weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

ნუ გავხდებით შეშინებული, გაჩუმებული ერი, რომელიც ვითომ ვერ ამჩნევს ომს – ნავალნი რუსებს

14:58 ოთხშაბათი, 02 მარტი 2022

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი, რომელიც პატიმრობაში იმყოფება, ხალხს მოუწოდებს, მიტინგებზე გამოვიდნენ და უკრაინაში ომი გააპროტესტონ. 

„ამბობენ, მიტინგისკენ მან არ უნდა მოუწოდოს, ვინც იქ ვერ გავა და დაკავების რისკის ქვეშ არ დადგება, მაგრამ, მე უკვე ციხეში ვარ და ამიტომ, მგონია, რომ მოწოდება შემიძლია. ერთი დღით დაყოვნებაც კი აღარ შეიძლება, სადაც არ უნდა იყოთ - რუსეთში, ბელარუსში ან სხვა ქვეყანაში. 

დიახ, პირველ დღეს შეიძლება ცოტა ხალხი გამოვიდეს, მეორე დღეს კი კიდევ უფრო ცოტა, მაგრამ ვალდებულები ვართ გამოვიდეთ და მოვითხოვოთ ომის შეწყვეტა. თითოეული დაკავებული ორმა ახლად მოსულმა უნდა შეცვალოს. თუ ომის დასასრულებლად უნდა გადავავსოთ ციხეები და დაკავებულების გადასაყვანი მანქანები, გადავავსებთ მათ. 

ყველაფერს აქვს ფასი და ახლა, 2022 წლის გაზაფხულზე, ეს ფასი ჩვენ უნდა გადავიხადოთ. მეტმა არავინ. მოდით, უბრალოდ ომის წინააღმდეგები კი არა, ომის წინააღმდეგ მებრძოლები ვიყოთ“, – ამბობს ნავალნი. 

ოპოზიციონერის თქმით, ახლა თუ რამეა რუსეთში ისეთი, რითიც ყველაზე მეტად შეუიძლია იამაყოს, არის ის 6835 ადამიანი, რომლებიც მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ ყოველგვარი მოწოდების გარეშე ქუჩაში გამოვიდნენ ომის საწინააღმდეგო პლაკატებით.

„ჩვენ, რუსეთს, გვინდა, რომ მსოფლიო ერი ვიყოთ, თუმცა ცოტა თუ ვინმე გვცნობს ახლა ასეთად. მოდით, ნუ გავხდებით შეშინებული, გაჩუმებული ერი. ნუ გავხდებით მშიშრები, რომლებიც ისეთ სახეს იღებენ, თითქოს ვერ ამჩნევენ აგრესიულ ომს, რომელიც ჩვენმა აშკარად გაგიჟებულმა მეფემ გააჩაღა უკრაინის წინააღმდეგ. 

მე არ შემიძლია, არ მინდა და არ ვიქნები ჩუმად იმის ყურებაში, თუ როგორ იქცა ასი წლის წინანდელ მოვლენებთან დაკავშირებული ფსევდოისტორიული სისულელე რუსებისთვის საბაბად მოკლან უკრაინელები, ხოლო მათ, ვინც თავს იცავენ, მოკლან რუსები“, – განაცხადა ნავალნიმ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომი 24 თებერვალს გამოაცხადა. მეშვიდე დღეა, უკრაინელები ოკუპანტ სახელმწიფოს ებრძვიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]