weather cur horoscope tv
ოქტომბერი 21, 2020

მთიან ყარაბაღში ბრძოლა გრძელდება – სომხეთი თურქეთის ჩარევაზე საუბრობს

17:11 ორშაბათი, 28 სექტემბერი 2020 hits 757

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მეორე დღეა გრძელდება. დღეს სომხეთმა თურქეთი აზერბაიჯანისთვის სამხედრო დახმარების გაწევასა და ამ ფორმით კონფლიქტში ჩარევაში დაადანაშაულა, რაც აზერბაიჯანულმა მხარემ უარყო.

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დღეს, 28 სექტემბერს, საბრძოლო მოქმედებების დროს კიდევ 28 სომეხი ჯარისკაცი დაკარგეს. მანამდე, დე ფაქტო თავდაცვის სამინისტრომ 16 სამხედროს დაღუპვის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, 27 სექტემბრის ღამით, კი 16 დაღუპულის სახელი და გვარი გამოაქვეყნეს.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, ხელისუფლებას მსხვერპლის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გუშინ და დღეს ფრონტის სხვადასხვა მიმართულებებზე დიდი რაოდენობით სომხური ჯარი, სამხედრო ობიექტები და ტექნიკა გაანადგურეს. აზერბაიჯანული მხარის თანახმად, ტერიტორიების ოკუპაციისგან გათავისუფლების მიზნით, კონტრშეტევითი ოპერაციები გრძელდება.

გუშინ, აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ სომხეთის მხრიდან გახსნილ საარტელერიო ცეცხლს ნაფთალანის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები ოჯახის 5 წევრი ემსხვერპლა. იმავე დღეს, სომხეთმა ორი მშვიდობიანი მოქალაქის - ქალისა და ბავშვის - დაღუპვის შესახებ განაცხადა.

რა მოხდა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ 27 სექტემბერს, კვირას, დილით განაცხადა, რომ სომხეთმა ტერტერის, ჯებრაილის, აღდამისა და ფიზულის რაიონების დასახლებული პუნქტების მიმართულებით ცეცხლი გახსნა, რის შემდეგაც, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის მიზნით სრულმასშტაბიანი კონტრშეტევა განახორციელეს.

სომხეთის მტკიცებით, თავდაპირველად თავდასხმა აზერბაიჯანმა განახორციელა. პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა, ადგილობრივი დროით დილის 8 საათზე, საჰაერო და სარაკეტო თავდასხმები დაიწყო.

შეტაკებების დაწყების შემდეგ ორივე მხარემ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა, სომხეთმა მთელ ტერიტორიაზე, ხოლო აზერბაიჯანმა რამდენიმე რეგიონში. გარდა ამისა, სომხეთმა 18-დან 55 წლამდე მამაკაცების საყოველთაო მობილიზაცია დაიწყო.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ ერევანი განიხილავს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის ოფიციალურად აღიარების შესაძლებლობას.

მოსახლეობისადმი მიმართვაში ფაშინიანმა აზერბაიჯანის მოქმედებები ფართომასშტაბიან პროვოკაციად შეაფასა და განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა ომი გამოუცხადა მთლიანად სომეხ ხალხს, რისთვისაც ისინი მზად არიან.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე თქვა, რომ ყარაბაღში კონფლიქტის დარეგულირება აზერბაიჯანის ისტორიული ამოცანაა და არ სჭირდებათ საკითხის „ნახევრად გადაწყვეტა“.

„ბევრჯერ მითქვამს და მინდა დღესაც ვთქვა, რომ ჩვენ უნდა გადავჭრათ ეს საკითხი ისე, რომ აზერბაიჯანის ერი კმაყოფილი იყოს. ჩვენ უნდა აღვადგინოთ ისტორიული სამართლიანობა. ეს უნდა გავაკეთოთ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად“, - განაცხადა ალიევმა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანი არასდროს დაუშვებს აზერბაიჯანის მიწებზე სომხური სახელმწიფოს შექმნას.

თურქეთის როლი

თურქეთმა აზერბაიჯანს ყარაბაღის საკითხში სრული მხარდაჭერა გუშინვე გამოუცხადა. ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აკარმა სომხეთი დაადანაშაულა მთიან ყარაბაღში ვითარების გამწვავებაში და ერევანისგან აზერბაიჯანის წინააღმდეგ „აგრესიის შეწყვეტა“ მოითხოვა.

„აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში თურქეთი აზერბაიჯანელი ძმების მხარეს იქნება, გამოიყენებს თავის ყველა შესაძლებლობას“, - განაცხადა აკარმა გუშინ, 27 სექტემბერს, ხოლო დღეს თქვა, რომ სომხეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს თავდასხმები და უკან გაგზავნოს „უცხოეთიდან ჩაყვანილი დაქირავებული მებრძოლები და ტერორისტები“.

ჰულუსი აკარის განცხადებით, სომხეთმა უნდა დატოვოს მის მიერ ოკუპირებული აზერბაიჯანული ტერიტორიები იმისთვის, რომ რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა იქნეს მიღწეული.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან, თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერდა აზერბაიჯანს, თუმცა ამ მხარდაჭერამ განიცადა თვისობრივი ცვლილებები, რაც ხასიათდება საომარი მოქმედებების ადგილზე მისი ყოფნით.

