კემეროვოს ცენტრში დღეს დაღუპულთა და დაშავებულთა ახლობლები, ასევე რიგითი მოქალაქეები შეიკრიბნენ და საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ითხოვენ ხანძრის გამომწვევი მიზეზებისა და დაღუპულთა შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიღებას, ასევე ოლქის გუბერნატორთან და ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას.
რუსული მედიის ინფორმაციით, პუტინი კემეროვოში ჩაფრინდა და ხანძრის შედეგად დაღუპულთა მემორიალზე ყვავილები მიიტანა. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, სავაჭრო ცენტრში ხანძარი გულგრილობისა და დაუდევრობის გამო გაჩნდა.
კემეროვოს სავაჭრო ცენტრში ხანძარი 25 მარტს გაჩნდა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა სულ მცირე 64 ადამიანი, 60-ზე მეტი კი დაშავდა. ამ დროისთვის დაღუპულებიდან 25 ადამიანის იდენტიფიცირება შეძლეს. მათ შორის 13 ბავშვია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა.