weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სასამართლომ ინგუშეთში მიტინგების 8 მონაწილეს პატიმრობა შეუფარდა

15:00 შაბათი, 06 აპრილი 2019
ფოტო ერთ-ერთი საპროტესტო აქციიდან ფოტო ერთ-ერთი საპროტესტო აქციიდან

ნალჩიკის საქალაქო სასამართლომ ინგუშეთში გამართული საპროტესტო აქციების რვა მონაწილეს აღკევთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. „ნოვაია გაზეტას“ ინფორმაციით, მათ ბრალად პოლიციელებზე თავდასხმა და არეულობისკენ მოწოდება ედებათ.

საქმე ეხება სანქცირებულ მიტინგს, რომელიც 26 მარტს, ინგუშეთის დედაქალაქ მაგასში გაიმართა. მომიტინგეები აპროტესტებდნენ საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის მიხედვითაც ინგუშეთის საზღვრების შეცვლა სარეფერენდუმო საკითხების სიაში აღარ იქნება. ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმების თანახმად მიტინგი 18 საათი უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა აქტივისტებმა მაგასის ცენტრალურ მოედანზე დარჩენა გადაწყვიტეს, მომდევნო დღეს, დილით მათსა და პოლიციელებს შორის შეტაკება მოხდა.

მომიტინგეების დაშლის დროს პოლიციის ერთ-ერთი ბატალიონი მოქალაქეების მხარეს დადგა. ორი დღის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მათი ნაწილი თანამდებობებიდან გაათავისუფლეს, ბატალიონი კი დაშალეს.

ინგუშეთში საპროტესტო აქციები რამდენიმე თვის წინ, მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ ჩეჩნეთთან საზღვრის შესახებ შეთანხმება გააფორმა.

ინგუშეთისა და ჩეჩნეთის მეთაურებმა - იუნუს-ბეკ ევკუროვმა და რამზან კადიროვმა რესპუბლიკებს შორის ადმინისტრაციული საზღვრის დადგენის შესახებ შეთანხმება 2018 წლის 26 სექტემბერს გააფორმეს. დოკუმენტი თანაბარზომიერი ტერიტორიების გაცვლას გულისხმობს, კერძოდ, შეთანხმების თანახმად, ინგუშეთის რესპუბლიკამ ნადტერეჩნის რაიონის ნაწილი - მთიანი და ტყიანი ადგილი მიიღო, რის სანაცვლოდაც ჩეჩნეთს სუნჯის რაიონის იგივე ზომის ტერიტორია გადასცა.

შეთანხმება არაკონსტიტუციურად ცნო ინგუშეთის საკონსტიტუციო სასამართლომ. სასამართლოს დადგენილებაში განმარტებულია, რომ აღნიშნული შეთანხმება მხოლოდ მაშინ წარმოშობდა სამართლებრივ შედეგებს, თუ რეფერენდუმის გზით იქნებოდა დამტკიცებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]