემტევები მეორე ტაიმში უფრო თავდაჯერებულნი რომ ყოფილიყვნენ. მთავარი კი ისაა, რომ ვლადიმირ ვაისმა საქმეში ნახა ახალი ფეხბურთელები, რამაც სავარაუდოდ მომავალში სარგებელი უნდა მოიტანოს გუნდისთვის.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]