ქალაქ სტეფანაკერტში, აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ და მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კარენ მირზოიანმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს.
საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ურთიერთგაგების მემორანდუმი პირველი ე.წ. დოკუმენტია, რომელიც თვითგამოცხადებული რესპუბლიკების საგარეო უწყებებს შორის გაფორმდა.
„ორ რესპუბლიკას შორის ხანგრძლივი ურთიერთობების მიუხედავად, ეს დოკუმენტი პირველი დოკუმენტია, რომელსაც ხელი მოეწერა“, - აღნიშნა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მინისტრის მოადგილემ ირაკლი ტუჟბამ.
„აფხაზეთის საგარეო უწყების დელეგაციის ეს ვიზიტი მორიგი დასტურია იმ ტრადიციულად მაღალი დონის ორმხრივი ურთიერთობებისა, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს“, - განაცხადა თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარენ მირზოიანმა.
რუსული მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებულ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაზეც ისაუბრეს.
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო, როდესაც აზერბაიჯანის შემადგენლობაში არსებულმა ძირითადად ეთნიკური სომხებით დასახლებულმა მთიანი ყარაბაღის ავტონომიურმა ოლქმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 1994 წელს მხარეებმა ზავი გამოაცხადეს, თუმცა ისინი ზავის დარღვევაში ერთმანეთს მუდმივად ადანაშაულებენ.