weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

როდესაც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ჯგუფში რჩება

12:17 ხუთშაბათი, 28 ივნისი 2018

ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიას მრავალი სენსაცია და იმედგაცრუება ახსოვს. სპორტის ნომერ პირველ სახეობაში ხშირად ხდება, რომ N1 გუნდი მოულოდნელ ფიასკოს განიცდის. მუნდიალის ისტორიაში წელს მეექვსედ მოხდა, როდესაც მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი გუნდი საწყის ეტაპზე, ჯგუფურ გათამაშებაში გამოეთიშა ასპარეზობას.

პირველად ასეთი რამ იტალიის ნაკრებს შეემთხვა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 1950 წელს „სკვადრა აძურა“ ბრაზილიაში 1938 წლის მსოფლიოს ჩემპიონის რანგში იყო ჩასული, მოგეხსენებათ, მეორე მსოფლიო ომის გამო 1942 და 1946 წლებში გასამართი ორი მუნდიალი გაცდა, ამიტომაც რამდენად ეთქმოდა 12-წლიანი ინტერვალის შემდეგ იტალიის ეროვნულ გუნდს მოქმედი ჩემპიონი, თავად განსაჯეთ. სამგუნდიან ქვეჯგუფში კი იტალია შვედეთთან დამარცხდა (2:3), პარაგვაის ფრე ეთამაშა (2:2) და ბრაზილიიდან სამშობლოში მალე გაბრუნდა.

მორიგი შემთხვევა უკვე საკმაოდ ხმაურიანი იყო. 1966 წელს ინგლისში ბრაზილია ამაყად ჩავიდა - ზედიზედ ორი მუნდიალის მომგებ სამხრეთ ამერიკელებს მესამე ტრიუმფში უმრავლესობის აზრით, ხელს ვერაფერი შეუშლიდა. ბულგარეთთან სასტარტო მატჩში პელესა და გარინჩას გოლებით გამარჯვების შემდეგ, ბრაზილიის სახელოვანი ნაკრები ჯერ უნგრეთთან დამარცხდა ანგარიშით 1:3, ხოლო მესამე მატჩი, რომელშიც პელეს ფეხი მოტეხეს, ვისენტე ფეოლას გუნდმა ბრწყინვალე ფორმაში მყოფ პორტუგალიასთანაც იგივე ანგარიშით დათმო. იმ დროიდან დღემდე არ წყდება საუბარი იმის შესახებ, რომ მასპინძელმა ინგლისელებმა ყველაფერი გააკეთეს საიმისოდ, რათა სანუკვარი მიზნისთვის ბრძოლაში უმთავრესი კონკურენტი ბრაზილია ტურნირიდან გამოეთიშათ. უამრავი საფუძვლიანი ეჭვი არსებობს იმ დროს FIFA-ს ინგლისელი პრეზიდენტის, სერ სტენლი როუზის მაქინაციურ ჩარევასა და თუნდაც იმ ფაქტზე, რომ ბრაზილიის მატჩებს განგებ მსაჯობდნენ ინგლისელი არბიტრები. არის ისეთი ჭორიც, რომ უნგრელმა ფეხბურთელებმა ინგლისელებისგან მოზრდილი თანხა აიღეს, რათა განზრახ უხეშად ეთამაშათ ბრაზილიელებთან. ასეა თუ ისე, 1966 წლის მუნდიალზე უდიდესი სენსაცია დაფიქსირდა.

მსოფლიოს მოქმედი ტრიუმფატორის მორიგ კრახამდე საფეხბურთო სამყაროს მოცდა 2002 წლამდე მოუწია. კორეასა და იაპონიაში გასამართ ჩემპიონატზე გულშემატკივართა და სპეციალისტთა დიდი ნაწილი FIFA-ს მსოფლიო თასის მოგების მთავარ ფავორიტად არგენტინასა და იტალიასთან ერთად მოქმედ ჩემპიონ საფრანგეთსაც ასახელებდა, თუმცა „სამფეროვნებმა“ იმდენად უსახურად ითამაშეს ჯგუფურ ეტაპზე, რომ 1 გოლიც ვერ გაიტანეს. არადა „მამლების“ რიგებში იმ წლის სეზონის სამი წამყვანი ლიგის - ინგლისის, იტალიისა და საფრანგეთის ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირები (ანრი-ტრეზეგე-სისე) ირიცხებოდნენ.

2010 წლიდან კი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის ქვეჯგუფში ჩარჩენა უკვე ერთგვარ ტრადიციად იქცა: ბოლო სამი მუნდიალის გამრჯვებულმა ევროპულმა გუნდებმა შემდეგ გათამაშებაზე გამოსვლა პირველივე ეტაპზე სამარცხვინოდ დაასრულეს: 2010 წელს სამხრეთ აფრიკაში იტალიას დაუცდა ფეხი, 2014 წელს - ვარსკვლავური შემადგენლობის მქონე ესპანეთს, წელს კი - გერმანიას.

 

მსგავსი სტატია:

როდესაც მსოფლიოს ჩემპიონი მარცხდება

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]