weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ტაილანდელმა ბავშვებმა გამოქვაბულში გატარებულ დღეებზე პირველად ისაუბრეს

09:48 ხუთშაბათი, 19 ივლისი 2018

ტაილანდელმა ბავშვებმა, რომლებმაც გამოქვაბულში ორ კვირაზე მეტი გაატარეს, თავს გადახდენილ ამბავზე ჟურნალისტებთან პირველად ისაუბრეს. ბავშვები და მათი 25 წლის მწვრთნელი საავადმყოფოდან 17 ივლისს გაწერეს, რის შემდეგაც ოფიციალური პრესკონფერენცია გაიმართა. 

23 ივლისს, 11-დან 16 წლამდე ასაკის 12 ბავშვი და მათი 25 წლის მწვრთნელი გამოქვაბულთა კომპლექსში ექსკურსიაზე იყვნენ. თავსხმა წვიმის გამო გამოქვაბულში წყლის დონემ იმატა, რის გამოც უკან გამოსვლა ვეღარ შეძლეს და იძულებულნი გახდნენ, გამოქვაბულის სიღრმეში შესულიყვნენ. საბოლოოდ, ისინი შესასვლელს ოთხი კილომეტრით დაშორდნენ.

მწვრთნელის თქმით, ის ბავშვებს ეუბნებოდა არ შეშინებოდათ, რადგან წყალი უკან დაიხევდა და ვინმე აუცილებლად გადაარჩენდათ. ცდილობდა ბიჭები მორალურად გაემხნევებინა და მათთვის სუფთა სასმელი წყალი მოეძიებინა. ბავშვებს, ერთ-ერთი მეგობრის დაბადების დღესთან დაკავშირებით თან საკვები ჰქონდათ წაღებული, რაც მათ გადარჩენაში დაეხმარა. საკვების გამოლევის შემდეგ კი მხოლოდ წყალს სვამდნენ.

ბავშვების თქმით, დაკარგვის დღიდან, მაშველების მოლოდინში, კედელში გვირაბის გათხრას ცდილობდნენ. მათ ის მომენტიც აღწერეს, როდესაც მყვინთავებმა იპოვეს - ერთ-ერთი ბიჭი ბრიტანელ მყვინთავებს ინგლისურ ენაზე მიესალმა. მწვრთნელის თქმით, როდესაც მაშველებმა იკითხეს, ვინ გაეყვანათ გამოქვაბულიდან პირველი, საკუთარი ნებით ამის სურვილი არავის გამოუთქვამს.

რამდენიმე ბავშვის თქმით, გამოქვაბულში ყოფნისას შიშობდნენ, რომ მშობლები დასჯიდნენ, რადგან ექსკურსიაზე ისე წავიდნენ, მათგან ნებართვა არ აუღიათ. ერთი ბიჭის თქმით, კი განიცდიდა, რომ სკოლაში მიცემულ საშინაო დავალებებს ვერ აკეთებდა.

გამოქვაბულში ყოფნის დროს ისინი მშობლებზე და საყვარელ საკვებზე ფიქრობდნენ.

კითხვას - რა ისწავლეს მომხდარის შემდეგ, ერთმა ბიჭმა უპასუხა, რომ სიცოცხლის დაფასება ისწავლა, მეორემ კი თქვა, რომ კარგი ადამიანი და მოქალაქე იქნება.

კითხვაზე, რა არის მათი ოცნება, ერთ-ერთმა ბიჭმა აღნიშნა, რომ ფეხბურთელობა სურს, ამ თავგადასავლის შემდეგ ფიქრობს, რომ უფრო ძლიერი და მომთმენია. აპლოდისმენტები მოჰყვა ოთხი ბიჭის პასუხს, რომლებმაც თქვეს, რომ უნდათ საზღვაო ქვეითები გახდნენ.

გუშინდელ პრესკონფერენციაზე გაირკვა, რომ 12-ვე არასრულწლოვანს ცურვა შეუძლია. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, სამაშველო ოპერაცია იმის გამო გართულდა, რომ ბავშვებმა ცურვა არ იცოდნენ. მწვრთნელის თქმით, წვრთნები ცურვის გაკვეთილებსაც მოიცავს და ცურვა ყველამ იცის. ეს უნარი მათ არაერთხელ გამოიყენეს, როდესაც გამოქვაბულში წყლის დონემ მოიმატა.

ბავშვებისა და მწვრთნელის ადგილსამყოფელის დადგენას 10 დღე დასჭირდა. 2 ივლისს ბავშვები ბრიტანელმა მყვინთავებმა იპოვეს, 10 ივლისს კი გამოქვაბულიდან 13-ვე ადამიანი გამოყვანილი იყო. როგორც აღმოჩნდა, მათ შორის ყველაზე მეტად მწვრთნელი დასუსტდა, რომელმაც საკვების მიღებაზე უარი თქვა და თავის ულუფას ბავშვებს უნაწილებდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, გუშინდელი პრესკონფერენციის შემდეგ ბავშვები ჟურნალისტებთან ოფიცალურ შეხვედრებს აღარ გამართავენ. პრესკონფერენციის შემდეგ ისინი სახლებში დაბრუნდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]