weather cur horoscope tv
ოქტომბერი 27, 2020

ივანიშვილის მთავრობას საქართველოში ჩემი ჩასვლის ეშინია – აფგან მუხთარლი

15:33 პარასკევი, 09 ოქტომბერი 2020 hits 694
ფოტო აფგან მუხთარლის Facebook გვერდიდან ფოტო აფგან მუხთარლის Facebook გვერდიდან

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი აცხადებს, რომ ბერლინის აეროპორტიდან თბილისში გამგზავრების საშუალება არ მისცეს. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზები“ (Georgian Airways) და საქართველოს საკონსულო გერმანიაში დაბრკოლებებს უქმნიან.

ინფორმაცია თბილისში მუხთარლის დაბრუნების შესახებ გუშინ გავრცელდა. ის საქართველოს პროკურატურაში უნდა გამოცხადებულიყო.

„ამბობენ, რომ საბუთები წესრიგში არ მაქვს, რაც სიმართლე არაა. ეტყობა, იცოდნენ, რომ მოვდიოდი და ცდილობენ შემაჩერონ. ჩემი დოკუმენტები შესაბამისობაშია იმასთან, რაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე წერია. შევავსე ფორმა და მივიღე ნებართვა.

ივანიშვილის მთავრობა მხდალია. ჩემი ვიზიტის ეშინიათ, იმიტომ, რომ იციან, მათ დანაშაულებს გამოვააშკარავებ. ვერ შეძლებენ დამალონ რაც გააკეთეს და პასუხს აგებენ ყველა ჩადენილი დანაშაულისთვის“, – წერს აფგან მუხთარლი სოციალურ ქსელში.

აფგან მუხთარლი, რომელიც 2015 წლიდან საქართველოში ცხოვრობდა, თბილისის ცენტრიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, მომდევნო დღეს კი აზერბაიჯანში, პოლიციის იზოლატორში აღმოჩნდა. მუხთარლი ამბობდა, რომ თბილისიდან საქართველოს კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ქართულად მოლაპარაკე პირებმა გაიტაცეს და შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს.

აზერბაიჯანის სამართალდამცავი ორგანოების ოფიციალური ინფორმაციით, მუხთარლი 29 მაისს, აზერბაიჯანის საზღვრის სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა ბელაქანის რაიონის ტერიტორიაზე მას შემდეგ დააკავეს, რაც აზერბაიჯანის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა. აფგან მუხთარლის ბრალად დასდეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის კონტრაბანდა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა. 2018 წლის 12 იანვარს ბელაქანის რაიონულმა სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მუხთარლი დამნაშავედ ცნო სააპელაციო სასამართლომაც. 2020 წლის მარტში მუხთარლი გაათავისუფლეს, რის შემდეგაც ის გერმანიაში გაემგზავრა. მანამდე საქართველო დატოვეს მისმა მეუღლემ და შვილმა.

2018 წლის თებერვალში პატიმრობაში მყოფმა მუხთარლიმ განაცხადა, რომ ის აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პარტნიორობის „მსხვერპლია“. ჟურნალისტის თქმით, ის საქართველოში ილჰამ ალიევის ბიზნესს იძიებდა, რის გამოც თბილისიდან გაიტაცეს და აზერბაიჯანის ხელისუფლებას გადასცეს. საქართველოს ხელისუფლებამ ჟურნალისტის ბრალდებები მის საქმესთან სამართალდამცავი უწყებების კავშირის შესახებ უარყო.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აფგან მუხთარლის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143–ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. გამოძიების შედეგები უცნობია.

მუხთარლის უფლებების დარღვევის საკითხს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განიხილავს. საჩივარი საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ არის წარდგენილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]