weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ჩეჩნეთი აცხადებს, რომ ზრდასრული მოსახლეობის 60% აცრეს

10:56 ოთხშაბათი, 28 ივლისი 2021

რუსული მედიის ინფორმაციით, ჩეჩნეთი რუსეთის ფედერაციაში პირველი რეგიონია, სადაც კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ზრდასრული მოსახლეობის 60% აცრეს. ჯანდაცვის მინისტრის, ელხან სულეიმანოვის განცხადებით, უკვე ვაქცინირებულია 568 ათასი ადამიანი.

„ჩეჩნეთის რესპუბლიკამ პირველმა მიაღწია ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის მოცვას. ჩვენ სწრაფად გავზარდეთ ვაქცინაციის მაჩვენებელი: თუ გახსოვთ, იყო მიმართვა რესპუბლიკის მეთაურისგან, რის შემდეგაც ხალხმა აქტიურად დაიწყო ვაქცინაცია. 909 ათასი ზრდასრულიდან 568 ათასი უკვე აცრილია“, – განაცხადა სულეიმანოვმა.

გუშინ, ჩეჩნეთის პრემიერ-მინისტრმა, ვახიტ უსმაევმა არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის დამატებითი შეზღუდვების დაწესების შესახებ განაცხადა, კერძოდ, მათ არ შეეძლებათ მეჩეთსა და მაღაზიებში შესვლა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება ცნობის და სერთიფიკატის წარდგენის გარეშე.

„მეჩეთში შესვლისას სავალდებულოა ვაქცინაციის შესახებ ცნობის და სერთიფიკატის ქონა. ცნობა და სერთიფიკატი ყველა სავაჭრო წერტილშიც მოწმდება. ასევე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრებს ნიღაბი, ცნობა და სერთიფიკატი მოეთხოვებათ“, – განაცხადა უსმაევმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობს „ცნობა“.

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური, რამზან კადიროვი კი ამბობს, რომ 60%-ზე არ უნდა გაჩერდნენ და ვაქცინაციამ მთელი ზრდასრული მოსახლეობა უნდა მოიცვას.

ჩეჩნეთში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო გახდა საჯარო მოხელეებისთვის, მუნიციპალური და რეგიონული ხელისუფლების ორგანოების თანამშრომლებისთვის, ვაჭრობის და მომსახურების სფეროებში, განათლებისა და ტურიზმის სექტორებში დასაქმებულებისთვის, მედიის წარმოამდგენლებისთვის და ა.შ. აცრები რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“-ით მიმდინარეობს.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]