weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ნიკოლ ფაშინიანსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის თბილისში შეხვედრა გაიმართა

17:34 ორშაბათი, 20 დეკემბერი 2021

საქართველოში სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი იმყოფება. მასსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა. გარდა ამისა, ფაშინიანისა და ღარიბაშვილის თავმჯდომარეობით ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მე-11 სხდომა შედგა.

„ამ წელს ეს თქვენი რიგით მეორე ვიზიტია საქართველოში. ერევანში ოფიციალური ვიზიტით ორჯერ ვიყავი და სიამოვნებით და კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ ეს მართლაც მიუთითებს მჭიდრო ურთიერთობაზე, თანამშრომლობაზე, კეთილგანწყობაზე, რომელიც ჩვენს შორის არსებობს და მინდა ამ განწყობისა და დამოკიდებულებისთვის მადლობა გადაგიხადოთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა კომისიის სხდომაზე.

მისივე თქმით, ნიკოლ ფაშინიანის პირადი ჩართულობით განაახლა მუშაობა ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისმა კომისიამ, რომელიც წლების განმავლობაში არ იმართებოდა. 

„ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ჩვენს შორის არსებული ძალიან მჭიდრო, მეგობრული თანამშრომლობა კონვერტირდეს რეალურ საქმედ. უნდა განვავითაროთ მჭიდროდ ჩვენი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები, ვისაუბროთ რეგიონულ პროექტებზე, ინფრასტრუქტურაზე, სხვა პროექტებზე, რომელიც საინტერესო იქნება ორივე ქვეყნისთვის. სწორედ ამ მიზნით, ამ მოტივით შევიკრიბეთ დღეს. ჩვენს შორის ურთიერთობა უმაღლეს დონეზეა. სიამაყით და სიამოვნებით უნდა ითქვას, რომ ასეთი ურთიერთობა არ ყოფილა ჩვენს ქვეყნებს შორის. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველთვის გვქონდა ძალიან მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ სწორედ ჩვენი დამსახურებაა ის, რომ ჩვენს მთავრობებს, ქვეყნებს შორის არავითარი გაუგებრობა არ არსებობს და მართლაც იდეალური ურთიერთობა გვაქვს. 

ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა. საქართველო ყოველთვის არის მოტივირებული, რომ ამ პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს და სწორედ ამ მიზნით გავაჟღერე „მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა“.  

მინდა, დაგიდასტუროთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, რომ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, მივიღოთ მონაწილეობა რეგიონის მასშტაბით და წვლილი შევიტანოთ რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის განვითარებაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

როგორც ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, კმაყოფილია, რომ მიუხედავად სიძნელეებისა, დღეს საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა და სხვადასხვა სფეროში წარმატებები დაფიქსირდა. 

„2019 წელს ჩვენ საქართველოსთან ამბიციური თამასა განვსაზღვრეთ, მიზნად დავისახეთ ჩვენი ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მოცულობის გაზრდა 1 მილიარდ დოლარამდე. კოვიდ-პანდემიამ შეანელა ეს პროცესი, მაგრამ ახლა, როდესაც ვსწავლობთ კოვიდის პარალელურად ცხოვრებას, წინადადება მაქვს, განვაგრძოთ ჩვენი მიზნის მისაღწევი ყველა მიმართულებით მუშაობა და აუცილებლად მივაღწიოთ 1 მილიარდ დოლარამდე ჩვენი ქვეყნების სავაჭრო ბრუნვას. მართალია, გვაქვს შემოთავაზება, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ძალზედ ამბიციური საკითხია და ხაზი მინდა გავუსვა, რომ მართალია, მიმდინარე წლის 10 თვის ჩვენი ურთიერთვაჭრობის მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა წინა 3 წლის წლიურ მაჩვენებელს, მაგრამ ჯერ შორს ვართ 1 მილიარდის მიღწევამდე“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, საქართველო-სომხეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროში ჩამოყალიბდა მკაფიო მიმართულებები, რომლებიც მოიცავს ტრანსპორტისა და ენერგეტიკის მაღალი ტექნოლოგიების, ტურიზმისა და სხვა სფეროებს. 

„საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი წინაპირობაა ურთიერთნდობა, რომელიც დამყარებულია ჩვენი ხალხების ისტორიულ მეგობრობაზე. 

მინდა, ხაზი გავუსვა ჩვენი ურთიერთობების ადამიანურ და ემოციურ სფეროს. ეს ეხება არა მხოლოდ ჩემსა და ბატონ ღარიბაშვილს შორის ურთიერთობებს, არამედ თანამშრომლობას ჩვენს მთავრობებს შორის. ჩვენი ხალხები ცხოვრობენ მეგობრულად და ეს ხდება არა იმიტომ, რომ ჩვენს მთავრობებს აქვთ ოფიციალური, არამედ ადამიანური ურთიერთობა. ჩვენ ეს ნდობა უნდა გავაღრმავოთ. 

სომხეთისა და საქართველოს ხელმძღვანელების შეხვედრები პერიოდულია. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი ურთიერთობების მრავალი სფერო განვიხილოთ. წელს მე და ბატონი პრემიერი უკვე ოთხჯერ შევხვდით. მსგავსი განვითარება ჩვენს ქვეყნებს შორის არ ყოფილა და ეს საფუძველია იმისა, რომ შევძლოთ ეკონომიკური ურთიერთობების ახალი დონის განსაზღვრა და ჩვენი ურთიერთობების ტრადიციული დონე უფრო ავამაღლოთ“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკურ საკითხებზე თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის ოქმს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]