weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

თუშიშვილმა რინერს გადაასწრო, სამეულში კიდევ 3 ქართველია

10:25 ოთხშაბათი, 20 დეკემბერი 2017

რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში დასრულებული მასტერსის შემდეგ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) მსოფლიო რეიტინგი განაახლა. მოგეხსენებათ, ქართველმა ძიუდოისტებმა ამ ტურნირზე დიდ წარმატებას მიაღწიეს და კლასიფიკაციაში მათი წინსვლა მოულოდნელი არ ყოფილა.

აღსანიშნავია, რომ მასტერსის ოქროს მედლის მფლობელმა გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) 4580 ქულა მოაგროვა, ერთი ადგილით დაწინაურდა და მე-2 საფეხურზე გადაინაცვლა. ქართველმა ფალავანმა უკან მოიტოვა ლეგენდად ქცეული ფრანგი ტედი რინერი (3550 ქულა), რომელსაც პეტერბურგულ მასტერსში მონაწილეობა არ მიუღია, ფინალში თუშიშვილის მიერ დამარცხებული ბრაზილიელი დავიდ მოურა (5710 ქულა) კი რეიტინგში ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს.

ასევე ერთი საფეხურით დაწინაურდა და მე-2 ადგილზე აინაცვლა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა (100 კგ), რომელმაც ხსენებულ მასტერსზე გაჩემპიონებით 4732 ქულა მოაგროვა. ლიპარტელიანი სულ მცირედით ჩამორჩება ჰოლანდიელ მიხაელ კორელს (4836 ქულა), რომელსაც სანკტ-პეტერბურგის ტურნირის ფინალში დამაჯერებლად აჯობა. უნგრელი მიკლოშ ცირიენიჩი (4279 ქულა), რომელიც ლიპარტელიანმა ნახევარფინალში დაჯაბნა, მე-3 ადგილამდე დაქვეთდა.

რეიტინგის ლიდერთან ჩამორჩენა შეამცირა აღნიშნული მასტერსის კიდევ ერთმა ოქროსმედალოსანმა ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ). პეტერბურგული ტრიუმფის წყალობით, ქართველმა ძიუდოისტმა 4150 ქულა მოაგროვა, ერთბაშად 8 პოზიციით დაწინაურდა და მე-2 საფეხურამდე აღზევდა. აღნიშნული წონითი კატეგორიის ლიდერად სერბი ალექსანდარ კუკოლი (4418) რჩება, ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი (3679 ქულა) კი მე-3 საფეხურზეა.

კლასიფიკაციის მოწინავე სამეულში რჩება ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), რომელმაც მასტერსზე ბრინჯაოს მედლის მოპოვება მოახერხა. მან 4251 ქულით მე-3 ადგილი შეინარჩუნა, მის წინ კი იაპონელი ჰიფუმი აბე (4500 ქულა) და ებრაელი ტალ ფლიკერი (4382 ქულა) რჩებიან. ამავე წონაში ლაშა გიუნაშვილი (1228 ქულა) 26-ე საფეხურზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ სანკტ-პეტერბურგში კვარცხლბეკზე ასვლა მოახერხა ლაშა შავდათუაშვილმაც (73 კგ). ქართველმა ოლიმპიური ჩემპიონმა მასტერსზე ვერცხლი აიღო, 3722 ქულით 3 ადგილით დაწინაურდა და მე-5 პოზიციას უწია. ფინალში მისი დამამწუხრებელი იაპონელი სოიჩი ჰაშიმოტო (7150 ქულა) რეიტინგს დიდი უპირატესობით ლიდერობს, შემდეგ კი შავდათუაშვილის მიერ მეოთხედფინალში დამარცხებული მონღოლი ოდბაიარ განბაატარი (4988 ქულა) და აზერბაიჯანელები – რუსტამ ორუჯოვი (4968 ქულა) და ჰიდაიატ ჰეიდაროვი (3921 ქულა) მოდიან.

81 კგ წონით კატეგორიაში 3 ადგილი დათმო და მე-11 საფეხურამდე დაქვეითდა ზებედა რეხვიაშვილი (2368 ქულა), რომელმაც მასტერსზე პირველივე ორთაბრძოლა დათმო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]