weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ჩემპიონთა ლიგაზე ბოლოსწინა ტური დაიწყო

11:20 ოთხშაბათი, 22 ნოემბერი 2017

2017-2018 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე მე-5 ტურის პირველი შეხვედრები გაიმართა. რვა მატჩით კიდევ ორი მერვედფინალისტი გუნდი გამოვლინდა: პლეი-ოფის საგზურები სტამბოლის „ბეშიქთაშმა“ და მადრიდის „რეალმა“ მოიპოვეს.

ფრეებით დასრულდა E ქვეჯგუფის ორივე შეხვედრა, რამაც ამ ჯგუფში კიდევ ვერ გაარკვია მერვედფინალისტთა ვინაობა. მოსკოვის „სპარტაკმა“ ქულები აუტსაიდერ „მარიბორთან“ დაკარგა. ამ ორი გუნდის პირველი შეხვედრის მსგავსად, ამჯერადაც ანგარიში 1:1 დაფიქსირდა. რაც შეეხება „სევილიისა“ და „ლივერპულის“ უაღრესად საინტერესო პაექრობას, ანდალუსიაში ჩატარებული მატჩი პირველ ტურში გამართული შეხვედრის დარად უხვგოლიანი გამოდგა. აღსანიშნავია, რომ სტუმარმა მერსისაიდელებმა სევილიაში პირველი ტაიმი სამბურთიანი სხვაობით მოიგეს, თუმცა მეორე ნახევარში მასპინძლებმა ძალების გამონახეს, ანგარიში გაქვითეს და იურგენ კლოპის გუნდს ხელიდან საჭირო ქულა გამოგლიჯეს.

მოსკოვის სპარტაკი - მარიბორი 1:1

1:0 ზე ლუისი (82) 1:1 მეშანოვიჩი (90+2).

სევილია - ლივერპული 3:3

0:1 რ. ფირმინო (2) 0:2 მანე (22) 0:3 რ. ფირმინო (30) 1:3 ბენ იედერი (51) 2:3 ბენ იედერი (60 პ.) 3:3 გ. პისარო (90+3).

F ჯგუფში წარმატებულ სვლას განაგრძობს „მანჩესტერ სიტი“. პეპ გვარდიოლას გუნდი ბრწყინვალე სათამაშო ფორმაში იმყოფება და მიუხედავად იმისა, რომ უსუსტესი „ფეიენოორდი“ გვიანი გოლით დაამარცხა, ზედიზედ მეხუთე გამარჯვების გამო მას მხოლოდ საქებარი სიტყვები ეკუთვნის. პარალელურად ნეაპოლის „სტადიო სან პაოლოზე“ პრინციპული მატჩი შედგა, იტალიის ჩემპიონატის პირველადგილოსანმა „ნაპოლიმ“ პირწმინდად დაჯაბნა დონეცკის „შახტარი“ და მერვედფინალში გასვლის რეალური შანსი გაუჩნდა. მაურიციო სარის შემტევმა გუნდმა უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, სამი გოლი გაუტანა სტუმრებს, ცალკე აღნიშვნის ღირსი კი ლორენცო ინსინიეს გოლია, რომელიც იტალიელმა ფეხბურთელმა შორიდან უზუსტესი გასროლით ცხრიანში შეაგდო. დონეცკელთა რიგებში მყოფი მცველი დავით ხოჭოლავა შეხვედრისას სათადარიგო სკამზე იმყოფებოდა.

მანჩესტერ სიტი - ფეიენოორდი 1:0

სტერლინგი (88).

ნაპოლი - დონეცკის შახტარი 3:0

ინსინიე (56), ზელინსკი (81), მერტენსი (83).

თითქმის თანაბარი ძალის გუნდებით დაკომპლექტებულ G ჯგუფში პირველი ადგილი „ბეშიქთაშმა“ დაიკავა. სტამბოლურ კლუბს საამისოდ მე-5 ტურში ფრეც აძლევდა ხელს და ასეც მოხდა - შენოლ გიუნეშის გუნდმა ქულები „პორტოსთან“ გაიყო და პლეი-ოფის საგზური დაიბევა. ქვეჯგუფის მეორე შეხვედრაში სატურნირო ბრძოლას „მონაკო“ გამოეთიშა, რომელმაც საკუთარ სარბიელზე ფარ-ხმალი „ლაიპციგთან“ პირველივე ტაიმში დაყარა და ჯგუფში ბოლო ადგილზე გამყარდა, შესაბამისად, მერვედფინალის მეორე საგზურის მფლობელის ვინაობა ბოლო ტურში „ლაიპციგსა“ და „პორტოს“ შორის გაირკვევა.

ბეშიქთაში - პორტო 1:1

0:1 ფელიპე (29) 1:1 ტალისკა (41).

მონაკო - ლაიპციგი 1:4

0:1 ჟემერსონი (6 ს.კ.) 0:2 ვერნერი (9) 0:3 ვერნერი (31 პ.) 1:3 რ. ფალკაო (43) 1:4 ნ. კეიტა (45).

ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა მადრიდის „რეალმა“ კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში იოლი გამარჯვება მოიპოვა. ზიდანმა და კომპანიამ ექვსი უპასუხო ბურთით დაამარცხეს (რონალდომ და ბენზემამ დუბლი შეასრულეს) ნიქოზიელ ბერძენთა ათლეტური საფეხბურთო კლუბი და პირველადგილოსანი „ტოტენჰემის“ მსგავსად მერვედფინალში გავიდნენ. პარალელურად კი ხსენებულმა ლონდონურმა კლუბმა სტუმრადაც დაჯაბნა ღრმა კრიზისში მყოფი დორტმუნდის „ბორუსია“ და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მიმდინარე სეზონში სერიოზულ ძალას წარმოადგენს.

ა.პ.ო.ე.ლ. - მადრიდის რეალი 0:6

მოდრიჩი (23), ბენზემა (39), ნაჩო (41), ბენზემა (45+1), კ. რონალდო (49), კ. რონალდო (54).

დორტმუნდის ბორუსია - ტოტენჰემ ჰოტსპური 1:2

1:0 ობამეიანგი (31) 1:1 კეინი (49) 1:2 ჰიუნ-მინ სონი (76).

დღეს ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ოთხ ქვეჯგუფში გაიმართება მეხუთე ტურის დარჩენილი რვა შეხვედრა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]