weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ბოლო მერვედფინალური მატჩები შვედეთისა და ინგლისის გამარჯვებებით დასრულდა

10:58 ოთხშაბათი, 04 ივლისი 2018

მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე უკანასკნელი მერვედფინალური შეხვედრები გაიმართა და ყველა მეოთხედფინალისტი ნაკრები გამოვლინდა. ბოლო დღეს საუკეთესო რვა გუნდს შორის შვედეთისა და ინგლისის ნაკრებები მოხვდნენ, რომლებიც მეოთხედფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

შვედეთი-შვეიცარიის თანაბარი ძალის მქონე წყვილად შეფასებული დაპირისპირება თანაბარ ბრძოლაში დაიწყო. სანახაობრივი ბევრი არაფერი ყოფილა, გუნდები ფრთხილობდნენ და ბურთსაც თითქმის თანაბრად ფლობდნენ, თუმცა შედარებით რეალური საგოლე მომენტები სკანდინავიელებმა უფრო შექმნეს. მეორე ნახევარიც პირველის მსგავსი იყო, გოლთან ახლოს შვედები უფრო იყვნენ, ვიდრე შვეიცარიელები და 66-ე წუთზე გოლიც გაიტანეს - ემილ ფორსბერგი დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა, მისი დარტყმული კი მეტოქე მცველის ფეხიდან აღმოჩნდა იან ზომერის კარში. შვეიცარიელები აჩქარდნენ და გათანაბრება სცადეს, თუმცა მათი შეტევები უფერული და უშედეგო იყო. იანე ანდერსონის გუნდმა კი კინაღამ მეორე გოლიც გაიტანა, როდესაც კომპენსირებულ წუთზე მარტინ ოლსონი მეკარესთან პირისპირ რჩებოდა, მიხაელ ლანგმა კი უკანიდან შეაჩერა და წითელი ბარათი დაიმსახურა. შვეიცარია პენალტს გადარჩა, რადგან დარღვევა საჯარიმოს ხაზთან დაფიქსირდა და შეხვედრაც ასე დამთავრდა.

კოლუმბია-ინგლისის მატჩი თავიდანვე მაღალ ტემპში და უშეღავათო ბრძოლით დაიწყო. ინგლისის ნაკრები ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა, თუმცა საგოლე ეპიზედებს ვერ ქმნიდა. კოლუმბიელებიც ანალოგიურად იერიშებს იწყებდნენ, თუმცა ჯორდან პიკფორდის კართან მიახლოებას ვერ ახერხებდნენ. მატჩში ხშირი იყო უხეშობა, შეხლა-შემოხლა და ერთ მომენტში ამერიკელ არბიტრ მარკ გაიგერს კინაღამ მატჩში სადავეებიც გაექცა. მეორე ტაიმში „სამი ლომი“ დაწინაურდა: კარლოს სანჩესმა ჰარი კეინთან საჯარიმოში იჭიდავა და ამ მუნდიალზე მეორედ „აიკიდა“ პენალტი. „კაფეტერებმა“ ბევრი აპროტესტეს - ჰარი კეინი წესებს თავადაც არღვევდაო, თუმცა პენალტი დაინიშნა და გოლად იგი თვითონ კეინმა აქცია. ინგლისელთა კაპიტანმა მიმდინარე ჩემპიონატზე მეექვსედ იხეირა. კოლუმბიამ გაშვებული გოლის მიუხედავად დიდად ვერ მოახერხა, ხელთ ეგდო უპირატესობა და თამაშიც ჩვეულ ტემპში გაგრძელდა. ხოსე პეკერმანის გუნდი ცდას არ აკლებდა, თუმცა საგოლე მომენტამდე საქმე ვერ მიჰყავდათ და შეხვედრაც დასასრულს მიუახლოვდა. ამის მიუხედავად სამხრეთ ამერიკელებმა გათანაბრება მაინც მოახერხეს - მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე მატეუს ურიბეს შორიდან ძლიერ დარტყმას მოყოლილი კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს თავი ცენტრალურმა მცველმა ჯერი მინამ დაუხვედრა და სამ ჩატარებულ მატჩში მესამე გოლი გაიტანა. შეხვედრა დამატებით დროში გაგრძელდა. პირველ დამატებულ ტაიმში კოლუმბია გაყოჩაღდა, მძლავრად შეუტია და მოგება მოისურვა, მომენტებიც შექმნა, თუმცა ამაოდ. მეორე დამატებულ 15 წუთში კი ინგლისმა აჯობა მეტოქეს. საბოლოოდ საქმე პენალტებამდე მივიდა: საწყისი ორ-ორი თერთმეტმეტრიანი გუნდებმა უზადოდ შეასრულეს. კოლუმბიამ მესამეც გაიტანა, ინგლისელთა მესამე პენალტი კი ჯორდან ჰენდერსონს დავიდ ოსპინამ აუღო. შემდეგ ურიბემ გაარტყა ხარიხას, კირან ტრიპიერმა კი სხვაობა აღმოფხვრა. გადამწყვეტი მეხუთე პენალტი ჯორდან პიკფორდმა კარლოს ბაკას აუღო, ხოლო ერიკ დაიერი ზუსტი აღმოჩნდა და გარეთ საუთგეიტის გუნდმაც მძიმე ბრძოლაში შეძლო მეოთხედფინალის საგზურის მოპოვება. აღსანიშნავია, რომ ინგლისის ნაკრებმა ისტორიაში პირველად მოახერხა მსოფლიო ჩემპიონატზე პენალტების სერიაში გამარჯვება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]