weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

იულია სკრიპალი: იმედი მაქვს, ერთ დღეს რუსეთში დავბრუნდები

22:34 ოთხშაბათი, 23 მაისი 2018
იულია სკრიპალი: იმედი მაქვს, ერთ დღეს რუსეთში დავბრუნდები ფოტო © Reuters

ყოფილი რუსი აგენტის, სერგეი სკრიპალის ქალიშვილი, იულია სკრიპალი, რომელიც მამასთან ერთად დიდ ბრიტანეთში ორი თვის წინ მოწამლეს, კამერის წინ პირველად გამოჩნდა. როგორც მან განაცხადა, ძალიან გაუმართლა, რომ ცოცხალი გადარჩა. მისივე თქმით, სამომავლოდ იმედოვნებს, რომ რუსეთში, სამშობლოში დაბრუნებას შეძლებს.

„20-დღიანი კომიდან გამოსვლის შემდეგ, გავიგე, რომ ორივე მოწამლულები ვიყავით. ამ დრომდე მიჭირს იმ აზრთან შეგუება, რომ ჩვენზე ასეთი თავდასხმა მოხდა. შოკის მომგვრელია თავად ის ფაქტი, რომ ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება იქნა გამოყენებული. დეტალებს არ ჩავუღრმავდები. ვიტყვი მხოლოდ ერთს, რომ მკურნალობა იყო ინვაზიური და ძალიან დამთრგუნველი და ის ამ დრომდე გრძელდება. ჩემი ცხოვრება თავდაყირა დადგა და ახლა ვცდილობ შევეგუო დაუჯერებელ ცვლილებებს - როგორც ფიზიკურს, ისე ემოციურს. ვცდილობ ვიცხოვრო დღევანდელი დღით და მხოლოდ მამაჩემის დახმარება მინდა მის სრულ გამოჯანმრთელებამდე. მომავალში კი იმედი მაქვს, რომ დავბრუნდები სახლში ჩემს ქვეყანაში“, - ამბობს იულია სკრიპალი.

როგორც მან აღნიშნა, არ სურს რუსეთის საელჩოსგან შეთავაზებული დახმარებით სარგებლობა. „არავინ არ უნდა ისაუბროს და ვერავინ ისაუბრებს ჩვენი სახელით. ჩემს პრიორიტეტად რჩება ჩემი და მამაჩემის გამოჯანმრთელება“, - აღნიშნა სკრიპალმა.

რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი ქალაქ სოლსბერიში, უგონო მდგომარეობაში მყოფები 4 მარტს იპოვეს. ორივე მათგანი გარკვეული პერიოდის განმავლობაში კომაში იყო, რის შემდეგაც მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა. 10 აპრილს იულია სკრიპალი, ერთი თვის შემდეგ კი მამამისიც საავადმყოფოდან გაწერეს. ამ დროისთვის მათი საცხოვრებელი ადგილის მისამართი გასაიდუმლოებულია.

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ სკრიპალები ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება „ნოვიჩოკით“ მოწამლეს, რომელიც საბჭოთა მეცნიერებმა შეიმუშავეს. სპეცსამსახურების მონაცემებით, საწამლავი რუსეთის ტერიტორიაზეა დამზადებული. რუსეთის ხელისუფლება ამ ბრალდებას უარყოფს.

სკრიპალებზე თავდასხმამ რუსეთსა და დასავლეთის სახელმწიფოებს შორის სერიოზული კრიზისი გამოიწვია. დიდი ბრიტანეთისადმი სოლიდარობის ნიშნად, ათობით სახელმწიფომ რუსი დიპლომატები გააძევა.

სერგეი სკრიპალს 2010 წლიდან დიდ ბრიტანეთში თავშესაფარი აქვს მიღებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]