weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

დაღესტანში დაცული სახარების ტექსტი გამოსაცემად მზადდება – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

10:28 ხუთშაბათი, 04 აპრილი 2019

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს დაღესტანში აღმოჩენილი არაბული ხელნაწერის შესახებ, რომლის ქვედა ფენაზეც ასოთმთავრულით დაწერილი სახარების ტექსტი იკითხება. ცენტრის ინფორმაციით, კვლევის დასრულებამდე სახარება VI-VII საუკუნეებით შეიძლება დათარიღდეს.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის განცხადებით, ხელნაწერის შესახებ ქართული სამეცნიერო წრისთვის 2014 წლიდანაა ცნობილი.

„ცხადია, ინფორმაცია ხელნაწერის შესახებ ჰქონდა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსაც. ცენტრმა 2014 წლიდან დაიწყო მოლაპარაკებები, რათა მეცნიერებს საშუალება ჰქონოდათ ჩასულიყვნენ დაღესტანში და ადგილზე შეესწავლათ ხელნაწერი. 2018 წელს დაღესტნის ქალაქ მახაჩყალაში ისტორიის, ეთნოგრაფიისა და არქეოლოგიის ინსტიტუტში, მივლინებით იმყოფებოდა აღმოსავლური და სომხური ხელნაწერების განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი ჩიტუნაშვილი დალი. მან შეისწავლა ხელნაწერი და დაადგინა, რომ პალიმფსესტის ქვედა ფენა არის სახარება, რომელიც სრული ტექსტოლოგიური კვლევის დასრულებამდე VI-VII საუკუნეებით შეიძლება დათარიღდეს. ამ ეტაპზე ხელნაწერის ტექსტი მთლიანად იდენტიფიცირებული და გადმოწერილია. აღსანიშნავია, რომ ხელნაწერი მზადდება გამოსაცემად“, – ნათქვამია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

მიმდინარე წლის 29 მარტს, ტელეარხ „როსსიას“ ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც, ხელნაწერების გაციფრულების დროს, ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის სპეციალისტებმა უძველესი მანუსკრიპტი აღმოაჩინეს. მათი თქმით, ასომთავრულით შესრულებული ტექსტი VI საუკუნით თარიღდება და ის XI საუკუნის არაბული ხელნაწერის ქვეშ იყო. დაღესტნის სამეცნიერო ცენტრის წამყვანი სპეციალისტის, შამილ შიხალიევის განცხადებით, ეს უნიკალური შემთხვევაა, რადგან მსგავსი ხელნაწერი აქამდე დაღესტანში აღმოჩენილი არ ყოფილა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]