weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

უკრაინის ბედი მხოლოდ უკრაინელებზეა დამოკიდებული – ზელენსკი 

10:28 პარასკევი, 25 თებერვალი 2022

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ფართომასშტაბიანი ომის მეორე დღეს უკრაინელები კვლავ მარტო იცავენ თავიანთ სახელმწიფოს, მსოფლიოს უძლიერესი ძალები კი მოვლენებს შორიდან აკვირდებიან.

ამის შესახებ ზელენსკიმ დღეს, 25 თებერვალს, დილით, მოქალაქეებისადმი მიმართვისას თქვა.

„როგორც გუშინ, დღეს დილითაც მარტო ვიცავთ ჩვენს სახელმწიფოს. მსოფლიოს უძლიერესი ძალები შორიდან უყურებენ. გუშინდელმა სანქციებმა დაარწმუნა რუსეთი? ჩვენ ვხედავთ ჩვენს ცაზე და მიწაზე, რომ ეს არ არის საკმარისი. უცხო ჯარები კიდევ ცდილობენ ჩვენს ტერიტორიაზე უფრო გააქტიურებას“, – განაცხადა ზელენსკიმ. 

მისი თქმით, რუსეთის ძალებმა დილის 4 საათზე გააგრძელეს უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების განხორციელება.

„ამბობენ, რომ სამოქალაქო ობიექტები არ არის მათი სამიზნე. ეს ტყუილია. როგორც გუშინ, რუსეთის თავდასხმის ქვეშ თანაბრად არიან სამხედრო და სამოქალაქო პირები. ამ თავდასხმის მიზანია თქვენზე, უკრაინის მოქალაქეებზე ზეწოლა, რათა მოხდეს ზეწოლა მთელ ჩვენს საზოგადოებაზე. ხაზს ვუსვამ: არა მხოლოდ მთავრობაზე - ყველა უკრაინელზე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საჰაერო ძალები იცავენ უკრაინის ცას, როგორც შეუძლიათ.

„მტრის ავიაცია მოღალატურად მოქმედებს საცხოვრებელ კვარტლებში, მათ შორის, დედაქალაქში. 

საშინელი აფეთქებები კიევის დილის ცაზე , ​​დაბომბვა, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება, ხანძარი – ეს ყველაფერი გვახსენებს პირველ ასეთივე თავდასხმას ჩვენს დედაქალაქზე, რომელიც 1941 წელს მოხდა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე განცხადებით, მხოლოდ უკრაინელების სოლიდარობასა და მონდომებას შეუძლია უკრაინის თავისუფლების შენარჩუნება და სახელმწიფოს დაცვა.

„გააჩერეთ მტერი სადაც არ უნდა დაინახოთ. უკრაინის ბედი მხოლოდ უკრაინელებზეა დამოკიდებული. ჩვენ ჩვენს მიწაზე ვართ, სიმართლე ჩვენს მხარეზეა. ჩვენი ხასიათის განადგურება შეუძლებელი იქნება. რაკეტები უმწეოა ჩვენი თავისუფლების წინააღმდეგ.

რუსეთს მაინც მოუწევს ჩვენთან დალაპარაკება - ადრე თუ გვიან. დალაპარაკება იმაზე, თუ როგორ შეწყდეს საბრძოლო მოქმედებები და შეჩერდეს ეს შემოჭრა. რაც უფრო მალე დაიწყება ეს საუბარი, მით ნაკლები დანაკარგი ექნება თვითონ რუსეთს.

ძვირფასო რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებო, როგორც ვთქვი, წუხელ დაიწყეს გმირი ქალაქის, კიევის საცხოვრებელი უბნების დაბომბვა. ეს ყველაფერი 1941 წელს მახსენებს. რუსეთის ფედერაციის ყველა მოქალაქეს, ვინც გამოდის საპროტესტო აქციაზე, მინდა ვუთხრა - ჩვენ გხედავთ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი გესმით. ეს ნიშნავს, რომ გვენდობით. იბრძოლეთ ჩვენთვის, იბრძოლეთ ომის წინააღმდეგ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. როგორც პუტინმა განაცხადა დაიწყო „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“, რომლის მიზანია უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. 

უკრაინული მხარის ინფორმაციით, ომის პირველ დღეს 137 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მათი დანაკარგის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს. 

უკრაინაში შეჭრისთვის რუსეთი ბოლო თვეები ემზადებოდა, რისთვისაც, აშშ-ის ინფორმაციით, უკრაინის საზღვრებთან სამხედრო შეიარაღება და 150 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა. რუსეთი მეზობელ ქვეყანაზე თავდასხმის განზრახვას უარყოფდა და აცხადებდა, რომ წვრთნებს ატარებდა. უკრაინაში შეჭრამდე პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]