weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ იაპონია დაამარცხეს და გაისად ელიტაში იასპარეზებენ

10:13 ოთხშაბათი, 13 ივნისი 2018

საქართველოს მორაგბეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა იაპონიას ბოლო 10 წუთში ორი ლელო გაუტანა, გელა აფრასიძემ ერთი გარდასახა და საბოლოო ანგარიშით 24:22 გამარჯვებით, საქართველომ მომავალ წელს ელიტურ 12-ში ადგილი შეინარჩუნა.

იაპონიამ ახალგაზრდა „ბორჯღალოსნებთან“ გადამწყვეტი ბრძოლა გამართა და თითქმის ყველა შეცდომით ისარგებლეს, მაგრამ ქართველებმა კონცენტრაცია არ დაკარგეს და მატჩი კაცნაკლულებმა მოიგეს.

მე-9 ადგილისთვის მატჩის ნახევარფინალში იაპონიამ გმირულად იბრძოლა და უმეტესი დრო ანგარიშში ლიდერობდა. აზიელებმა ჩვენს დერეფანში დაშვებული შეცდომით ისარგებლეს და მე-8 წუთზე ლელო-გარდასახვით დაწინაურდნენ. პასუხმა არ დააგვიანა -  მატჩის განახლებისთანავე ლუკა ჯაფარიძემ ორჯერ შეძლო უპირატესობის მოპოვება და საპასუხო ლელო გაიტანა, ხოლო გელა აფრასიძემ გარდასახა და ანგარიში გაათანაბრა.

პირველი ტაიმის მეორე ნახევარში დიდი დრო დაცვაში გავატარეთ და იაპონიამ ჯერ ჯარიმა გაიტანა, მერე სინბინით გურამ გოგიჩაშვილი გააძევეს და ლელო დაიდო - 7:17. ტაიმის მიწურულს უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ საპასუხო ლელოს გატანა მოახერხეს. კაცნაკლულ შერკინებაში ბურთის მოგების შემდეგ აფრასიძემ შეუტია, დროული პაუზის შემდეგ დემე თაფლაძეს უპასა და ის ცრუმოძრაობით ბოლო დამცველს გასცდა.

მეორე ტაიმი იაპონელთა კონტრშეტევითა და ლელოთი დასრულდა. მათი არაზუსტი გარდასახვა აფრასიძის ჯარიმამ გაათანაბრა, რომელიც ძელმა აისხლიტა. საათის თავზე რეფერიმ სანდრო მამამთავრიშვილი გაასინბინა და თითქოს იმედიც გადაიწურა, მაგრამ საქართველომ შეძლო სადავეების ხელში აღება, 72-ე წუთზე კარგ მოლს რამდენიმე დარტყმა მოყვა და თაფლაძემ ლელო გაიტანა, ხოლო აფრასიძემ გარდასახა.

78-ე წუთზე თედო აბჟანდაძემ მეტოქეს კარის წინ გაუჭრა ხაზი, იერიში ლუკა გელაშვილმა გააგრძელა, კარის წინიდან აფრასიძემ თავად შეუტია და გამარჯვების ლელო გაიტანა. მართალია გარდასახვა არაზუსტი იყო, მაგრამ მალე საფინალო სასტვენი გაისმა და უმცროსი „ბორჯღალოსნები“ 24:22 მოგებით, 17 ივნისს მე-9 ადგილისთვის ბრძოლაში შოტლანდიას შეხვდებიან.​

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]