weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

თითქოს ეს ისევ ჩვენს თავს ხდება, პუტინმა 300 000 ჩეჩენი მოკლა – ზაკაევი უკრაინაში ომზე

16:35 შაბათი, 12 მარტი 2022

„ყველა ჩეჩენი, რომელიც ბედის განგებამ და საკუთარი შვილების გადარჩენის სურვილმა ევროპაში აღმოაჩინა, აკვირდება უკრაინაში განვითარებულ პროცესებს და აქვთ დეჟავიუ, თითქოს ეს ყველაფერი ისევ ჩვენს თავს ხდება“, – ამბობს ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ახმედ ზაკაევი ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში.

„საქმე იმაშია, ყველაფერი, რაც ახლა უკრაინაში ხდება, დაიწყო ჩეჩნეთში 28 წლის წინ – მთელი მსოფლიო ამ ყველაფერს უყურებდა, ჩეჩნების მკვლელობას უყურებდა. დღეს, რასაც ჩვენ ვუყურებთ, მთელი მსოფლიო როგორ დგას უკრაინის გვერდზე, დარდობს, ეხმარება, ვფიქრობთ, რა სხვაობაა ამ ორ ომს შორის – როდესაც 30 წლის წინ კლავდნენ ჩეჩნებს, მთელი მსოფლიო უყურებდა, რომ ეს რუსეთის შიდა საქმე იყო და დღეს, იმის გამო, რასაც უკრაინაში აკეთებს, განსჯიან და უკრაინას ეხმარებიან.

ეს, რა თქმა უნდა, სასიხარულოა, მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ თუკი პუტინის და მის ფაშისტურ რეჟიმს მაშინ ვინმე გააჩერებდა, დღეს არ მოხდებოდა ის, რაც ხდება უკრაინაში და რაც ხდებოდა მანამდე საქართველოში. არ იქნებოდა ის სირთულეები, რომლის წინაშეც მთელი მსოფლიო დგას. მთელი მსოფლიო ახლა უყურებს პარანოიის მქონე ადამიანს, რომელიც ცივილიზებულ სამყაროს ბირთვული იარაღით აშანტაჟებს“, – ამბობს ზაკაევი.

ახმედ ზაკაევს მიაჩნია, რომ ის მხარდაჭერა, რაც დასავლეთის სახელმწიფოებმა უკრაინას აღმოუჩინეს, რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებისა და უკრაინისთვის იარაღის მიწოდების სახით, პუტინის შესაჩერებლად არასაკმარისია.

„ეს კიდევ ცოტაა უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის დასაცავად. დღეს დასავლეთს შეუძლია ჩაკეტოს უკრაინის საჰაერო სივრცე და არ მისცეს რუსეთს უფლება, რომ უკრაინული ქალაქები, ქალები და ბავშვები დაბომბოს. თუ დასავლეთი ამას არ გააკეთებს, იმ დახმარების მიუხედავად, რომელსაც უკრაინას აძლევს, მაინც მათ სინდისზე იქნება უდანაშაულო ადამიანების სიკვდილი.

ვიდრე არ მოხდება უკრაინის ცის ჩაკეტვა, ვიდერე არ ჩამოყრიან ყველა იმ საფრენ აპარატს, რომლითაც ბომბავენ მშვიდობიან მოქალაქეებს, დასავლეთის ძალისხევა არ იქნება საკმარისი ომის შესაჩერებლად. დასავლეთი სხვანაირად უნდა მიუდგეს ამ ყველაფერს.

მესმის ეკონომიკური სანქციები, სამხედრო დახმარებაც, მაგრამ პუტინი მშვიდობიან მოქალაქეებს კლავს, უკრაინაში კლავენ ქალებსა და ბავშვებს იმ სანქციების მიუხედავად, რომელიც დაუწესეს რუსეთს.

ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანების სიცოცხლეზე. პუტინის მიერ დაბომბილი ინფრასტრუქტურა აღდგება, მაგრამ ადამიანების სიცოცხლეს უკან ვერავინ დააბრუნებს. ეს ომი პუტინმა წააგო.

ეკონომიკური სანქციები და უკრაინის სამხედრო დახმარება მას არ აღელვებს. ის ჯარისკაცები და ცოცხალი ძალა, რომელიც პუტინმა უკრაინაში გაგზავნა, რამდენიც არ უნდა გაანადგურონ, მათი სიცოცხლე პუტინისთვის არაფერს ნიშნავს, პუტინისთვის საზარბაზნე ხორცები არიან.

პუტინი ხელისუფლებაში ომით მოვიდა. ომით ინარჩუნებდა ძალაუფლებას და დღეს ინარჩუნებს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებით. როგორც კი ვინმე აიძულებს გააჩეროს ომი, ის იქნება იძულებული წავიდეს“, – განაცხადა ზაკაევმა.

მისივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და პუტინს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყება დიდი შეცდომა იქნება.

„დღეს ღია სამხედრო აგრესიაა უკრაინის წინააღმდეგ. ეს უნდა გახდეს პუტინის რუსეთის დასასრული, პუტინი უნდა მისცენ პასუხისმგებლობაში. მასთან არანაირი მოლაპარაკებები არ უნდა აწარმოოს ზელენსკიმ. ეს არ უნდა იყოს მოლაპარაკებები პრეზიდენტებს შორის, ზელენსკი არ უნდა შეხვდეს პუტინს და არ უნდა შეუწყოს ხელი მის რეაბილიტაციას.

პუტინის დასასრული ეს არის ტყვია შუბლში, რომელიც უნდა მიიღოს უახლოესი გარემოცვისგან, ან უნდა აღმოჩნდეს განსასჯელის სკამზე. სხვა დასასრული წარმოუდგენელია. ის დღეს სჩადის დანაშაულს უკრაინელების წინააღმდეგ. ამ დანაშაულების ჩადენა დაიწყო, პირველ რიგში, რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ – 1999 წელს იმისთვის, რომ დაეწყო ომი ჩეჩნეთში, მან სახლები ააფეთქა მოსკოვსა და სხვა ქალაქებში, დღეს ამის შესახებ უკვე ყველა რუსმა იცის.

ამ 22 წლის განმავლობაში რამდენი დანაშაული ჩაიდინა?! ნორდოსტი, ტერაქტების ორგანიზება, ბესლანი, ადამიანების მოწამვლა – ამ ყველაფრის უკან პუტინი დგას. ის ტერაქტები, რომელიც მოხდა რუსეთის ტერიტორიაზე და მის საზღვრებს გარეთ. გაიხსენეთ ზელიმხან იანდარბიევის მკვლელობა ყატარში, ლიტვინენკოს მკვლელობა, სხვა პოლიტიკური მკვლელობები –ანა პოლიტკოვსკაია, ბორის ნემცოვი. ეს ყველაფერი პუტინის კისერზეა. ის უნდა იყოს ისე დახვრეტილი, როგორც ავი ძაღლი.

ზელენსკიმ არ უნდა გამართოს მოლაპარაკებები პუტინთან, ეს იქნება მისი ყველაზე დიდი შეცდომა. ეს არ უნდა იქნეს დაშვებული.

მე ვარ იმ ერის წარმომადგენელი, რომელიც პუტინმა გაანადგურა, 300 ათასი ჩეჩენი მოკლა, აქედან 40 ათასი ბავშვი იყო.

დღეს პუტინსაც და ლავროვსაც ესმით, რომ მათ ჩაიდინეს სამხედრო დანაშაული და კარგად აცნობიერებენ, რომ სჭირდებათ მაღალი დონის კონტაქტი ზელენსკისთან და თუ ის ამ ნაბიჯზე წავა, ის აღიარებს პუტინს. ეს იქნება უდიდესი შეცდომა“, – განაცხადა ზაკაევმა.

იჩქერიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ჩეჩნეთის ამჟამინდელ მმართველითან დაკავშირებით დასმულ შეკითხვასაც უპასუხა. მისი თქმით, რამზან კადიროვი „ეროვნული მოღალატეა, რომელსაც პუტინი იყენებს როგორც ინსტრუმენტს ჩეჩენი ხალხის წინააღმდეგ – მათი ეროვნული ინტერესების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის დასათრგუნად“.

„მისი მომავალი, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია პუტინის მომავალთან. უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სასარგებლოდ მებრძოლი ჩეჩნების რაღაც რაოდენობა არის პუტინის ქვეითი დანაყოფი, რომელიც პუტინმა გამოზარდა და გამოზარდა მაშინ, როდესაც ჩემი ქვეყანა რუსეთის ოკუპაციაში იმყოფებოდა. ისინიც მოღალატეები არიან.

ეს ადამიანები არიან რუსეთის ბომბებში გამოზრდილები და ამიტომ ჩემთვის რთულია მათი გაგება.

ამასთანავე, შემიძლია გითხრათ, რომ ესენი არიან ძალიან მცირე რაოდენობა ჩეჩნების, ძალიან ცოტა უჭერს მხარს ვლადიმერ პუტინს, უბრალოდ რუსული პროპაგანდა ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს საქმე გვაქვს დიდ ამბავთან. კატეგორიულად არ ვეთანხმები ამას. ნამდვილი ჩეჩნები, თავისუფალი ჩეჩნები, რომლებიც თავისუფალი არიან არჩევანში, დღეს უკრაინის მხარეს იბრძვიან. დღეს ევროპაში 100 ათასობით ჩეჩენია, რომელიც მზადაა იარაღით ხელში დაიცვას უკრაინა“, – განაცხადა ახმედ ზაკაევმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]