weather cur horoscope tv
ივნისი 04, 2023

სომხეთი მზადაა თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყაროს და საზღვრები გახსნას

11:49 ოთხშაბათი, 16 მარტი 2022
არარატ მირზოიანი და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ არარატ მირზოიანი და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ სომხეთი მზად არის თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობის დასამაყარებლად და საზღვრების გასახსნელად. ამ საკითხზე მირზოიანმა ანტალიის დიპლომატიური ფორუმის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

„ანტალიაში ჩამოვედი დიპლომატიურ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად, რათა კიდევ ერთხელ დამედასტურებინა სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის პოლიტიკური ნება, მიაღწიოს თურქეთთან ურთიერთობების სრულ ნორმალიზაციას და გახსნას მშვიდობიანი და მდგრადი განვითარების ერა რეგიონში.

სომხეთი მზად არის, დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები თურქეთთან და გახსნას საზღვრები.

ჩემი თურქი კოლეგისგან გამიხარდა იმის მოსმენა, რომ მათი მხრიდან არსებობს პოლიტიკური ნება ამ პროცესის დასასრულებლად. მსოფლიოში სწრაფად განვითარებადი სიტუაციის პირობებში, მიმაჩნია, რომ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა არ უნდა დავაყოვნოთ“, – განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესის სარგებელთან დაკავშირებით მირზოიანმა თქვა, რომ ხალხი უკვე სარგებლობს პირდაპირი რეისებით ერევანსა და სტამბოლს შორის.

„საზღვრების გახსნა დადებითად აისახება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ხალხთა შორის კონტაქტებზე და რეგიონში საერთო სტაბილურობაზე.

საერთოდ, სომხეთის მოსახლეობას თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზება სურს. ეს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებშიც აისახება.

რა თქმა უნდა, არის გარკვეული ჯგუფები როგორც სომხურ, ისე თურქულ საზოგადოებაში, რომლებიც სკეპტიკურად უყურებენ ამ პროცესს. ამ საკითხების გადაჭრაზე ორივე მხარის ოფიციალურმა პირებმა პოლიტიკური ხელმძღვანელობა უნდა აიღონ“, – განაცხადა არარატ მირზოიანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ანტალიაში მისი ჩასვლა სომხეთის მაღალი თანამდებობის პირის პირველი ვიზიტია თურქეთში ბოლო ათწლეულის განმავლობაში.

სომხეთსა და თურქეთს ერთამანეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არ გააჩნიათ. ეს მდგომარეობა ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა მასობრივ მკვლელობას უკავშირდება, რასაც სომხეთი (ისევე როგორც სხვა სახელმწიფოები) გენოციდად აფასებს. თურქეთი ასეთ შეფასებას არ ეთანხმება. თურქეთსა და სომხეთს შორის სახმელეთო საზღვარი დაკეტილია. 1993 წელს, მთიანი ყარაბაღის ომის დროს, თურქეთმა სახმელეთო საზღვარი აზერბაიჯანისადმი მხარდაჭერის ნიშნად ჩაკეტა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]