weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ეუთოს წარმომადგენლობა სომხეთში საქმიანობას წყვეტს

23:38 პარასკევი, 05 მაისი 2017

ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია, ეუთო (OSCE) უახლოეს თვეებში ერევანში საკუთარ წარმომადგენლობას დახურავს. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ქრისტინ მუტონენმა და სამხრეთ კავკასიაში სპეციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან ვიგენინმა 4 მაისს მწუხარება გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ ერევანში ეუთოს ოფისის მანდატის გაგრძელებაზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხდა.

“სამწუხაროდ, ხანგრძლივი ძალისხმევის მიუხედავად, მუდმივმა საბჭომ ერევნის ოფისის მანდატის გახანგრძლივებისა და ოფისის მნიშვნელოვანი საქმის გაგრძელების უზრუნველყოფის საკითხებზე შეთანხმებას ვერ მიაღწია. საპარლამენტო ასამბლეამ გამოიხმო საველე მისიის წარმომადგენლები და ყველა აუცილებელი რესურსი, რათა მათ ვერ შეძლონ მათთვის მნიშვნელოვანი პროგრამების განხორციელება. სამწუხაროდ, კიდევ ერთი სამოქმედო არიალი იხურება", – განაცხადა ქრისტინ მუტონენმა.

სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურმა წარმომადგენელმა ქრისტიან ვიგენინმა კი ხაზი გაუსვა ერევნის ოფისის საქმიანობის მნიშვნელობას სოხეთისა და ეუთოსთვის. მან აღნიშნა, რომ საპარლამენტო ასამბლეა რეგიონში აქტიურ მუშაობას გააგრძელებს.

"იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო წლებში ეუთოს ოფისები საქართველოსა და აზერბაიჯანში დაიხურა, ერევნის წარმომადგენლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რაც არ შეიძლება დაუფასებელი დარჩეს", – აღნიშნა ქრისტიან ვიგენინმა.

სომხური მედიის ინფორმაციით, ეუთოს წარმომადგენლობის დახურვასთან დაკავშირებით განცხადება სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტიგრან ბალაიანმაც გააკეთა.

"აზერბაიჯანმა ეუთოს ბაქოს ოფისის დახურვის შემდეგ, ფაქტობრივად მიაღწია ერევნის წარმომადგენლობის დახურვას და ორგანიზაციას მოუსპო საშუალება, სამხრეთ კავკასიაში სრულფასოვნად განხორციელოს მისია, რაც, ბუნებრივია, არ შეიძლება ნეგატიურად არ აისახოს არა მხოლოდ ეუთოს საქმიანობაზე ჩვენს რეგიონში, არამედ მთლიანად ორგანიზაციასა და მის სტუქტურებზე. აზერბაიჯანი, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში, ყოველდღიურ რეჟიმში არღვევს ეუთოს პრინციპებსა და ვალდებულებებს ამ ორგანიზაციის მიმართ, რის გამოც მუდმივად იმსახურებს საერთაშორისო კრიტიკას. ეუთოს საქმიანობის წინ აღდგომით აზერბაიჯანმა მსოფლიო საზოგადოება გამოიწვია. ბაქომ მორიგი ფიასკო განიცადა საერთაშორისო ასპარეზზე, გაზარდა წყალგამყოფი მასსა და ცივილიზებულ სამყაროს შორის", - განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

აზერბაიჯანის დელეგაციამ ეუთოს შტაბ-ბინაში, ვენაში, მიმდინარე წლის იანვარში, განაცხადა, რომ სომხეთში ეუთოს პროგრამის გაგრძელებას შესაძლოა გაეძლიერებინა შესაბამისი სომხური სტრუქტურების პოტენციალი და შესაძლებლობები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში. მათ სომხეთი ერევნის ოფისის აზერბაიჯანის ლეგიტიმური ინტერესების წინააღმდეგ გამოყენებაში დაადანაშაულეს.

სომხურმა მხარემ აზერბაიჯანის ბრალდებები უარყო. მათი განცხადებით, ბაქო ცდილობდა გავლენა მოეხდინა ერევნის წარმომადგენლობის დახურვის საკითხზე მას შემდეგ, რაც 2015 წელს, მსგავსი ოფისი ბაქოში დაიხურა.

საბოლოო ჯამში, აზერბაიჯანმა სომხეთში ეუთოს მისიის გაგრძლებას მხარი არ დაუჭირა. ორგანიზაციის პრინციპის თანახმად კი, მისიის საქმიანობის დაწყების ან გახანგრძლივების შესახებ გადწყვეტილება 57-მა წევრმა ქვეყანამ კონსენსუსით უნდა მიიღოს.

 

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]