weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მიწების დათმობით ათასობით ადამიანის გადარჩენა შემეძლო – ფაშინიანი 44-დღიან ომზე

12:08 ხუთშაბათი, 14 აპრილი 2022

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნულ ასამბლეაში (პარლამენტი) გამოსვლის დროს 2020 წლის ყარაბაღის 44-დღიან ომზე ისაუბრა. მისი თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობა მანამდეც ელოდა და ახლაც ელის, რომ სომხეთი მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკასთან დაკავშირებით თავის პოზიციას შეცვლის.

ფაშინიანის თქმით, მისი დანაშაული შესაძლოა მდგომარეობდეს იმაში, რომ „მიწები არ დათმო“, რადგან დათმობით ათასობით ადამიანის გადარჩენა შეეძლო. სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, 44-დღიანი ომის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, დღეს მონაცემებით, 3825 ადამიანს შეადგენს.

„ცხედრების უმეტესობა იპოვეს ან იდენტიფიცირება მოახდინეს დნმ-ით და 2021 წელს დაკრძალეს. 2021 წლის მთავარი სიმბოლო გახდა ჩვენი ეროვნული დროშები, რომლებიც სასაფლაოებზე უსასრულოდ ფრიალებს, ისევე როგორც ტკივილი, რომელიც არ გვტოვებს და ყელში გვიჭერს. რატომ მოხდა ეს? ამ კითხვას უნდა ვუპასუხო და ახლა ვაპირებ ამის გაკეთებას.

მე თავიდანვე ვაღიარე დანაშაული და ჩემი პასუხისმგებლობა როგორც ომში, ასევე მარცხში, მაგრამ მე არ მივიღე და არ ვიღებ 2020 წლის 9 ნოემბრის შემდეგ, ოპოზიციის ბრალდებებს ჩემს მიმართ მიწის დათმობასა და შესაბამისად, ღალატზე. ერთი შეხედვით, შეიძლება აბსურდულად მოგეჩვენოთ, რომ ვაღიარებ დანაშაულს, მაგრამ არ ვაღიარებ ბრალდებებს და, შესაძლოა, როგორც პოლიტიკურად, მორალურად, ისე მომავლის დისკურსის თვალსაზრისით, დადგა ამ დილემის გადაწყვეტის დრო.

ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში მივუთითე, რომ თუ ჩემი ობიექტურად დადანაშაულება უნდოდათ, შეეძლოთ დავედანაშაულებინე არა მიწების ჩაბარებაში, არამედ იმაში, რომ არ ჩავაბარე. ახლა, დიახ, ვაპირებ ვაღიარო, რომ ალბათ ამაში ვარ დამნაშავე.

დამნაშავე ვარ იმაში, რომ 2018, 2019 წლებში არ გამოვედი ჩვენი საზოგადოების წინაშე და ყველაფერი არ ვთქვი. არ ვთქვი, რომ ყველა, ვიმეორებ, ყველა ჩვენი შორეული და ახლობელი მეგობარი ელოდა, რომ ჩვენ ამა თუ იმ კონფიგურაციით, აზერბაიჯანს 7 ცნობილ რეგიონს გადავცემდით და დავწევდით არცახთან [მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო რესპუბლიკა] დაკავშირებით ჩვენს მიერ დაჭერილ ნიშნულს.

დამნაშვე ვარ იმაში, რომ ჩვენ ხალხს არ ვუთხარი, რომ საერთაშორისო საზოგადოება უპირობოდ აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენგანაც ელის, რომ ჩვენც ვაღიარებთ მას და ელის, რომ აზერბაიჯანელები, რომლებმაც ყარაბაღი დატოვეს, სრულად ჩაერთვებიან მთიანი ყარაბაღში გადაწყვეტილების მიღებასა და მმართველობაში.

დამნაშავე ვარ იმაში, რომ გარკვევით და ცალსახად არ მითქვამს, რომ ჩვენთვის შემოთავაზებული მიუღებელი სცენარებიც კი მიუღებელი იყო აზერბაიჯანისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლები ხან პირდაპირ, ხან დიპლომატიურად გვეუბნებოდნენ, რომ თუ ამ ყველაფერს სომხური მხარე მიიღებდა, მაშინ კიდევ საჭირო იქნებოდა აზერბაიჯანის დარწმუნება, რომ მას მიეღო.

ვალდებული ვიყავი ეს ყველაფერი დეტალურად წარმედგინა ჩვენი ხალხისთვის.

რეალურად, ჩემი დანაშაული მდგომარეობს იმაში, რომ ეს არ გავაკეთე და ბრალდების ასეთი ფორმულირება სულაც არ არის სიტუაციის შემსუბუქების მცდელობა, პირიქით, ამძიმებს მას,
რადგან მიწების დათმობით ათასობით ადამიანის გადარჩენა შემეძლო და არ დანებებით,
ფაქტობრივად, გავხდი იმ გადაწყვეტილებების ავტორი, რომელსაც ათასობით მსხვერპლი მოჰყვა.

ალბათ, ასეთი შემთხვევებისთვის გაჩნდა ცნობილი ფრაზა, რომელიც ამბობს: ეს დანაშაულზე მეტია, ეს შეცდომაა. ან, როგორც ჩვენ ვიტყოდით ჩვენს შემთხვევაში: ეს უფრო მეტია, ვიდრე ღალატი, ეს შეცდომაა“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ფაშინიანის თქმით, შინაარსობრივად ახლაც იგივე სიტუაციაა და არ უნდა იგივე შეცდომები გაიმეოროს.

„დღეს მსოფლიო საზოგადოება ნათლად გვეუბნება, რომ იყო მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ორმხრივ დონეზე არ ცნობს თურქეთის მოკავშირე აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, დიდ საფრთხეს წარმოადგენს არა მარტო არცახისთვის, არამედ სომხეთისთვისაც. დღეს საერთაშორისო საზოგადოება კიდევ ერთხელ გვეუბნება: მთიანი ყარაბაღის სტატუსზე ნიშნული ოდნავ ჩამოვწიოთ და უზრუნველყოთ უფრო დიდი საერთაშორისო კონსოლიდაცია სომხეთისა და არცახის ირგვლივ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამბობს საერთაშორისო თანამეგობრობა, გთხოვთ, ჩვენი იმედი ნუ გექნებათ, არა იმიტომ, რომ თქვენი დახმარება არ გვინდა, არამედ იმიტომ, რომ ვერ დაგეხმარებით“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ბოლო ომი 2020 წლის 27 სექტემბერს დაიწყო და 10 ნოემბერს, რუსეთის ფედერაციის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით დასრულდა. ომში დაახლოებით 7000 სამხედრო და 170 სამოქალაქო პირი დაიღუპა, უფრო მეტი კი დაიჭრა. შეთანხმების შედეგად, აზერბაიჯანმა კონტროლი დაიბრუნა მთიანი ყარაბაღის მნიშვნელოვან ნაწილსა და შვიდ მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლებიც წინა ომის შემდეგ სომხეთის ძალებს ეკავათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]