weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

მუსლიმებმა მოსკოვში, მიანმარის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართეს

14:11 ორშაბათი, 04 სექტემბერი 2017

მოსკოვში, მიანმარის საელჩოსთან რამდენიმე ასეულმა მუსლიმმა 3 აგვისტოს არასანქცირებული აქცია გამართა. „ბი ბი სის“ რუსული სამსახურის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა მიანმარში როჰინჯას მუსლიმური ჯგუფის წარმომადგენლების დევნა გააპროტესტეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მიანმარში, რახინის შტატში მუსლიმების მასობრივ მკვლელობას, გაუპატიურებასა და წამებას აქვს ადგილი.

„თუ ხელისუფლება ამ პრობლემას არ გადაწყვეტს, ალაჰს ვფიცავართ, ჯიჰადს დავიწყებთ“, - განაცხადეს აქციაზე, რომელიც შეძახილების „ალაჰუ აქბარ“ (დიდება ალაჰს) ფონზე მიმდინარეობდა.

აქციის გამო დიდი ნიკიტსკის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება სრულად შეიზღუდა. ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულები. „ბი ბი სის“ ინფორმაციით, აქციაზე დაპირისპირება არ მომხდარა.

აქციის მონაწილეთა თქმით, მათ შეკრებას კონკრეტული ორგანიზატორი არ ჰყოლია და ისინი საელჩოსთან სოციალურ ქსელში გავრცელებული მოწოდებების შემდეგ მივიდნენ. „ბი ბი სის“ კორესპონდენტს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ უთხრა, რომ აქციის შესახებ მან ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის განცხადებიდან შეიტყო, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.  

„ბი ბი სი“ წერს, რომ მუსლიმების აქცია ცენტრალურმა ტელეკომპანიებმა არ გააშუქეს.

რახინი მიანმარის ყველაზე ღარიბი შტატია, სადაც დაახლოებით მილიონი მუსლიმი ცხოვრობს. საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა შტატის ერთ-ერთი სოფლის თანამგზავრიდან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 25 აგვისტოს, მუსლიმების დაახლოებით 700 სახლი იქნა განადგურებული. მიანმარის ხელისუფლების განცხადებით, უშიშროების ძალები რაიონში კონტრტერორისტულ ოპერაციას ატარებენ მას შემდეგ, რაც როჰინჯას წარმომადგენლები პოლიციის განყოფილებებს თავს დაესხნენ.

მიანმარის მთავრობამ, რომელსაც მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი აუნ სან სუ ჩი უდგას სათავეში, უარი განაცხადა ქვეყანაში გაეროს საგამოძიებო ჯგუფის წევრების შეშვებაზე, რომლებმაც მუსლიმების შესაძლო მკვლელობის, გაუპატიურებისა და წამების ფაქტები უნდა გამოიძიონ. აღსანიშნავია, რომ ოპოზიციაში ყოფნის დროს აუნ სან სუ ჩი ხელმძღვანელობდა საპარლამენტო კომიტეტს, რომლის ამოცანა ქვეყანაში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებზე ზრუნვა იყო. ის ხელისუფლების სათავეში 2016 წელს მოვიდა.

გაერო როჰინჯას ჯგუფს დასავლეთ მიანმარის რელიგიურ და ლინგვისტურ უმცირესობად მიიჩნევს. ორგანიზაციის შეფასებით, ეს ერთ-ერთი ყველაზე დევნილი უმცირესობაა მსოფლიოში.

კონფლიქტი ბუდისტებსა და მუსლიმ-როჰინჯებს შორის 2012 წელს დაიწყო. გაეროს მონაცემებით, 2017 წელს მეზობელ ბანგლადეშს თავი მიანმარიდან დევნილმა 58 ათასმა მუსლიმმა შეაფარა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]