weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

რამზან კადიროვი: ადამიანი არ ვარ? არ მაქვს ავადმყოფობის უფლება?

13:57 პარასკევი, 29 მაისი 2020

"დავუშვათ და ავად გავხდი, მსოფლიოში მილიონობით ადამიანი სნეულდება და ათი ათასობით იღუპება, მე რა, ადამიანი არ ვარ? არ მაქვს ავადმყოფობის უფლება? რომ გადასხმა გავიკეთო და იმუნიტეტი ავიმაღლო? მე სრულიად ჯანმრთელი ვარ"- გამოცემა „კავკაზ. რეალიი“ წერს, რომ ეს სიტყვები რამზან კადიროვმა ინსტაგრამში, თავის თანაშემწესთან, ახმედ დუდაევთან საუბარში თქვა და იქვე დაადასტურა, რომ ურაზა ბაირამის დღესასწაული თვითიზოლაციაში გაატარა.

რამზან კადიროვის ამ განცხადებას წინ უძღოდა აქტიური განხილვა მედიასა და სოციალურ ქსელებში იმის შესახებ, რომ ინტერნეტმომხმარებლებმა ჩეჩნეთის მეთაურის გაუჩინარებიდან რამდენიმე დღის შემდეგ გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეოებში მის მარჯვენა ხელზე კათეტერი შენიშნეს.

პირველად ამის შესახებ ინსტაგრამის ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა, რომელმაც კათეტერს ყურადღება მიაქცია კადრებში, სადაც ჩანდა, როგორ გადასცა ჩეჩნეთის მეთაურმა საავადმყოფოს ათი ახალი რეანომობილი. გამოცემა „კავკაზსკი უზელი“ ასევე აქვეყნებს კადრს კორონავირუსთან მებრძოლი შტაბის სხდომაზე გადაღებული ვიდეოდან, რომელზეც ჩანს, რომ მაგიდასთან მჯდარ კადიროვს ხელზე კათეტერი უკეთია.

ჩეჩნეთის მეთაური კორონავირუსთან ბრძოლის სათაო შტაბის სხდომაზე 26 მაისს, დაახლოებით 10 დღიანი პაუზის შემდეგ გამოჩნდა. მანამდე პუბლიკას მან, 15 მაისს, სწორედ ამავე საბჭოს სხდომიდან მიმართა. მას შემდეგ ჩეჩნეთის მეთაური ადგილობრივი ტელევიზიის რეპორტაჟებში აღარ გამოჩენილა, არხმა რამდენჯერმე აჩვენა ჩეჩნეთის მეთაურის კადრები, თუმცა ყველა მათგანში ის ერთი და იმავე ტანსაცმლით და ერთსა და იმავე ფონზე ჩანდა.

ინფორმაცია რამზან კადიროვის ავადმყოფობის შესახებ პირველად 21 მაისს გავრცელდა. რუსული მედია წერდა, რომ კონფიდენციალური წყაროების ცნობით, ჩეჩნეთის მეთაური, კორონავირუსზე ეჭვის გამო, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რამზან კადიროვი მოსკოვის კლინიკაში გადაიყვანეს.

ეჭვი მის ავადმყოფობაზე 23 მაისის საღამოს კადიროვის ტელეგრამ არხზე გამოქვეყნებულმა ვიდეოკლიპმა გაამძაფრა. კლიპში, რომელიც მისი რეზიდენციის ტერიტორიაზე იყო გადაღებული, ჩანდა მეჩეთი, თუმცა არ ჩანდა, თუ ვინ იღებდა ვიდეოს. კადრებს ახლდა ხმა, რომელიც რამზან კადიროვის ხმას ჰგავდა და რომელიც მორწმუნეებს ურაზა-ბაირამის დადგომას ულოცავდა. სოციალურ ქსელებში მოქალაქეთა ნაწილი გამოთქვამდა ეჭვს, რომ ეს კადიროვის ხმა არ იყო.

ოფიციალური ინფორმაციით, ჩეჩნეთში, 29 მაისის მონაცემებით, კორონავირუსის 1192 შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა 787 და გარდაიცვალა 13 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]