weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ავსტრიის კოალიციურ მთავრობას კონსერვატიული და ულტრამემარჯვენე პარტიები ჩამოაყალიბებენ

12:38 კვირა, 17 დეკემბერი 2017

ავსტრიის „სახალხო პარტია“ და „თავისუფლების პარტია“ კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ პარტიების ლიდერებმა სებასტიან კურცმა და ჰაინც-კრისტიან შტრახემ განაცხადეს. ამგვარად, ავსტრია ევროპაში პირველი ქვეყანა იქნება, რომლის მთავრობაშიც ულტრამემარჯვენეები შევლენ.

ავსტრიის კანცლერი 31 წლის სებასტიან კურცი გახდება. ჰაინც-კრისტიან შტრახე კი ვიცე-კანცლერის თანამდებობას დაიკავებს. როგორც კურცმა განაცხადა, პარტიები შეთანხმდნენ, რომ მათი მთავრობის ხედვა „ნათლად პროევროპული“ იქნება.

„ბი ბი სის“ ინფორმაციით, ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ წარმომადგენლები შინაგან საქმეთა, თავდაცვის, ჯანდაცვისა და სოციალური უსაფრთხოების სამინისტროებს ჩაუდგებიან სათავეში. საგარეო საქმეთა მინისტრიც „თავისუფლების პარტიამ“ წარადგინა. კოალიციურ მთავრობას მხარი დაუჭირა პრეზიდენტმა ალექსანდრ ვან დერ ბელენმა.

ავსტრიაში საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში ჩატარდა, რის შედეგადაც სებასტიან კურცის „სახალხო პარტიამ“ ამომრჩეველთა ხმების 32% მიიღო და პარლამენტის ქვედა პალატაში - ეროვნულ საბჭოში, 183 მანდატიდან 62 მოიპოვა. მეორე ადგილზე „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ ხმების 27%-თა და 52 მანდატით გავიდა. რაც შეეხება „თავისუფლების პარტიას“, მან ამომრჩეველთა ხმების 26% და ეროვნულ საბჭოში 51 ადგილი მიიღო. იმის გამო, რომ საკანონმდებლო ორგანოში ვერცერთმა პარტიამ უმრავლესობის მოპოვება ვერ მოახერხა, კოალიციური მთავრობის შექმნა გახდა საჭირო.

პირველ ადგილზე გასული პარტიის ლიდერმა, სებასტიან კურცმა კოალიციური მთავრობის ჩამოსაყალიბებლად „თავისუფლების პარტია“ მიიწვია, რადგან ორ პარტიას მსგავსი ხედვა აქვს გადასახადების შემცირების და საიმიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით.

ავსტრიის „თავისუფლების პარტია“ ბოლოს მთავრობის შემადგენლობაში 2000-2005 წლებში იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]