weather cur horoscope tv
დეკემბერი 09, 2024

ჩეჩნეთში მოკლეს 19 წლის ბიჭი, რომელიც კადიროვის კრიტიკის გამო 2020 წელს გაიტაცეს და აწამეს

17:49 ოთხშაბათი, 24 აგვისტო 2022

ჩეჩნეთის ოპოზიციური მოძრაობა „ადათის“ აქტივისტი და რამზან კადიროვისადმი კრიტიკული ტელეგრამ არხის მოდერატორი, 19 წლის სალმან ტეფსურკაევი მოკლულია. ამის შესახებ რუსეთში მოქმედი უფლებადამცველი ორგანიზაციის „წამების წინააღმდეგ გუნდის“ იურისტმა, ოლგა სადოვსკაიამ და თავად „ადათმა“ განაცხადეს.

ბიჭი გატაცების შესახებ 2020 წელს სექტემბერში გახდა ცნობილი. იმავე პერიოდში სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ის ბოდიშს იხდიდა და ბოთლზე ჯდებოდა.

„არის საქმე, სადაც ჩვენ ადამიანი ვერ გადავარჩინეთ. ის მოკლეს. ეს სალმან ტეფსურკაევის საქმეა, რომელთან დაკავშირებითაც ცოტა ხნის წინ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა... ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ის დაიღუპა. ის წამებაც კი, რომელიც ჩაწერილი იყო ვიდეო კამერით, როდესაც მას ბოთლზე სვამდნენ, უკვე საკმარისია იმის სამტკიცებლად, რომ მას აწამებდნენ. ეს ადამიანი ჩვენ ვერ გადავარჩინეთ“, – ამბობს ოლგა სადოვსკაია გუშინ, 23 აგვისტოს გამოქვეყნებულ ინტერვიუში.

უფლებადამცველის ინტერვიუს შემდეგ განცხადება გაავრცელა მოძრაობა „ადათის“ ტელეგრამ არხმა „1ADAT“-მა, რომელსაც გატაცებამდე სალმან ტეფსურკაევი მოდერატორობდა. მოძრაობის ინფორმაციით, სალმანი 2020 წლის 15 სექტემბერს სასტიკად მოკლეს.

„აღარ დაგვრჩა იმედი, რომ სალმანი ცოხალია. ჩვენს მოვალეობად მიგვაჩნია არ დავმალოთ და მოვყვეთ ის ინფორმაცია, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში მოვიპოვეთ.

გატაცების შემდეგ კადიროველებმა სალმანი ძალით აიძულეს კამერის წინ ბოთლზე დამჯდარიყო, რის შემდეგაც დადგმულ ვიდეოებში გადაიღეს, თითქოს ის თავისუფლად სეირნობდა გროზნოში. ყველა ეს ვიდეო 2020 წლის 7 სექტემბერს იქნა გადაღებული. გადაღებების შემდეგ ის გროზნოდან, ახმატ კადიროვის სახელობის მეორე პოლკის ტერიტორიიდან წაიყვანეს.

სალმანი 2020 წლის 15 სექტემბერს მოკლეს, სოფელ ჯალკაში სამხედრო პოლიგონზე. ეს ადამ დელიმხანოვის [რუსეთის დუმის დეპუტატი ჩეჩნეთიდან - რედ.] საგვარეულო სოფელია. სალმანი დააბეს, ყუმბარა პირში ჩაუდეს და ააფეთქეს.

სალმანს ერთი კვირა აწამებდნენ, ამცირებდნენ და ბოლოს საზარელი ფორმით მოკლეს, მაგრამ ესეც არ იკმარეს კადიროვის საზიზღარმა დამნაშავეებმა. ცხედარი ახლობლებს გადასცეს და უთხრეს, „ძაღლივით დაემარხათ“. სალმანის ცხედარი უსახელო სამარხში დაკრძალეს“, – აცხადებს მოძრაობა „ადათი“.

მათივე თქმით, კადიროველებს სალმან ტეფსურკაევის საჯაროდ დამცირებით მოძრაობის წევრების შეშინება უნდოდათ: „მაგრამ ამ საქციელით შეგვაკავშირეს და კიდევ ერთხელ აჩვენეს თავიანთი ნამდვილი არსი. კადიროვმა დაამცირა საკუთარი თავი, თავისი ამორალური ბანდა და არა ჩეჩენი ხალხი. ჩვენთვის სალმანი იყო და რჩება ძმად, რომელსაც სურდა ჩვენი სამშობლო განთავისუფლებულიყო ალაჰისა და ჩეჩენი ხალხის ამ ბოროტი მტრებისგან“.

„წამების წინააღმდეგ გუნდის“ ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სალმან ტეფსურკაევის საქმეზე გადაწყვეტილება 2021 წლის ოქტომბერში გამოაცხადა. სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ დაარღვია ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლები – „წამების აკრძალვა“ და „თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება“. 

„ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ აღიარა, რომ სალმანი იყო სახელმწიფო ორგანოების თანამშრომლების, ანუ ჩეჩნეთის ძალოვნების მიერ გატაცებისა და წამების მსხვერპლი. მას უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, დაექვემდებარა სასტიკ და ღირსების შემლახველ მოპყრობას, რაც გადაღებულია ვიდეოზე. სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფომ სალმანი არ დაიცვა“, – ამბობდა ოლგა სადოვსკაია გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.

კითხვაზე, რატომ არ დაადგინა სასამართლომ კონვენციის მე-2 მუხლის, „სიცოცხლის უფლების“ დარღვევა, იურისტმა განმარტა, რომ საჩივრის შეტანის მომენტში მხოლოდ იმის დამტკიცება შეეძლოთ, რომ სალმანი გაიტაცეს და აწამეს: „ჯერ კიდევ გვქონდა იმედი, რომ ის ცოცხალი იყო და ჩვენი ძალისხმევით მის გადარჩენას შევძლებდით. ევროსასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომლებიც საჩივრის შეტანის დროს მოხდა“.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, სალმან ტეფსურკაევი 2020 წლის 6 სექტემბერს ჩეჩნეთის მეზობელი კრასნოდარის მხარიდან, გელენჯიკიდან გაიტაცეს. თვითმხილველები ამბობდნენ, რომ გამტაცებლებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მოწმობები ჰქონდათ. ერთი დღის განმავლობაში ტეფსურკაევის ადგილსამყოფელი უცნობი იყო, თუმცა 7 სექტემბერს მისი ტელეფონი ჩაირთო და ნათესავებმა გეოლოკაციის მონაცემებით გაარკვიეს, რომ ის გროზნოს პოლიციაში იმყოფებოდა. იმავე დღეს გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, სადაც ახალგაზრდის წამებაა ასახული. კრასნოდარის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე სალმანის გატაცებიდან მხოლოდ ორი თვის შემდეგ, ნოემბერში აღძრა, თუმცა 2021 წლის მაისში ჩეჩნეთის საგამოძიებო კომიტეტის გადასცა. გამოძიების შედეგები ცნობილი არ არის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]