weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მოკლული რუსი ჟურნალისტი ცხინვალშიც მუშაობდა

00:48 ოთხშაბათი, 01 აგვისტო 2018
ფოტოზე ორხან ჯემალი ფოტოზე ორხან ჯემალი

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამი რუსი ჟურნალისტი მოკლეს. „ბი ბი სის“ რუსულენოვანი სამსახურის ინფორმაციით, ჟურნალისტი ორხან ჯემალი, რეჟისორი ალექსანდრ რასტორგუევი და ოპერატორი კირილ რადჩენკო რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის“ საქმიანობის შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებდნენ.

„ბი ბი სი“ სააგენტო „ფრანს პრესზე“ დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის სამი მოქალაქე, რომელთაც თან პრესბარათები ჰქონდათ, ქალაქ სიბიუდან 23 კილომეტრში, გზატკეცილზე მოკლეს. მათი ცხედრები გაეროს სამშვიდობოებმა იპოვეს. ავტომობილი, რომლითაც ჟურნალისტები გადაადგილდებოდნენ, დაცხრილული იყო. გადარჩენილი მძღოლის თქმით, სამივე მგზავრი ადგილზე დაიღუპა.

„ბი ბი სის“ ინფორმაციით, სააგენტო „ინტერფაქსმა“ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პოლიციაზე დაყრდნობით დაწერა, რომ გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობა ძარცვის მიზნით იქნა ჩადენილი.

 

ვინ არიან მოკლული რუსი ჟურნალისტები?

„ბი ბი სის“ ინფორმაციით, ორხან ჯემალი 51 წლის ასაკში გარდაიცვალა. სხვადასხვა დროს ის მუშაობდა ისეთი გამოცემებისთვის, როგორებიცაა „ვეჩერნაია მოსკვა“, „ნეზავისიმაია გაზეტა“ და „ნოვაია გაზეტა“.

როორც სამხედრო კორესპონდენტი, ჯემალი ჩრდილოეთ კავკასიის ხელ წერტილებში, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, ავღანეთში, ერაყსა და სირიაში მუშაობდა. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ის თან ახლდა ჩეჩნურ ბატალიონს ვოსტოკს“. სწორედ აგვისტოს ომის შესახებ არის მისი წიგნი „ხუთდღიანი ომის ქრონიკები“. 2011 წელს ლიბიაში მუშაობის დროს, ტრიპოლისთვის ბრძოლის პერიოდში, ჟურნალისტი ფეხშია დაჭრილი.

რეჟისორი და დოკუმენტალისტი ალექსანდრ რასტორგუევი 37 წლის იყო. ჟურნალისტ ალექსეი პივოვაროვთან და კოლეგა პაველ კოსტომაროვთან ერთად 2012 წელს შექმნა პროქტი „ვადა“ (Срок), რომელიც 2011-2012 წლებში რუსეთში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს და მათ ლიდერებს ეხება.

ოპერატორი კირილ რადჩენკო, მედია საშუალებების ინფორმაციით 33 წლის იყო. „ფეისბუქზე“ საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის მიხედვით, სხვადასხვა დროს ის ფოტოგრაფად და ოპერატორად მუშაობდა. ბოლო სამუშაო ადგილად მითითებული აქვს აფხაზური ახალი ამბების სააგენტო Anna News. ამ სააგენტოში რადჩენკო ვიდეო ოპერატორი და მემონტაჟე იყო.

 

რა არის ცნობილი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დაქირავებული რუსი მებრძოლების საქმიანობაზე?

„ბი ბი სის“ ინფორმაციით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დაქირავებული რუსი მებრძოლების ყოფნის შესახებ ჯერ კიდევ აპრილში ფრანგული გამოცემა Le Monde წერდა.

2017 წლის ოქტომბერში სოჭში გაიმართა შეხვედრა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტ ფოსტენ არშანჟ ტუადერასა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის. Le Monde-ს ინფორმაციით, ამ შეხვედრის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას მიმართა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში იარაღის მიწოდებაზე დაწესებული აკრძალვის გაუქმება მოითხოვა.

2018 წლის მარტში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინსტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსულმა მხარემ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის თხოვნის შესაბამისად, ქვეყნისთვის უანგარო სამხედრო-ტექნიკური დახმარების გადაწყვეტილება მიიღო. უწყების ცნობით, ზამთარში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალები მიაწოდეს. გარდა ამისა, სამხედროების მომზადების მიზნით, გაგზავნილი იქნა 5 რუსი სამხედრო მოსამსახურე და 170 ინსტრუქტორი.

გამოცემა The Bell მიმდინარე წლის ივნისში წყაროზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის შეარაღებულ ძალებს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ თანამშრომლები ამზადებენ.

 

რა ხდება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში?

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 2013 წელს ხელისუფლება ხელში ჩაიგდო ისლამურმა დაჯგუფება „სელეკასამ“. დაჯგუფების ლიდერმა მიშელ ჯოტოდიამ საკუთარი თავი ქვეყნის ახალ პრეზიდენტად გამოაცხადა. მალევე ქვეყანაში გაჩნდა ქრისტიანების დაჯგუფება „ანტიბალკა“. „სელეკასასა“ და „ანტიბალკას“ შორის დაპირისპირებების შედეგად ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

2014 წელს, საერთაშორისო ზეწოლის შედეგად, „სელეკასამ“ ძალაუფლება გარდამავალ მთავრობას გადასცა, თუმცა ამით ძალადობა არ შეჩერებულა. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაეროს სამშვიდობო კონტინგენტია, სხვადასხვა დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის შეტაკებები გრძელდება. სამოქალაქო ობიექტები და ჰუმანიტარული მისიების თანმშრომლები მუდვიმად ხდებიან თავდასხმების სამიზნე. მაისში გაერომ განაცხადა, რომ ერთ-ერთი ასეთი თავდახმა უცნობმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ საავადმყოფოზეც განახორციელა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]