weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ევროპარლამენტი ჩეჩნეთში გეების დევნის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვს

10:36 პარასკევი, 19 მაისი 2017

ევროპარლამენტი ევროკომისიას, ევროკავშირის ქვეყნებსა და ევროსაბჭოს მოუწოდებს ითანამშრომლონ რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებთან ჩეჩნეთში ლგბტ თემის წარმომადგენელთა უფლებების შესაძლო დარღვევის გამოსაძიებლად. ევროპარლამენტის განცხადებით ჩეჩნეთში ხელისუფლებამ გეების დევნა უნდა შეწყვიტოს და გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყოს.

„პარლამენტარები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ ჩეჩნეთში გეი მამაკაცების დაკავებისა და წამების შესახებ გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით და გმობენ ჩეჩნეთის ხელისუფლების განცხადებას, რომ მათ ქვეყანაში ჰომოსექსუალები არ არსებობენ და ლგბტ ხალხის მიმართ ძალადობა წახალისებული არ არის“, - ნათქვამია ევროპარლამენტის განცხადებაში.

დეპუტატები ჩეჩნეთის ხელისუფლებას მოუწოდებენ შეწყვიტონ დევნის კამპანია და უკანონოდ დაკავებული ადამიანები გაათავისუფლონ.

ევროპარლამენტარები რუსეთისა და ჩეჩნეთის ხელისუფლებას სთხოვენ შეასრულონ საერთაშორისო ვალდებულებები, დაიცვან კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებათა სტანდარტები რისკის წინაშე მდგარი თითოეული ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

„რუსეთსა და მის ხელისუფლებას აკისრია საბოლოო პასუხისმგებლობა ამ ფაქტების გამოძიებასა და დამნაშავეთა მართლმსაჯულების წინაშე წარდგენაზე. მოვუწოდებთ დაუყოვნებელი, დამოუკიდებელი, ობიექტური და სრულყოფილი გამოძიებისკენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

1-ელ აპრილს დამოუკიდებელ რუსულ გამოცემაში „ნოვაია გაზეტა“ გამოქყვეყნდა სტატია, სადაც აღნიშნული იყო, რომ ჩეჩნეთში ბოლო თვეების განმავლობაში დააკავეს ასზე მეტი ადამიანი, რომლებიც ჰომოსექსუალურ ურთიერთობებში იყვნენ ეჭვმიტანილები. გამოცემის ინფორმაციით, მოკლულია სულ მცირე სამი მამაკაცი.

ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რესპუბლიკაში არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების დევნა და მკვლელობა არ დადასტურდა. მათი განმარტებით, გეების დევნის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ჩეჩნეთის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

მედიაში გამოქვეყნებულ ცნობებს უარყოფს პრეზიდენტი რამზან კადიროვიც, რომელიც აცხადებს, რომ ჩეჩნეთში არატრადიციული ორიენტაციის ადამიანები არ არიან.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]