weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ქუთაისის „ტორპედო“ საქართველოს ჩემპიონია

10:27 ორშაბათი, 27 ნოემბერი 2017

ქუთაისის საფეხბურთო კლუბი „ტორპედო“ საქართველოს ჩემპიონი 15-წლიანი პაუზის შემდეგ გახდა. ეროვნული ლიგის ბოლო ტურში კახა ჩხეტიანის გუნდს უშუალო კონკურენტ თბილისის „დინამოსთან“ მხოლოდ გამარჯვება აძლევდა ხელს, რასაც მიაღწია კიდეც.

მატჩის და მთლიანად სეზონის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც 76-ე წუთზე თორნიკე კაპანაძემ გაიტანა. ქუთაისელთა შემტევი ფეხბურთელი ფლანგური გადაცემის შემდეგ მცველებს გაექცა და მეკარეს თავურით შანსი არ დაუტოვა - 0:1, მაგრამ ეს არ ყოფილა კულმინაცია: რამდენად დიდი წვლილიც კაპანაძემ შეიტანა „ტორპედოს“ ჩემპიონობაში, იგივე ითქმის მეკარე როინ კვასხვაძეზე - ქუთაისელთა კაპიტანმა გოლკიპერმა ჯერ 90-ე წუთზე აკაკი შულაიას აუღო ძალიან რთული ბურთი, ხოლო მსაჯის მიერ მეოთხეკომპენსირებულ წუთზე პენალტი მოიგერია და „დინამოს“ ოცნება მოკლა.

მიკოლა კოვტალიუკის წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტრიანი ოთარ კიტეიშვილმა შეასრულა. „დინამოს“ კაპიტანს რომ გაეტანა, ჩემპიონი დედაქალაქური გუნდი ხდებოდა, მაგრამ ორი კაპიტნის დუელში გამარჯვებული სწორედ კვასხვაძე გამოვიდა.

ქუთაისის „ტორპედოს“ წლევანდელი ჩემპიონობა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მისი რიგით მეოთხე ტიტულია.

ქუთაისელებმა 36 ტურში 76 ქულა მოიპოვეს, სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე კი 75 ქულით მათი ყველაზე პრინციპული მეტოქე თბილისის „დინამო“ გავიდა. მესამე ადგილი 68 ქულით „სამტრედიამ“ დაიკავა. წლევანდელი ჩემპიონატის ბომბარდირი 25 გატანილი გოლით თბილისის „ლოკომოტივის“ ფორვარდი ირაკლი სიხარულიძე გახდა.

„ტორპედო“ 2018-2019 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს. რაც შეეხებათ მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს, ისინი საქართველოს ევროპა ლიგაზე წარადგენენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]