„თურქი სამხედრო სპეციალისტები აზერბაიჯანელებთან ერთად იბრძვიან, იყენებენ თურქული წარმოების იარაღს, მათ შორის უპილოტო საფრენ აპარატებსა და სამხედრო თვითმფრინავებს. სანდო წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით, თურქეთს აზერბაიჯანში ჩაჰყავს უცხოელი მებრძოლ-ტერორისტები. ამავე დროს, თურქეთის ხელისუფლება აზერბაიჯანს სრულ პოლიტიკურ და პროპაგანდისტულ დახმარებას უწევს. ფაქტობრივად, შეიქმნა ისეთი ვითარება, როდესაც არცახის (მთიანი ყარაბაღი) ხალხი იბრძვის თურქულ-აზერბაიჯანული კავშირის წინააღმდეგ“, - ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დღევანდელ განცხადებაში.

გარდა ამისა, პრეზიდენტმა არმენ სარქისინმა განაცხადა, რომ თურქეთი, რომელიც ნატო-ს წევრი ქვყანაა, აზერბაიჯანს არა მხოლოდ სპეციალისტებითა და დაქირავებული მებრძოლებით, არამედ F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებითაც ეხმარება.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო კონფლიქტში თურქეთის მონაწილეობას უარყოფს: „არ არსებობს თურქული ჩარევა. თუ ლაპარაკია თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობაზე, მაშინ აზერბაიჯანს ასეთი თანამშრომლობა აქვს რიგ ქვეყნებთან. თუ გადავხედავთ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ დღეს გამოყენებულ იარაღს, ის ძირითადად რუსულია“, - განაცხადა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უკვე მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, ყარაბაღის კონფლიქტში თურქეთის ჩაურევლობა უზრუნველყოს. 

საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია

27 სექტემბერს, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა (რუსეთი, საფრანგეთი, აშშ) მკაცრად დაგმეს ძალის გამოყენება და კონფლიქტის მხარეებს მოუწოდეს, „დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ძალადობა და განაახლონ მოლაპარაკებები, რათა კონფლიქტის გადაჭრის მდგრადი გამოსავალი იყოს მოძიებული“.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აშშ ყარაბაღში ძალადობის ესკალაციას გმობს. დეპარტამენტის ინფორმაციით, სახელმწიფო მდივნის მოადგილე სტივენ ბიგანი დაუკავშირდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ზოჰრაბ მნაცაკანიანს და ორივე მხარეს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ძალადობა, გამოიყენონ პირდაპირი კავშირის არსებული საშუალებები შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად და მოერიდონ უსარგებლო რიტორიკასა და მოქმედებებს, რომელიც ადგილზე კიდევ უფრო გააღრმავებს დაძაბულობას.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადებით ორივე მხარეს ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისა და ვითარების სტაბილიზაციის მიზნით მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდა.

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივნმა მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩიმ კონფლიქტის მხარეებს შეახსენა ევროპის საბჭოში გაწევრიანების დროს აზერბაიჯანისა და სომხეთის მიერ აღებული ვალდებულების - გადაჭრან კონფლიქტი მშვიდობიანი გზით - შესრულების აუცილებლობის შესახებ.

„ევროპის საბჭოს სახელით მოვუწოდებ ჩვენი ორი წევრი ქვეყნის მთავრობებს, გააკეთონ ყველაფერი, რაც შესაძლებელია ადამიანის სიცოცხლის დასაცავად და არ მიიღონ მონაწილეობა სამხედრო კონფლიქტში. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, ესკალაციის შესაჩერებლად“, - განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველო მზადაა ნებისმიერი ფორმით ხელი შეუწყოს დეესკალაციას და რეგიონში მშვიდობის დამყარებას. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, შეშფოთებულია საბრძოლო მოქმედებების განახლებით და მხარეებს მშვიდობისკენ მოუწოდებს. ზურაბიშვილის განცხადებით, „რეგიონში სტაბილურობა და მშვიდობა ჩვენი საერთო მიზანი უნდა იყოს“.

კონფლიქტის გამწვავებას გამოეხმაურა რომის პაპი ფრანცისკე საკვირაო წირვის დროს და ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მრევლს მოუწოდა მასთან ერთად ილოცონ კავკასიაში მშვიდობისთვის.

„ვთხოვ დაპირისპირებულ მხარეებს, გააკეთონ კეთილი ნებისა და ძმობის კონკრეტული ჟესტი, რომელიც მათ მიიყვანს პრობლემის არა იარაღითა და ძალის გამოყენებით, არამედ დიალოგითა და მოლაპარაკებებით გადაჭრამდე“, - განაცხადა რომის პაპმა. 

ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ

ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც ყარაბაღის ავტონომიურმა ოლქმა აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობიდან გამოსვლის შესახებ განაცხადა. 1991 წელს სტეპანაკერტში მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დაარსება გამოცხადდა.

1992 წელს, კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით შეიქმნა ეუთოს (OSCE) მინსკის ჯგუფი, რომლის თანათავმჯდომარეები რუსეთი, აშშ და საფრანგეთი არიან. 1994 წელს მხარეებმა ზავი გამოაცხადეს, რომელიც წლების განმავლობაში ირღვევა.

მთიანი ყარაბაღი, სადაც მცხოვრებთა უმრავლესობა ეთნიკური სომეხია, საერთაშორისო დონეზე აღიარებულია როგორც აზერბაიჯანის ტერიტორია.

მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა ამ დრომდე ოფიციალურად არ უღიარებია სომხეთს.

90-იანი წლების კონფლიქტის შედეგად დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი საცხოვრებელი დაეტოვებინა, დაახლოებით 30 000 კი დაიღუპა. კონფლიქტის ზონაში ბოლო მასშტაბური დაპირისპირება 2016 წლის აპრილში მოხდა, როდესაც ორივე მხარეს ათობით ადამიანი დაიღუპა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]