weather cur horoscope tv
დეკემბერი 09, 2024

კავკაზ.რეალიი: ჩეჩნეთში ჯგუფური სექსის სამი მონაწილე მოკლეს და ფარულად დამარხეს

15:56 შაბათი, 04 ივნისი 2022

გროზნოში აპრილში გაუჩინარებული ადამიანები, რომლებიც სოციალურ ქსელში გავრცელებულ, სავარაუდოდ, ნარკოტიკების მოხმარებისა და ჯგუფური სექსის ამსახველ ვიდეოში ფიგურირებდნენ, მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლების რეგიონული გამოცემა „კავკაზ.რეალიი“ ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ჩეჩნეთის სამართალდამცავ ორგანოებში საკუთარი წყაროსგან მიიღეს ინფორმაცია, რომ გაუჩინარებული ორი მამაკაცი და ერთი ქალი გროზნოდან 60 კილომეტრის მოშორებით მდებარე სოფელ ვედენოში არიან დამარხულები.

როგორც „კავკაზ.რეალიი“ წერს, რამდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო და ვიდეო, რომელიც ორი მამაკაცისა და ორი ქალის მონაწილეობით, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებასა და ჯგუფურ სექსში მონაწილეობას ასახავდა. აპრილის შუა რიცხვებში მათი გაუჩინარების შესახებ გახდა ცნობილი. გუშინ, 3 ივნისს Telegram არხებმა დაწერეს, რომ ვიდეო მასალამ ჩეჩნეთის ხელმძღვანელობამდე მიაღწია, რის შემდეგაც სამართალდამცველებს ვიდეოზე ასახული პირების მოძებნა და დაკავება დაევალათ.

„კავკაზ.რეალიიმ“ გაარკვია, რომ სამი ადამიანი ორი კვირის წინ მოკლეს და დამარხეს. სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელმა რედაქციას ვერ მიაწოდა ზუსტი ინფორმაცია, თუ რით დაიღუპნენ ისინი, თუმცა უთხრა, რომ ისინი მოკლეს და სოფელ ვედენოს სასაფლაოზე პოლიციის თანხლებით, სასწრაფო დახმარების მანქანით გადაასვენეს. „კავკაზ.რეალიის“ ვედენოს მცხოვრებმა დაუდასტურა, რომ სასაფლაოზე ორი ახალი საფლავი გაჩნდა, თუმცა ისინი ადგილობრივების არაა.

ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში გროზნოს სამი მცხოვრების გაუჩინარების შესახებ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს, გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კი თქვეს, რომ ის სიმართლეს არ შეესაბამება.

„კავკაზ.რეალიი“ ფოტო-ვიდეო მასალაზე ასახული მეოთხე პირის – ქალის შესახებ წერს, რომ ჩეჩენმა სამართალდამცველებმა ის გაუშვეს, რადგან ეთნიკურად ჩეჩენი არ იყო.

რამზან კადიროვის რეჟიმის პირობებში, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სამართალდამცველების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობისა და მათი სიკვდილით დასჯის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

2017 წლის ზაფხულში ჩეჩნეთში 26 წლის მომღერალი ზელიმხან ბაკაევი გაუჩინარდა, რომელიც მოსკოვიდან გროზნოში დის ქორწილზე დასაწრებად იყო ჩასული. ის სავარაუდოდ, არატრადიციული სექსუალური ორენტაციის მიზეზით, წამებით მოკლეს. იმავე წლის აპრილში დამოუკიდებელ რუსულ გამოცემას, „ნოვაია გაზეტას“  ჟურნალისტური გამოძება ჰქონდა გამოქვეყნებული, სადაც ჩეჩნეთში ჰომოსექსუალურ ურთიერთობაში ეჭვმიტანილი პირების დევნაზე, მათ წამებასა და მკვლელობაზე იყო საუბარი. „ნოვაია გაზეტას“ ინფორმაციით, მოკლული იყო მცირე სამი მამაკაცი. უკვე 2021 წელს „ნოვაია გაზეტამ“ გამოაქვეყნა სპეცრაზმის ყოფილი ოფიცრის მონაყოლი, რომელიც „ტერორისტების თანამზრახველების“ გასამართლების გარეშე სიკვდილით დასჯას ეხებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]