weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

სერბეთის ელჩი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

16:14 ორშაბათი, 20 ივლისი 2020
ფოტოზე ხალაფ ხალაფოვი ფოტოზე ხალაფ ხალაფოვი

ონლაინ გამოცემა haqqin.az-ის ინფორმაციით, მათთვის ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე ვითარების დაძაბვამდე რამდენიმე დღით ადრე, სერბეთიდან საქართველოს გავლით სომხეთში სხვადასხვა კალიბრის ნაღმტყორცნების მსხვილი პარტია შევიდა.

გამოცემის მიერ 19 ივლისს გამოქვეყნებულ სარედაქციო წერილში აღნიშნულია, რომ სოციალურ მედიაში გავრცელებული ცნობებით, იმავე პერიოდში, ისევ საქართველოს გავლით, ოღონდ რუსეთიდან სომხეთში შევიდნენ „კამაზის“ მარკის ავტომობილები, რომლებიც რუსული წარმოების ზალპური ცეცხლრეაქტიული სისტემის დანადგარებითა და ნაღმტყორცნებით იყო დატვირთული.

სააგენტო apa.az იუწყება, რომ დღეს, 20 ივლისს, სერბეთის რესპუბლიკის ელჩი აზერბაიჯანში, დანიცა ვეინოვიჩი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც მინისტრის მოადგილეს, ხალაფ ხალაფოვს შეხვდა.

სამინისტროს პრეს-სამსახურის განმარტებით, შეხვედრაზე, მიღებული სანდო და დადასტურებული ინფორმაციის საფუძველზე, ხალაფოვმა აღნიშნა, რომ დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა, მათ შორის, ნაღმტყორცნები და სხვადასხვა კალიბრის იარაღი, სერბეთიდან სომხეთში ჩავიდა.

როგორც apa.az წერს, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ სერბეთის ეს ნაბიჯი, რომელსაც სომხეთის საოკუპაციო პოლიტიკის მხარდაჭერის ხასიათი აქვს და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგაა მიმართული, ხალხსა და აზერბაიჯანის მთავრობაში ღრმა სინანულსა და იმედგაცრუებას იწვევს. ხალაფოვმა ხაზი გაუსვა, რომ ასეთი ქმედებები ზიანს აყენებს მეგობრულ ურთიერთობებს და სტრატეგიულ პარტნიორობას აზერბაიჯანსა და სერბეთს შორის.

შეხვედრაზე სერბეთის ელჩმა განაცხადა, რომ იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს. მისივე თქმით, ამის შესახებ ცნობებს სერბეთის ხელისუფლებას მიაწვდის.

რაც შეეხება ქართულ მხარეს, ამ საკითხზე ჟურნალისტების კითხვა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დღეს უპასუხოდ დატოვა.

აზერბაიჯანის თოუზის რაიონსა და სომხეთის ტავუშის ოლქს შორის მონაკვეთზე შეტაკებები 12 ივლისს დაიწყო. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა, აზერბაიჯანის პოზიციების დაკავების მიზნით, არტილერია გამოიყენეს, ხოლო სომხეთის მტკიცებით, მოწინააღმდეგე მხარემ „უაზის“ ავტომობილით, ტავუშის მიმართულებით სახელმწიფო საზღვრის დარღვევა სცადა, რასაც ცეცხლის გახსნით უპასუხეს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა სომხეთი პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულა.

არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად აზერბაიჯანის მხარეს 11 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, რომელთა შორის გენერალ-მაიორი და პოლკოვნიკიც იყვნენ, ხოლო სომხეთმა ოთხი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა.

ეს ამ რაიონში ყველაზე სერიოზული კონფლიქტია 2016 წლის აპრილის შემდეგ.

 

ამ თემაზე:

haqqin.az-ის სტატია დეზინფორმაციული ხასიათისაა – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 
Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]