weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

როდესაც მსოფლიოს ჩემპიონი მარცხდება

14:11 სამშაბათი, 19 ივნისი 2018

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა გერმანიამ რუსეთში მიმდინარე მსოფლიო პირველობა მარცხით დაიწყო. მუნდიალების ისტორიას კი მოქმედ ჩემპიონთა წარუმატებელი სტარტი აქამდეც მრავლად ახსოვს. ასეთი რამ ისტორიაში ექვსჯერ მოხდა.

არგენტინის ნაკრები მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია და მოქმედი ჩემპიონის რანგში ორჯერვე მარცხით დაიწყო მუნდიალი, თუმცა პირველი გუნდი, რომელსაც მსგავსი რამ შეემთხვა, იტალიის ნაკრები იყო. ეს შორეულ 1950 წელს მოხდა, მართალია წინა ჩემპიონატიდან 12 წელი იყო გასული, მაგრამ 1950 წელს ბრაზილიაში იტალია სწორედ მოქმედი ჩემპიონის რანგში იყო ჩასული. 1938 წლის ჩემპიონები საწყის შეხვედრაში შვედეთთან 2:3 დამარცხდნენ.

იტალიის შემდეგ სატარტო მატჩში ფეხი უკვე ხსენებულ არგენტინას დაუცდა: სამხრეთ ამერიკელებმა ჯერ 1982 წელს წააგეს გახსნითი მატჩი ბელგიასთან 0:1, შემდეგ კი 1990 წელს დამარცხდნენ იგივე ანგარიშით იმ წლის მუნდიალის აღმოჩენა კამერუნთან.

კამერუნელებზე არანაკლები სენსაცია 2002 წელს სენეგალმა მოახდინა, როდესაც ჩემპიონატის სასტარტო მატჩში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, თასის მოგების უმთავრეს ფავორიტად შერაცხული საფრანგეთი პაპა ბუბა დიოპის გოლით ასევე 1:0 დაამარცხა. ალბათ ყველას ახსოვს, ფრანგებმა სირცხვილის ჩამოწმენდა ვერც შემდგომ მატჩებში შეძლეს, ჯგუფურ ეტაპზე სამ თამაშში ერთი გოლიც ვერ გაიტანეს და კორეა-იაპონიის მუნდიალი უსახურად დატოვეს.

გერმანიის მექსიკასთან მარცხამდე კი წინა მსოფლიო ჩემპიონატზე იხილა პუბლიკამ მოქმედი ჩემპიონის ნაჭამი სირცხვილი: ჰოლანდიამ ესპანეთს ოთხი წლის წინანდელ ფინალში მარცხისთვის მწარე რევანში აუღო და 5:1 გააცამტვერა ვისენტე დელ ბოსკეს ნაქები გუნდი, რომელიც ქვეჯგუფში ჩარჩა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]