weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ზავის დარღვევაში ადანაშაულებენ

17:31 შაბათი, 10 ოქტომბერი 2020
კადრი აზერბაიჯანის მიერ გავრცელებული ვიდეოდან კადრი აზერბაიჯანის მიერ გავრცელებული ვიდეოდან

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაში, რომელიც ძალაში დღეს, 12:00 საათზე შევიდა.

„ზავის იგნორირებით, აზერბაიჯანულმა ქვედანაყოფებმა 12:05 საათიდან დაიწყეს შეტევა ყარახანბეილის სექტორზე. არცახის (მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო რესპუბლიკა - რედ.) ჯარი იღებს შესაბამის ზომებს მოწინააღმდეგის თავდასხმების აღსაკვეთად“, – განაცხადა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა შუშან სტეპანიანმა. 

აზერბაიჯანული მხარე კი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი უხეშად ირღვევა სომხეთის მიერ. 

„მიუხედავად მიღწეული შეთანხმებისა, 12:00 საათიდან სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა სცადეს თავდასხმა აღდარის, ტერტერის, ფუზულის, ჯებრაილის მიმართულებით. ამავდროულად, მთელ რიგ დასახლებებზე საარტილერიო თავდასხმები ხორციელდება. ჩვენი ქვედანაყოფების მიერ მოწინააღმდეგის ყველა მცდელობა წარმატებით იქნა აღკვეთილი. ვიღებთ ადეკვატურ საპასუხო ზომებს სომხეთის ჯარის წინააღმდეგ“, – განაცხადა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ. 

აზერბაიჯანული მხარის ცნობით, მათ მიერ განადგურებული იქნა მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკა, რომელმაც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვია. 

გუშინ, 9 ოქტომბერს, მოსკოვში, სომხეთისა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების, ზოგრაბ მნაცაკანიანისა და ჯეიჰუნ ბაირამოვის შეხვედრა გაიმართა, სადაც შუამავალი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი იყო. მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა დაახლოებით 10 საათი გაგრძელდა. სერგეი ლავროვის განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე:

  1. 10 ოქტომბრის 12:00 საათზე ცეცხლის შეწყვეტა ჰუმანიტარული მიზნებისთვის, რათა მოხდეს სამხედრო ტყვეებისა და სხვა დაკავებულების, ასევე დაღუპულთა ცხედრების გაცვლა წითელი ჯვრის კრიტერიუმების შესაბამისად და ამ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლების მონაწილეობით;
  2. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის კონკრეტული პარამეტრები დამატებით შეთანხმდება;
  3. აზერბაიჯანი და სომხეთი, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების (რუსეთი, საფრანგეთი, აშშ) შუამავლობით, დაიწყებენ არსებით მოლაპარაკებებს იმ მიზნით, რომ რაც შეიძლება მალე მიაღწიონ კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას;
  4. მხარეები ადასტურებენ მოლაპარაკებების პროცესის ფორმატის უცვლელობას.

მთიან ყარაბაღში ვითარება 27 სექტემბერს გამწვავდა, რაშიც მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. საბრძოლო მოქმედებები სამხედრო თვითმფრინავების, არტილერიის, ჯავშანტექნიკის, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებისა და დრონების გამოყენებით მიმდინარეობს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა მშვიდობიან მოქალაქეებს შორისაც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]