weather cur horoscope tv
აგვისტო 06, 2020

თბილისის საქალაქო სასამართლომ 26 წლის დაღესტნელის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო

13:24 კვირა, 26 ივლისი 2020 hits 531

თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსეთის მოქალაქის, წარმოშობით დაღესტნელი 26 წლის ბათირ მაგომედოვის გაძევების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო. „რეგინფოსთან“ ადვოკატმა გელა ნიკოლაშივილმა განაცხადა, რომ 20 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც მაგომედოვს საქართველოს დასატოვებლად 30 დღის ვადა მიეცა, უკვე გაასაჩივრეს.

გელა ნიკოლაიშვილის თქმით, მაგომედოვი საქართველოში 2016 წელს, საქართველო-თურქეთის საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით დააკავეს და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მან საპატიმრო 2020 წლის მაისში დატოვა, რის შემდეგაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა ქვეყანაში კანონიერი საფუძვლის გარეშე ყოფნის გამო მისი გაძევება გადაწყვიტა. მაგომედოვმა ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. ამ დრომდე ის მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში იმყოფება.

გელა ნიკოლაიშვილის ინფორმაციით, 2013 წელს, დაღესტანში მაგომედოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უკანონო სამხედრო ფორმირებაში მონაწილეობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას მუხლებით აღძრეს. მის მიმართ ფედერალური ძებნაა გამოცხადებული.

მაგომედოვი ამტკიცებს, რომ 2013 წელს უკვე თურქეთში ცხოვრობდა და ტერორისტულ ორგანიზაცია ისლამურ სახელმწიფოსთან“ შეხება არ ჰქონია.

„სასამართლოში წარვადგინეთ საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი თუ საერთაშორისო უფლებადამცველების ანგარიშები, მედიის მასალები, რაც ადასტურებს, რომ, როგორც წესი, ჩრდილოეთ კავკასიაში, განსაკუთრებით დაღესტანსა და ჩეჩნეთში, იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან, თითქოს, რაღაც შეხება ჰქონდათ სირიასთან და სირიაში იბრძოდნენ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ, დიდ გამოძიებას არავინ ატარებს; რადგან თურქეთის საზღვრის კვეთა ფიქსირდება, ბევრი მტკიცებულება არ სჭირდებათ. სხვათა შორის, ხშირად იგივე მიდგომა აქვთ ხოლმე საქართველოშიც. დამატებით, რუსეთში არაადამიანური, ღირსების შემლახველი მოპყრობაა გავრცელებული, განსაკუთრებით ჩრდილოკავკასიელების მიმართ. ეს არის მოტვი, რის გამოც სასამართლოს გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ“, - უთხრა „რეგინფოს“ გელა ნიკოლაიშვილმა.

მისივე თქმით, იმის გამო, რომ რუსეთი მაგომედოვს ფედერალური მასშტაბით ეძებს, საქართველოსგან მის ექსტრადირებას ვერ მოითხოვს. ადვოკატის განმარტებით, რუსეთში გაძევების შემთხვევაში, მაგომედოვს საზღვარზევე დააკავებენ.

გელა ნიკოლაშვილის ცნობით, ბათირ მაგომედოვმა საქართველოს მიგრაციის დეპარტამენტს ორჯერ - 2016 წელს, დაკავების შემდეგ და 2020 წელს, პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ - მიმართა ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე, რაზეც უარი მიიღო.

ადვოკატის განმარტებით, კანონით შესაძლებელია, რომ მაგომედოვს დროებითი ბინადრობის მოწმობა მისცენ.

„გარდა ამისა, შესაძლებელია, რომ გაგზავნონ არა რუსეთში, არამედ თურქეთში, საიდანაც შემოვიდა. მას ახლა ამისთვის დოკუმენტები არ აქვს. მხოლოდ დაბადების მოწმობა გააჩნია. დროებითი ბინადრობის დოკუმენტი მას თურქეთში გადასვლის შესაძლებლობას მისცემდა“, - ამბობს ადვოკატი.

მთავრობის შესაბამისი დადგენილების მიხედვით, საქართველოდან უცხოელის გაძევება არ უნდა მოხდეს, თუ მას ემუქრება წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის, სასიკვდილო განაჩენის, რასობრივი წარმოშობის, რელიგიური მრწამსის, ეროვნების, კონკრეტულ სოციალურ ჯგუფთან კუთვნილების, პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნის საფრთხე დანიშნულების სახელმწიფოში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]