weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ფაშინიანის თქმით, ყარაბაღში ომი დასრულდა – რეგიონში რუსი მშვიდობისმყოფელები შევლენ

10:00 სამშაბათი, 10 ნოემბერი 2020

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა 10 ნოემბერს, გვიან ღამით, სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად ხელი მოაწერა განცხადებას ყარაბაღის ომის შეწყვეტის შესახებ.

„ძვირფასო თანამემამულეებო, ძმებო და დებო, ჩემთვის და ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მივიღე. რუსეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად ხელი მოვაწერე შეთანხმებას 01:00 საათიდან ყარაბაღის ომის შეწყვეტის შესახებ.

უკვე გამოქვეყნებული განცხადების ტექსტი წარმოუდგენლად მტკივნეულია ჩემთვის და ჩვენი ხალხისთვის.

ეს გადაწყვეტილება სამხედრო სიტუაციის ღრმა ანალიზისა და იმ ადამიანების შეფასების შედეგად მივიღე, რომლებიც ყველაზე უკეთ ერკვევიან არსებულ მდგომარეობაში. ასევე იმ რწმენით, რომ ეს არის საუკეთესო გადაწყვეტილება ამ სიტუაციაში. ამის შესახებ განცხადებას მომდევნო დღეს გავაკეთებ.

ეს არ არის გამარჯვება, მაგრამ არ არსებობს დამარცხება, სანამ საკუთარ თავს არ შეიცნობ. საკუთარ თავს ვერასოდეს შევიცნობთ და ეს უნდა იყოს დასაწყისი ჩვენი ნაციონალური ერთიანობის, აღორძინების ერა.

ჩვენ გვჭირდება, რომ დამოუკიდებლობის წლები გავაანალიზოთ, რათა მომავალი დავგეგმოთ და წარსულის შეცდომები არ გავიმეოროთ.

მუხლს ვიყრი ჩვენი თითოეული მსხვერპლის წინაშე. ქედს ვიხრი ჩვენი ჯარისკაცების, გენერლებისა და მოხალისეების წინაშე, რომლებიც თავიანთი სიცოცხლის ფასად იცავდნენ თავის სამშობლოს. მათ თავიანთი პიროვნებებით გადაარჩინეს არაღიარებული მთიანი ყარაბაღი.

ჩვენ ბოლომდე ვიბროძლებთ და გავიმარჯვებთ. გაუმარჯოს სომხეთს, გაუმარჯოს არცახს“, – დაწერა ფაშინიანმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეფასებით, ამ განცხადებას ისტორიული მნიშვნელობა აქვს და ნიშნავს სომხეთის კაპიტულაციას.

„ეს განცხადება წყვეტს ოკუპაციას, რომელიც ხანგრძლივი წლების განმავლობაში გრძელდებოდა. ეს განცხადება ჩვენი გამარჯვებაა“, – თქვა ალიევმა.

განცხადების ოფიციალური ტექსტი ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სავარაუდოდ ის ითვალისწინებს შემდეგს:

აღდამის რაიონი და ტერიტორიები, რომელსაც ადრე სომხური ძალები აკონტროლებდნენ გადავა აზერბაიჯანული მხარის კონტროლის ქვეშ, არა უგვიანეს 2020 წლის 20 ნოემბრისა;

რუსი სამშვიდობოები განლაგდებიან მთიანი ყარაბაღის ე.წ. შეხების ხაზის და ლაჩინის კორიდორის გასწვრივ. რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის ყოფნის ვადაა 5 წელი (ეს ვადა შესაძლოა კიდევ 5 წლით გახანგრძლივდეს);

ლაჩინის რაიონი (5 კილომეტრი) დარჩება სომხური ძალების კონტროლქვეშ. კორიდორი სომხეთს დააკავშირებს მთიან ყარაბაღთან, მაგრამ ქალაქი შუშა აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ იქნება.

ლტოლვილები დაბრუნდებიან მთიანი ყარაბაღსა და მიმდებარე რაიონებში გაეროს ლტოლვილთა/დევნილთა უმაღლესი კომისრის მეთვალყურეობის ქვეშ;

მოხდება სამხედრო ტყვეებისა და სხვა დაკავებული პირების, ასევე გარდაცვლილთა ცხედრების გაცვლა.

სომხეთი უზრუნველყოფს სატრანსპორტო კავშირს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დასავლეთ რეგიონებსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის, მოქალაქეთა და სატრანსპორტო საშუალებების შეუფერხებელი გადაადგილების ორგანიზების მიზნით. სატრანსპორტო მომოსვლაზე კონტროლს განახორციელებენ რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამსახურის ორგანოები.

მხარეთა შეთანხმებით განხორციელდება ახალი სატრანსპორტო კომუნიკაციების მშენებლობა, რომელიც ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებთან აკავშირებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]